ამ გვერდის ამობედვა

"ფაშისტური ელფერის მებრძოლი ნაციონალისტი"- კონსტანტინე გამსახურდიას აკრძალული რომანი – “ევროპა გალიაში”

“მთვარის მოტაცების” დასრულების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ ახალი რომანის წერა დაიწყო.

ეს იყო “ევროპა გალიაში”, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ევროპის სინამდვილე, ბრძოლა რესპუბლიკური ესპანეთისათვის, რაც მაშინ უაღრესად მოდური თემა იყო.

 

“ლიტერატურული საქართველო” უკვე აქვეყნებდა ცალკეულ თავებს. ლავრენტი ბერიას ეს რომანი არ მოსწონდა, მაგრამ მწერლის ჩანაფიქრს მიესალმა. მწერალი პირობას აძლევდა ხელისუფლებას, რომ “მთვარის მოტაცების” ნაკლს ამ რომანში გამოასწორებდა. მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: 1937 წლის 3 მარტს ცეკას პლენუმზე სტალინმა სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა – განსხვავებული აზრის პირებთან კამათი დასრულდა, მათი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო.

15 მაისს, ქართველი ბოლშევიკების მე-10 ყრილობაზე, ბერიამ იგივე თეზა გაიმეორა და ქართული მასალებით, ქართული გვარ-სახელებით დააკონკრეტა, თავს დაესხა “ტროცკისტებს”, “ცისფერყანწლებს”, “ლეფელებს”, “აკადემიური ჯგუფის” წევრებს, “არიფიონს”…

 

სხვებთან ერთად მწვავედ გააკრიტიკა კ. გამსახურდია, როგორც ფაშისტური ელფერის მებრძოლი ნაციონალისტი, თუმცა მწერლის დიდი ნიჭიც აღიარა და თქვა, საჭიროა მისი ხალხის სამსახურში ჩაყენებაო. ამის შემდეგ დაიწყო კ. გამსახურდიას სასტიკი კრიტიკა. მწერალი თავს იცავდა, ხშირად სიტყვით გამოდიოდა, სტალინსა და ბერიას განადიდებდა, მიმართავდა ცეკას, მაგრამ ამაოდ. შინსახკომში უკვე წამების შედეგად ათქმევინეს ლიდა გასვიანს, ბუდუ მდივანს, ნიკოლო მიწიშვილს, დავით წერეთელს, არჩილ მიქაძეს, დავით ლომინაძეს, გერმანე მგალობლიშვილს, ტიციან ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს და სხვა პატიმრებს, რომ კონსტანტინე იზიარებდა ფაშისტურ იდეებს. პარალელურად პრესასა და მწერალთა კავშირში გაძლიერდა მწერლის დევნა. ალბათ, აგენტურის მონაცემებიც უხვად ექნებოდა ხელისუფლებას, რომელთაგან ზოგის ვინაობა ცნობილია. დახვრიტეს მწერლის ორი ძმა – ალექსანდრე და ვიქტორი, პირველი მეუღლის – რებეკა ვაშაძის ძმა სიმონი.

 

თითქოს გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა, რადგან უკვე დაპატიმრებული იყო მრავალი პარტიული მუშაკი თუ ხელოვანი, ვერავინ გაეგო, ვინ იყო დამნაშავე, ან – ვის რის გამო იჭერდნენ. ასეთ დროს ბერიამ გამოიძახა კონსტანტინე და დაავალა დაეწერა რომანი სტალინზე. ამ მნიშვნელოვან ფაქტს, რაც მწერლის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავდა, თუ რა წყალქვეშა მდინარება უძღოდა, ჩვენთვის უცნობია. შეხვედრას ესწრებოდა ილია თავაძე, შემდეგში ცეკას მდივანი. ეს იყო მაშველი რგოლი, რომელიც განწირულ მწერალს ხელისუფლებამ გადმოუგდო. კონსტანტინეს უნდა აესახა ბელადის ბავშვობის წლები და რევოლუციური წარსული, კავკასიური პერიოდი ტურუხანის მხარეში გადასახლებამდე, ე.ი. 1913 წლამდე. ამ დროს უკვე დაწერილია ბერიას მონოგრაფია სტალინის რევოლუციურ ბრძოლაზე (რისთვისაც ლენინის პრემია მიენიჭა), შალვა დადიანის პიესა “ნაპერწკლიდამ”, გიორგი ლეონიძის “ბავშვობა და ყრმობა”, ალიო მირცხულავას “სამშობლო ბელადისა” და ა.შ. ე.ი. მკვიდრდება სტალინის პიროვნების კულტი, სტალინის მესიანისტური სახე.

