საქართველო - კუნძული კორონავირუსის რუკაზე

ავსტრიის „საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის“ - Österreichischer Rundfunk (ORF) - ვებ-გვერდზე 11 ივლისს გამოქვეყნდა მასალა სათაურით „საქართველო - კუნძული კორონავირუსის რუკაზე“, რომელშიც საუბარია საქართველოზე, როგორც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ წარმატებულ ქვეყნის შესახებ.

 

„კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში მიღებული ზომები თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირია, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთ სახელმწიფოში, სხვებთან შედარებით, მთავრობის გადაწყვეტილებები უფრო უკეთესად რეალიზდება. ასეთი ქვეყნის მაგალითია საქართველო - ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებით გარშემორტყმული სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფო ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით გაითქვა სახელი.

 

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში.

 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომლებმაც ​ქვეყნის მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშეს ე.წ. სამმა მუშკეტერმა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

 

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას. მათი დაღვევის შემთხვევაში კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს ჯარიმები ეკისრებოდა. „მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა“, - ხაზგასმულია მასალაში.

 

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციასაც: მასში აღნიშნულია, რომ ეკლესია ღვთისმსახურებას კარანტინის დროსაც აგრძელებდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმის საკითხს, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღების აღდგენას პირველი ივლისიდან გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა გადაიწია, რადგან ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ttps://orf.at/stories/3172650/?fbclid=IwAR1zPMtrP169jCaMpKsA8NkRmru96fl7U8UrODPllm8uGTyrF26LjviJFhI

წაკითხვა 75 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.