ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია  ფალიაშვილის  მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა.

ქართული კლასიკური მუსიკის  ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა  ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება.

 

მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა  სააგენტომ უზრუნველყო. ქუთაისიდან თბილისში დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემდეგ, სამუზეუმო ექსპონატების აღდგენა განახორციელა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა,  რომელიც საქართველოში ძველი  სამუსიკო  საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული  რესტავრატორია.

 

აქტიურ ფაზაშია ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის მუზეუმოგრაფიის კონცეფციის შემუშავების პროცესიც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმის სპეციალისტები ამზადებენ. კონცეფციამ სამუზეუმო სივრცის საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გარემოდ ქცევა  უნდა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ  ქუთაისში კლასიკური მუსიკის  წარმოჩენასა და პოპულარიზაციას  შეუწყობს ხელს.  ამავე დოკუმენტის  საფუძველზე  სააგენტოს მიერ მომზადდება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტიც.  სააგენტოს ორგანიზებითვე, ახლო მომავალში ფალიშვილის ქუთაისის სახლ-მუზეუმსა და  შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება  გაფორმდება, რაც სამომავლოდ ქართველი კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად განაპირობებს.   

 

ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარებისთვის  ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელშეწყობის უზრუნველყოფის ვალდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე  1 წელია ნებაყოფლობით აქვს აღებული.   

 

სააგენტოს გენერალური დირექტორის  ინიციატივით, მიმდინარე წელსვე  ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიული შენობა ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იქნება წარდგენილი.  სათანადო დოკუმენტაციას უწყების კვლევის სამსახური უკვე ამზადებს. 

წაკითხვა 341 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.