 

ევროპა გალიაში

 

ბელადს განსაკუთრებით აინტერესებდა თავის მოღვაწეობის კავკასიური პერიოდის გაშუქება, თავისი როლის წარმოჩენა. ბერიამაც ამიტომ მიაქცია ყურადღება ამ საკითხს, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა მის ავტორიტეტს ბელადის თვალში. მაგრამ ამ თემაზე მუშაობის ნებას ყველას როდი აძლევდნენ. აქაც ფილტრაციის მკაცრი პრინციპი მოქმედებდა. ბერია კარგად იცნობდა კონსტანტინეს, მის ბიოგრაფიას, “მთვარის მოტაცებას” და, მიუხედავად მწერლის სახელის საყოველთაო ანათემიისა, სწორედ მას მისცა საპასუხისმგებლო დავალება. წარმოიდგინეთ – როგორი საფრთხილო იყო სტალინის ცხოვრების ასახვა და ისიც 1937-1938 წლებში! ცხადია, ბერია მხოლოდ თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. იგი უეჭველად შეთანხმებული იქნებოდა თავად სტალინთან, რადგან რესპუბლიკის ხელმძღვანელს ყველა არხით მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციები მოსდიოდა კონსტანტინეზე. ქვეყანას კი მაშინ ფაქტიურად მართავდა არა ცეკა, არამედ – ჩეკა. ბერია რისკზე ვერ წავიდოდა, მით უმეტეს, რომ მალე თვითონ გახდა რეპრესიების ობიექტი და მხოლოდ სწრაფმა მანევრირებამ იხსნა დაღუპვისაგან.

 

კონსტანტინე “მთვარის მოტაცების” ავტორი იყო და ბერია ვარაუდობდა, რომ ეს ახალი წიგნიც წარმატებული იქნებოდა. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავდა ანტისაბჭოთა მწერლის ბოლშევიკების სამსახურში ჩაყენებას, მეორე მხრივ – მწერლის ოფიციალურ აღიარებას, მის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ – შემოქმედებისათვის საჭირო პირობების შექმნასაც.

კონსტანტინემ მიიღო ხელისუფლების წინადადება, თუმცა ამბობდა, ასეთ დიდ პიროვნებაზე როგორ შევძლებ შესაფერი წიგნის დაწერასო, მაგრამ იყო რამდენიმე ფაქტორი, რაც გაუადვილებდა მუშაობას. როგორც მოგეხსენებათ, კონსტანტინე ფრ. ნიცშეს სამყაროდან მოდიოდა. მას მუდამ აინტერესებდა დიდი, განსაკუთრებული, ზეციური ძალისა და უნარის პიროვნებები, რომელთაგან განსაკუთრებით ხიბლავდა რამდენიმე სახელი – ნაპოლეონი და გოეთე. ახლა საშუალება ეძლეოდა, კიდევ ერთი დიდი პიროვნების ცხოვრება აესახა, მისი თვალით დაენახა ეროვნული პრობლემატიკა. გარდა იმისა, რომ მწერალი უმწეო მდგომარეობაში იყო, აქ კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებდა: სტალინი ცხადდებოდა დიდ რევოლუციონერად, ჩაგრულთა მამად, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა, ხოლო მის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე, სისასტიკესა და ტირანიაზე არც საზოგადოებამ და არც კონსტანტინემ ჯერ არაფერი იცოდა.

