April 26, 2024

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო:,,ბაღებში არსებული საკვები არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ელემენტებს''

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბაღებში არსებული საკვები პროდუქტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრობიოლოგიურ ელემენტებს. ამის შეხაებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. 
 
,, საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევა ადასტურებს, რომ აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ ყოფილა ბაგა-ბაღებში მიღებული საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული. საკვების პარალელურად, ლაბორატორიულად შემოწმდა ბაღების კვების ბლოკიდან აღებული წყალი, კედლის სინჯები და საკვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალი.
15 ოქტომბრის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტების შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასულ კვირას მიაწოდა. ინფორმაციის თანახმად, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა იდენტური სიმპტომები - გულისრევა, დიარეა და მაღალი ტემპერატურა. დიაგნოზი ერთეულ შემთხვევებში იყო შიგელა ანუ დიზენტერია. 
აღნიშნულ ინფორმაციას, კვებითი ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და მიზეზების დადგენისთვის განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება. 
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბავშვო ბაღებში შესული პროდუქტის ვარგისიანობა დასტურდება მომმარაგებელი კომპანიის მიერ ყოველკვარტალურად წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატებითა და თვეში ერთხელ წარმოდგენილი მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტებით. 
აღსანიშნავია, რომ მომწოდებელ კომპანიას ინდივიდუალური ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული თბილისში მოქმედ 180 ბაგა-ბაღთან და თითოეული მათგანი პროდუქტს ამოწმებს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად, დაწესებულებაში მისი შეტანის მომენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის ბაღებში ჰიგიენისა დაცვა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამასთან, მუდმივი ხასიათი აქვს მონიტორინგს, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტები და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ''-წერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა 929 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.