ქუთაისში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის'' და ,,მაგთის'' ერთობლივი ორგანიზებით, ტურნე ,,პიანინოს'' ფარგლებში მოეწყო. მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი ალადაშვილმა, ტურნეს ფარგლებში, რიგით 35-ე კონცერტი გამართა. მისი თქმით, ამ ფორმით სურდა, რომ  მთელი საქართველო მოეცვა.

 

,,ტურნე ჩემი ახირება იყო. მსურდა მაქსიმალურად მომეცვა მთელი საქართველო და მოვიფიქრეთ, რომ სადაც როიალი არ იქნებოდა, ჩვენ მიგვეტანა. დღევანდელი დღე განსაკუთრებული და ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო: 4 კონცერტი, დატვირთული გრაფიკი, მაგრამ ყველაფერი მოვასწარით. როგორც ჩანს, ნელ-ნელა პუნქტუალიზმიც შევითვისეთ ქართველებმა.  დიდი ემოციით დაგვხვდენ. ხალხის სიყვარული არტისტისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. როცა მიდიხარ ისეთ ადგილას, სადაც ჯერ არ ყოფილხარ, არ იცი რა გელოდება და ამ დროს ადამიანები დიდი სიყვარულით გხვდებიან, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს'' - აღნიშნა დავით ალადაშვილმა.

 

კონცერტს არაერთი მსმენელი დაესწრო. მაყურებლებს შორის ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების თანამშრომლებიც იყვნენ. განყოფილების უფროსი სპეციალისტის, თამთა თურმანიძის თქმით, აღნიშნულ საღამოზე ერთმანეთს მაღალი პროფესიონალიზმი და მისი მიწოდების საუკეთესო ფორმა ერთვოდა.

,,ძალიან კარგია, რომ ასეთი მოძრავი პლატფორმა გადადის ქალაქიდან ქალაქში და მსმენელს ეძლევა საშუალება უსმინოს საუკეთესოდ შესრულებულ კლასიკურ მუსიკას. დღეს ის დროა, როდესაც პოპულარიზაცია სჭირდება ბეთჰოვენსაც, შოპენსაც, შუმანსაც და დავით ალადაშვილი იმდენად საინტერესოდ გადმოსცემს ამ ყველაფერს, რომ იგი არამარტო საუკეთესო პიანისტად, არამედ არაჩვეულებრივ შოუმენადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მას შეუძლია უამრავ ადამიანს აღუძრას ინტერესი კლასიკური მუსიკისადმი. ჩვენ როდესაც მივიღეთ ეს შემოთავაზება, მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ პროექტს და ამგვარად, ამ ღონისძიების მოწყობის თანამონაწილე, გარკვეულწილად,  ქუთაისის მერიაცაა''- განაცხადა თურმანიძემ firtsnews.ge-სთან საუბარში.

ტურნე ,,პიანინო'' 27 აგვისტოს დაიწყო და 9 სექტემბერს მესტიაში გამართული კონცერტით დასრულდება.  მისი მიზანი მოძრავი პლატფორმის საშუალებით კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

წაკითხვა 477 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 05 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.