 

კონსტანტინეს თვალში ბელადი წარმოდგა ნაციონალურ სტიქიონად, რომელმაც დაამხო რომანოვების რუსეთი, როგორც სავარსამიძემ სკანსკი – ჩრდილოეთის ტახტზე მჯდომარე.

 

31 ივლისს “ლიტერატურული საქართველო” ბეჭდავს ბესო ჟღენტის წერილს – “კ. გამსახურდიას შემოქმედებითი გზა”. კრიტიკოსი უარყოფითად აფასებს მწერლის ძველ ნაწერებს, მაგრამ იწონებს “მთვარის მოტაცებას”. ცხადია, ბესო ჟღენტი ამ სტატიას თავისი ინიციატივით არ დაწერდა, რომც დაეწერა – არავინ დაბეჭდავდა.

 

ამის შემდეგ მწერალმა თავი დაანება რომანს “ევროპა გალიაში”. ეს რომანი დაუმთავრებელი დარჩა. თავი მიანება თანამედროვეობას და თუ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, მთავარი თანამედროვეობაა, ისტორიულ მასალაზე მუშაობა ნაკლებად საინტერესო – ახალმა სიტუაციამ სწორედ ისტორიაში გადაიყვანა. აქ უფრო დაზღვეული იქნებოდა იდეოლოგიური გადაცდომებისაგან და ნაციონალურ განწყობილებასაც ბოლშევიკური ეპოქისათვის მისაღები კონტექსტი ექნებოდა. ბელადს ორი წლის შემდეგ უსრულდებოდა 60 წლისთავი და წიგნი ამ დროისათვის გამოცემული უნდა ყოფილიყო. კონსტანტინემ ისარგებლა ხელისუფლების კეთილგანწყობით და ბელადის თემაზე როდი დაიწყო მუშაობა, არამედ – ჯერ დაწერა “ხოგაის მინდია“, ხოლო 1938 წლის შემოდგომასა და 1939 წლის გაზაფხულზე – “დიდოსტატის მარჯვენა“. შეიძლება ეგონა, რომ ხელისუფლება აღარ მოსთხოვდა პირობის განაღდებას. ბერია ხომ აღარ იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ასე არ მოხდა და მწერალმა სწრაფად შეთხზა ტრილოგია “ბელადის” პირველი წიგნი, თუმცა მასალებს ადრევე კრებდა და არჩევდა ხელისუფლების დამხარებით. ასევე ადრე ჰქონდა მოფიქრებული რომანის კონსტრუქცია, რასაც გაცნობლი იყვნენ სხვადასხვა ინსტანციაში. კონსტანტინეს კრიტიკა შენელდა. მაგრამ არ შეწყვეტილა. არც უნდობლობა აღმოფხვრილა.

 

ერთი მხრივ – დაიბეჭდა დიმიტრი ბენაშვილისა და აკაკი გაწერელიას ვრცელი, მხარდამჭერი, ობიექტური წერილები, მეორე მხრივ – 1938 წლის 2 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა სერგო გოგლიძემ ეჟოვსა და ბერიას გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი #47,289. კომისარი ითხოვდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა, მათ შორის კონსტანტინეს, დაპატიმრების სანქციას. ბერიამ ამ ბარათს მსვლელობა არ მისცა.

 

“დიდოსტატის მარჯვენა” და “ბელადი” 1939 წელს გამოიცა. “ბელადის” ტექსტი სახელგამის წარმოებას ჩაბარდა 1939 წლის 2 ნოემბერს. დასაბეჭდად ხელი მოეწერა 9 დეკემბერს, ხოლო სასიგნალო ეგზემპლარები მზად იყო 15 დეკემბერს. რედაქტორი იყო ილია თავაძე, ცეკას მდივანი, მხატვარი – ლადო გრიგოლია. წიგნი წითელ ყდაში იყო ჩასმული, მდიდრულად გაფორმებული და საუკეთესო ქაღალდზე დაბეჭდილი. განმეორებით 1940 წელს გამოსცა “სახელგამმა”, მცირეოდენი ცვლილებით. სომხურ ენაზე თარგმნა სურენ ავჩიანმა. ამის შემდეგ ეს რომანი არ დაბეჭდილა, არც რუსულად თარგმნილა და არც მე-2 და მე-3 წიგნები დაწერილა.

