ამ გვერდის ამობედვა

"სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია"

რა ქნას საქართველომ, შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანამ გაცილებით სუსტი ჯანდაცვით, ვიდრე აქვს სხვა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს? ამის მიუხედავად, ის ახერხებს უკეთესი შედეგების დადებას, ნაკლები დანაკარგებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

 

ცერცვაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას მინიმალური დანაკარგი ჰქონოდა.

 

„თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს დისკომფორტი, არ იყოს ეკონომიკური რეცესია, არ იყოს სიტუაციის გაუარესება და არ იყოს სიკვდილიანობა. მთელ მსოფლიოს ეს უნდა. ამიტომ არის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები მობილიზებული, ამიტომ შეიქმნა უმოკლეს დროში ვაქცინა, ამიტომ იქმნება მედიკამენტები, მაგრამ ობიექტური რეალობა ესაა და რა ვქნათ?“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისივე განცხადებით, სხვა ქვეყნებში შეზღუდვები არათუ მცირდება, პირიქით, მკაცრდება.

 

„ერთი მხრივ, სავსებით გასაგებია ადამიანების წუხილი, მოიხსნას ყველა შეზღუდვა იმიტომ, რომ ისინი დაიღალნენ, ეკონომიკა ჩაკეტილია, ეს აისახა თითოეული ადამიანის ყოფით პირობებზე, შეუმცირდათ შემოსავალი და მათი შინაგანი პროტესტი ადამიანურად გასაგებია, მაგრამ არის მეორე, ობიექტური რეალობა. ეს ხომ არ არის ვინმეს ბრალი? ყველაზე ნაკლებად ეს არის მთავრობის „კაპრიზი“. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანდემიას საქართველო, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს. ტყუილად გგონიათ თქვენ, რომ სადმე, რომელიმე ქვეყანაში ან ქალაქში, უფრო ნაკლები შეზღუდვებია, ვიდრე საქართველოში. გაცილებით მეტი შეზღუდვებია და იქ შეზღუდვები არათუ იხსნება, მკაცრდება თანდათან. მთლიანად ჩაიკეტა ისრაელი, ინგლისში საბუთის გარეშე უფლება არ აქვთ სახლიდან გამოვიდნენ და შეუძლიათ წავიდნენ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში ან მარკეტში. იგივე მდგომარეობაა ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. ეს ობიექტური რეალობაა. შეიძლება სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია. მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ჩვენთან ადამიანები შეწუხდნენ. კი ბატონო, მობეზრდა ხალხს შედარება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ექიმებმა? მათ შედარება მობეზრდათ, მაგრამ ჩვენ ეს შედარება იმიტომ მოგვყავს, რომ ადამიანებმა გაგვიგონ, რომ ეს რაც ქვეყანაში ხდება, არ არის ვინმეს მიზეზით. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ", - განაცხადა ცერცვაძემ.

წაკითხვა 443 ჯერ