"ვაქცინაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება" - ზურაბ გურული

"შესაძლოა კოვიდთან ბრძოლამაც ოქროს კარიბჭის ღებვის პროცესის სახე მიიღოს", - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, სან ფრანცისკოს ცნობილი ხიდი, ოქროს კარიბჭე, იმდენად მასიურია, რომ სანამ მისი შეღებვის პროცესი დასრულდება, უკვე დროა თავიდან დაიწყოს გადაღებვა. ამის გამო ეს პროცესი პერმანენტულად გრძელდება და მღებავები არასოდეს ჩერდებიან.

 

გურული წერს, რომ ჟურნალ „ლანცეტში“, ბრაზილიის ქალაქ მანაუსში პანდემიის ახალი ტალღის აფეთქების შესახებ 27 იანვარს სტატა გამოქვეყნდა. ამ ქალაქში 2020 წლის ოქტომბრისათვის მოსახლეობის 76 %-ს უკვე გადატანილი ჰქონდა კოვიდი. ეს მაჩვენებელი აღემატება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისათვის საჭირო პროცენტსაც კი. მიუხედავად ამისა, 2021 -ის იანვარში მანაუსში ისევ მკვეთრად იმატა კლინიკებში ინფიცირებულთა მიმართვების რიცხვმა.

 

"საინტერესო ალბათ ბუნებრივი იმუნიტეტის რეალური ხანგრძლივობის დადგენა იქნება. ვინაიდან იმუნოგლობულინების გარდა T და B ლიმფოციტების მახსოვრობაცაა ჩართული კოვიდის საწინააღმდეგო იმუნურ მეხსიერებაში, ალბათ ლოგიკური იქნება სპეკულირება, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი საკმაოდ ხანგრძლივია და უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მითუმეტეს, რომ რეინფექციის შემთხვევების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით მიზერულია მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში; მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მთელი წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ ჩქარობენ კოვიდგადატანილთა აცრას. გასაგებია, რომ ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი წესით უფრო სოლიდური უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვაქცინის ასეთი დეფიციტია მთელ მსოფლიოში, რატომ უნდა იცრებოდნენ ერთნაირი დაჟინებით ინფექციაგადატანილებიც და „კოვიდ-ქალწულებიც“. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი CDC-იც ჯერჯერობით ბუნდოვნად აღნიშნავს კოვიდგადატანილებისათვის ვაქცინის სარგებლიანობის ეფექტის მნიშვნელობას.

 

რამდენად მდგრადია ბუნებრივი იმუნიტეტი ვირუსის ახალი მუტაციების მიმართ?

 

ამაზე პასუხს ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ გავიგებთ. ლოგიკის მიხედვით ვირუსი მუტაციას სწორედ იმიტომ განიცდის, რომ ასეთი მდგრადობა ვერ შენარჩუნდეს. შესაბამისად, ვერც ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი იქნება საკმარისი ყველა მუტანტი ვერსიის მიმართ. ცხადია ამაზე პასუხი ახალი ვაქცინის შექმნა იქნება და ყველაზე სწრაფად დიდი ალბათობით ამას პფაიზერი და მოდერნა მოახერხებენ თავიანთი სუპერ-ტექნოლოგიით და რნმ-ვაქცინებით.

 

საქართველოს მსგავსი პატარა, ღარიბი ქვეყანა, რომელიც ვაქცინების საკმარის რაოდენობას კარგა ხანი ვერ მიიღებს, ალბათ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს კოვიდგადატანილთა მეტნაკლებად ზუსტი სტატისტიკის შექმნას, რადგან ასეთი სპექტრის აცრა შესაძლოა უფრო დაგვიანებით ჩატარდეს, ვიდრე „კოვიდ-ქალწულების“, რომლებიც ბევრად უფრო მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან.

 

და ბოლოს, როგორც ჩანს, ვაქცინაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება, ზუსტად ისე, როგორც „ოქროს კარიბჭის“ ღებვის პროცესი", - ნათქვამია ზურაბ გურულის Facebook პოსტში. 

წაკითხვა 146 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.