 

“ბელადი” ოსტატურად არის დაწერილი, დახვეწილია ენა და სტილი, კარგად არის დახატული ქართლის პეიზაჟები, ეფექტურად არის მოხმობილი ისტორიული რეალიები, საინტერესოა და დასახსომებელი ცალკეული პერსონაჟები (მაგ.: ლავროვი, მიხა ქილიფთარი, უფლისა, მამუკა და გაგა არაბულები), მაგრამ აკლია სიმძაფრე და შთაგონება. უფერულია ცალკეული დიალოგები და პერსონაჟები (მაგ.: ჯუღაშვილის მშობლები – კეკე და ბესო). “ბელადი” უფრო გონებით არის შეთხზული, ვიდრე გულით, “დიდოსტატის მარჯვენის” სტილური ინერციით. წიგნში მთავარია სოსო ჯუღაშვილის თვალთახედვის ფორმირების პროცესი, თუ როგორ ყალიბდება ყრმის ბუნებაში თავისუფლებისაკენ სწრაფვა და განსაკუთრებულობის შეგრძნება (სოსო ამირანია, დევებს ხოცავს, უნდა ქვეყანა გააოცოს, ქვეყანა გადააკეთოს, სიზმრად ხედავს ვახტანგ გორგასალს, სააკაძეს, ერეკლე მეორეს), რასაც წარმოქმნის ქართული ნაციონალიზმი და გმირული სული. ამ თვალსაზრისით საინტერესოა წიგნის კონსტრუქცია და კონცეფცია. ნაციონალიზმის გამომხატველია მოხუცი მიხა ქილიფთარი (პროტოტიპი – პავლე ინგოროყვა), ყოფილი ხალხოსანი, “ახირებული” მწიგნობარი, რომელსაც 1801 წლის შემდეგ ქართველი ხალხი ისტორიიდან ამოშლილად მიაჩნდა და უკანასკნელ ბაგრატიონს მხოლოდ სიძულვილით ახსენებს. მას ხუთი შვილი ჰყოლია და ხუთივე დაღუპვია. აქვს დიდი, მაგრამ უსისტემო ცოდნა, ფენომენური მეხსიერება, მაგრამ ფაქტების მიღმა ვერ იხედება. სამღვდელოება სძულს, თუმცა მე-11 საუკუნიდან ქილიფთარები ღვთის მსახურები ყოფილან. მის წინაპარს, შიოშ ქილიფთარს, გადაურჩენია დავით აღმაშენებელი, როცა მეფე გელათის გალავნიდან გადმოვარდა. სემინარიიდან რომ მოხსნეს, ატენში პატარა ბაღი და ვენახი გააშენა, როგორც სიზმარში კონსტანტინე სავარსამიძემ და ცხადში – ვახტანგ კორინთელმა. პატარა სოსოს მიხამ შეაყვარა საქართველოს ტრაგიკული წარსული, აჩუქა “ვეფხისტყაოსანი” და ასწავლა ქართული ანბანი. პირველი სიტყვა, რაც სოსომ დაწერა, იყო “აგა” და ეს სიტყვა არაფერს ნიშნავდა! ასე არაფერზე (ლათინურად nihil, – აქედან – ნიჰილიზმი) არის დაფუძნებული ჯუღაშვილის ცოდნა, რაც შეიძლებოდა სიმბოლურ ფაქტად ექცია მწერალს.

