April 18, 2024

სამი კვირა ახალი შეზღუდვებით და კოვიდ-პასპორტები სექტემბრიდან

“შაბათს, 14 აგვისტოს საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომელთაგანაც საზოგადოების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა იწვევს. გარდა ამისა, შესაძლოა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებებში და მათ შორის კვების ობიექტებში, მოქალაქეებს მხოლოდ ე.წ. კოვიდ-პასპორტებით, ან ტესტის უარყოფითი პასუხით შეუშვებენ. სპეციალისტები ამ შეზღუდვების შედეგს დაახლოებით ორ კვირაში ელოდებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამი კვირა ახალი შეზღუდვებით და კოვიდ-პასპორტები სექტემბრიდან.

 

"ამირან გამყრელიძის შეფასებით, ვაქცინის არსებობის პირობებში მკაცრი ლოკდაუნის შემოღება აღარ განიხილება და ეს შეზღუდვები წარმოადგენს ე.წ. ბალანსირებულ მიდგომას. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას, გამყრელიძე აცხადებს, რომ ეს მოსახლეობის ვაქცინაციას ვერ შეაფერხებს, რადგანაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სპეციალური ავტობუსების გამოყოფა, რომელიც აცრის გაკეთების მსურველ მოქალაქეებს მოემსახურებიან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს; ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას; ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"როგორც, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე აცხადებს, მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი. დაწესებულ შეზღუდვებზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს იძლევა იმის საიმედო საფუძველს, რომ მოხდება აღმავალი ინფექციის გარდატეხა. „მნიშვნელოვანია ასევე რეგულაციების აღსრულების კომპონენტის გამკაცრება, შრომითი ინსპექციისა და შსს-ის მხრიდან დაწყებულია ინტენსიური მონიტორინგი, სადაც განხორციელდა როგორც დაჯარიმებები, ასევე ობიექტების დალუქვა. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან დადებითი დინამიკა ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მედიასთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამძიმებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულების მიღმა არ დარჩეს. „მოგეხსენებათ, რომ შეჩერებულია დღეს ყოველგვარი გეგმური სამედიცინო დახმარება, გეგმური ოპერაციები, საავადმყოფოები მუშაობენ ძირითადად ურგენტზე და ამიტომ, მაქსიმალურად ხდება მობილიზება საწოლფონდისა და ამაზე სამინისტრო მუშაობს. ყოველდღიურად როდესაც გვაქვს ხუთი ათასი შემთხვევა, იქიდან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5, 10, შეიძლება 12%-ს მაინც. მართალია, საავადმყოფოებიდან ავადმყოფთა გაწერის ინტენსიურობა მეტია და მათი გადაყვანა შემდეგ სასტუმროებში, თერაპიულ საწოლებზე, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. „განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლიდან, სადაც შედარებით ნაკლები პერსონალით შეიძლება უფრო დიდი რაოდენობა ადამიანების მომსახურეობა; ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამედიცინო სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა. ამიტომ, ყველა ვერსია, მათ შორის უარესი ვერსიებიც განიხილება", - განაცხადა გამყრელიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების გამო „მკაცრი ლოკდაუნის" საჭიროება აღარაა. „მკაცრი ლოკდაუნები მართვისთვის უკვე აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა და ვაქცინაცია, განიხილება ე.წ. ბალანსირებული მიდგომა. დღეს ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში და თურქეთში იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ ქვეყანა არ ჩაუკეტიათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საკოორდინაციო საბჭოს ხუთშაბათის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. აქვე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ კოვიდ-პასპორტის გაცემის წესებს შეეხება. ახალი წესების მიხედვით, დოკუმენტაციის გაცემა შემდეგი წესით წარიმართება: „სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - იუსტიციის სახლი უფლებამოსილნი არიან, ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერირონ/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტურონ ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - იუსტიციის სახლი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული ფორმატით", - ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში”, - დასძენს გამოცემა.

 

"აღნიშნული შეზღუდვების სარგებლიანობასა და მინუსებზე „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში შეზღუდვათა დაწესება მისაღებია და ჯანდაცვის სრული გადატვირთვისგან დასაცავად სხვა გზა არ რჩება. „მაისის თვეში, შეზღუდვების მოხსნას დაემთხვა რეგიონში კოვიდის „დელტა" შტამის გავრცელების პროცესი, რამაც მწვავე შედეგები გამოიწვია. „დღეს თუ გვინდა, რომ არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა, უნდა დავიცვათ რეგულაციები და ხელისუფლების მიერაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პროცესები, რათა შევძლოთ პანდემიის გავრცელების დარეგულირება", - განაცხადა გოგინავამ. მან ასევე აღნიშნა, თუ რას გამოიწვევს, კოვიდ პასპორტების მოთხოვნა და აუცრელებისთვის რეგულაციების გამკაცრება. „ზოგადად ვთვლი, რომ კანონმდებლობის დონეზე ადამიანის უფლების შეზღუდვა სწორი არ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ მოსახლეობის სხვა გზებით დარწმუნება აცრის სარგებლიანობაში. ეს ფაქტი გამოიწვევს უკმაყოფილებას, მაგრამ უნდა შევძლოთ იმის გაცნობიერებაც, რომ ინფექციით უამრავი ადამიანი იღუპება, გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები და გადაღლილია სამედიცინო პერსონალი. თუ ეს ვითარება გაგრძელდა, უბრალოდ ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდგებით. „ჩვენ ამ შეზღუდვების შედეგს ვიხილავთ რამდენიმე კვირაში. მე არ ვიცი წინასწარ რამდენად ეფექტური იქნება ეს პროცესი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საგრძნობლად დაეხმარება ეპიდვითარების გამწვავების პროცესის შენელებას", - განაცხადა გოგინავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 327 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.