"C ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად"

C ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.


„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გახდა უვარგისი. ამას მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები და გამომდინარე იქიდან, რომ მე იმ პერიოდში ვმსახურობდი ჯანდაცვის მინისტრად, ვალდებულად ჩავთვალე თავი, გამეკეთებინა განმარტებები, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა.
დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით - არა, რადგან, განსხვავებით 2015-16 წლებისაგან, როდესაც პაციენტების მხრიდან მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად ძებნა - პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად.

მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით - არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ შემოსული გვქონდა ახალი პარტია ამ მედიკამენტის, რომელიც იყო ვადიანი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნული პროგრამის ფინანსურ ნაწილზეც ისაუბრა.

 

„რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს - ყველა დამეთანხმება, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში", ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის - თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


დავით სერგეენკოს განცხადებით, პროგრამის მიმდინარეობისას საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაცია იყო და 2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით საქართველომ, როგორც ქვეყანამ ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება მიიღო.


„რაც შეეხება იმას, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ პარტნიორებმა და თუ იცოდნენ, რა რეაქცია მოყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის გაუვარგისებას - რა თქმა უნდა, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი - მედიკამენტი უფასოდ აქვს მხოლოდ საქართველოს.
რა რეაქცია მოჰყვა მათგან ამას. ამ მოვლენებიდან 1 წლის თავზე, 2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით საქართველომ, როგორც ქვეყანამ მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

პრემიერის მრჩეველმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის მართვის ნაწილზე და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთონ.


„2018 წელს მოგეხსენებათ, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუ 2015 წელს მხოლოდ 5 ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხოვნას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი პაციენტის მიღება. 2018-ში იყო 23 ათასი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით არ ერთვებოდა მკურნალობაში. დღეის მდგომარეობით ასეთი არის 30 ათასი ადამიანი. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დავიცვა ექიმის კოდექსი, რომლიდანაც ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი შენ ვერ აუხსენი რაღაც. ამ შემთხვევაშიც ლოგიკა არის იგივე. მე ამ ადამიანებს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ კიდევ ერთხელ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული.

 

„გაჟღერდა ინფორმაცია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა და ასე შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკურპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი - მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

წაკითხვა 104 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.