 

მიხა ქილიფთარი მეცნიერებასა და ცხოვრებაში ისევე წაგებულია და დამარცხებული, როგორც საქართველო. მოხუცის გოდებასა და ისტორიის ბედისწერას ერთვის ხევსური არაბულების გმირული სული, სიძულვილი ბატონებისა და რუსებისადმი. სოსოს ფეხი აადგმევინა უფლისა არაბულმა: მოხუცმა გვიმრა ააფრიალა, რაც ჩვილს უცნაურ ფრინველად მოეჩვენა, ფეხი წადგა და წაეპოტინა. ეს “უცნაური ფრინველი” და მისი შეპყრობის ინსტინქტური სურვილიც შეიძლებოდა სიმბოლურ ფაქტად ქცეულიყო. კომუნიზმიც ხომ ასეთი ქიმერა და თვალსატყუარი აღმოჩნდა!

“ცუდი ხალხია რუსები”, – ეტყვის სოსოს თანაკლასელი “წარმართი” გაგა არაბული, ვინც “სისხლსა და ფოლადს” ეთამაშება. უფლისა და მამუკა რუსების ხელით იღუპებიან, ისევე ისჯებიან, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი საქართველო. უსამართლობის გრძნობას ყრმას კიდევ უფრო უმძაფრებს მასწავლებელი ლავროვი, რომელიც მოსწავლეებს ეუბნება – რქიანი ვირი და ჭკვიანი ქართველი არ შეხვედრიაო, თქვენ სულით რუსებად უნდა აღგზარდოთო!

 

თავისუფლებისაკენ სწრაფვას კეტავს არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ სოციალური ბარიერიც, რაც ორი ფუქსავატი ჭაბუკის – თამაზ ამილახვრისა და ზურაბ მუხრანბატონის სახით არის ნაჩვენები. მათი ვერაგობა და მხეცობა დროის მოთხოვნათა შესაბამისად ჰიპერბოლიზებულია.

 

ავტორი არაფერს გვეუბნება ჯუღაშვილის პირველ ეროტიკულ განცდებზე. ცხადია, იგი მხოლოდ პერსონაჟის ასაკით როდი იყო შეზღუდული. ბუნებრივია, ამ სფეროში ფანტაზირების უფლებას თავისთავს ვერ მისცემდა. ამ დანაკლისს ავსებს თამაზ ამილახვრისა და ზურაბ მუხრანბატონის თავაშვებული ვნება, რუსიკოს თვითმკვლელობის ცდა, რათა რომანში ყოფილიყო რომანული პასაჟები.

 

ტფილისში სასწავლებლად წასვლის წინ სოსოსა და მის მეგობრებს მიხა ქილიფთარი ანდერძად გადასცემს თავის მოწოდებას, იმ იდეას, რომელსაც თავს სწირავდა, მაგრამ ვერ ასრულებდა. “ისეთი კოცონი უნდა გააჩაღოთ, მთელმა ქვეყანამ დაინახოს შურისგების ალი”, ე.ი. მომავალი რევოლუცია, იმპერიის დამხობა გაგებულია, როგორც ქართველთა შურისძიება რუსულ ძალმომრეობაზე! წინა დღეს კი ბავშვებს ატენის სიონი აჩვენა, ცეცხლით გარუჯული, გაცრეცილი, წვიმითა და ფრინველთა სკორეთი წაბილწული მეფეთა და წინაპართა სილუეტები. ერთ კედელზე ამოკვეთილი წარწერა მე- 11 საუკუნეში ორი ქართველის წამებას იუწყებოდა. ეს ატენის სიონი და მორღვეული გალავანი პერსონაჟთა თანამედროვე საქართველოა.

 

ასე ყალიბდება ყრმა ჯუღაშვილის არსებაში თავისუფლებისაკენ სწრაფვა და ქვეყნის შეცვლის სურვილი. ასე მთავრდება ტრილოგიის პირველი წიგნი.

 

“დიდოსტატის მარჯვენის” გამო მწერალი ყრილობაზე ვალერიან გაფრინდაშვილი კონსტანტინეს ჯადოქარს ეძახდა, მაგრამ ოფიციოზი არ ჩქარობდა და არჩევდა “ბელადის” პროპაგანდას. კომპარტიის მე-13 ყრილობაზე კანდიდ ჩარკვიანი და ირაკლი აბაშიძე ახსენებდნენ “ბელადს” და არა “დიდოსტატის მარჯვენას”. “დიდოსტატის მარჯვენა” ჩრდილში მოექცა. 1940 წლის 7-9 იანვარს მწერალთა კავშირი სასწრაფოდ მოეწყო “ბელადის” განხილვა. მომხსენებელი იყო ახალგაზრდა კრიტიკოსი დიმიტრი ბენაშვილი. სიტყვით გამოვიდნენ – პავლე ინგოროყვა, სერგო კლდიაშვილი, ლევან ასათიანი, დავით სულიაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ალიო ადამია, ბესო ჟღენტი. წიგნს მაღალი შეფასება მისცეს, მაგრამ გამომსვლელთა სიტყვას აკლდა პათოსი, თითქოს ყველა რაღაც ვალს იხდიდა. თუ “მთვარის მოტაცების” განხილვაზე შენიშვნები საკმაოდ იყო, აქ ყველა თავს იკავებდა. დისპუტი ვრცლად გააშუქა “ლიტერატურულმა საქართველომ”.

 

9 მაისს უნივერსიტეტმა მოაწყო განხილვა, რომელიც გახსნა პროფ. არჩილ ხარაძემ. ამჯერად განხილვა საზეიმო სხდომას უფრო ჰგავდა. მომსხენებელი აქაც დიმიტრი ბენაშვილი იყო. გამოვიდნენ – პროფ. მოსე გოგიბერიძე, პროფ. კონსტანტინე კაპანელი, დოც. ვ. კაკაბაძე, დოც. სერგი ჭილაია. ხელისუფლება ხელს უწყობდა, რათა რუსულ ენაზე სწრაფად ეთარგმნათ “დიდოსტატის მარჯვენა” და “ბელადი”. ამ მიზნით მწერალი 1940 წლის თებერვალ-მარტსა და მაისში მოსკოვში იმყოფებოდა. აქ იგი მიიღო სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ, დიდხანს ესაუბრა და დაეხმარა, რათა წიგნების ტირაჟი გაეზარდათ. ეს კი ჰონორარის მომატებასაც ნიშნავდა. როგორც ჩანს, იყო ცდა, რომ კონსტანტინე წარედგინათ ახლად დაარსებულ სტალინურ პრემიაზე, რათა ისიც ისევე წარმოეჩინათ საკავშირო არენაზე, როგორც ივანე ჯავახიშვილი და შალვა დადიანი. მაგრამ ვითარება მაისში ძლიერ შეიცვალა. მოსკოვში ხელმეორედ ჩასულ მწერალს აღარ დახვდა გულთბილი ატმოსფერო. გამომცემლობამ ახალი რეცენზირება მოითხოვა, მაგრამ რეცენზენტები ვერ იშოვნეს. წიგნების არათუ დაბეჭდვა, თარგმნაც კი მომავლისთვის გადაიდო.

 

“არეულია მათი თავი და ტანიო”, – წერდა გაბრაზებული კონსტანტინე აბაშელს. სიტუაციის შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ სტალინს არ მოეწონა კონსტანტინეს რომანი, მე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავიო. მაგრამ უფრო ნამდვილი მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ მწერალს მოუხდა მოვლენების შელამაზება და ესთეტიზება. იგი ხომ რეალისტური სიზუსტით ვერ აჩვენებდა ჯუღაშვილის ბავშვობას, დედას და მამას, სჭირდებოდა ფანტაზირება, პერსონაჟთა გამოგონება, ხოლო ზოგ რეალურად არსებულს ვერც ახსენებდა (მაგ.: სოსო ირემაძეს). სტალინისათვის არც ის უნდა ყოფილიყო მისაღები, რომ შოვინისტად გამოყვანილია რუსი ლავროვი, რუსთმოძულე ხევსური არაბულები, ნაციონალისტი მიხა ქილიფთარი.

 

სტალინმა ასევე გზა გადაუკეტა კონსტანტინეს კინოსცენარ “დავით აღმაშენებელს”, რომლის განხილვა მთელი წელი გრძელდებოდა (მაგ.; სახკინმრეწვში, მწერალთა კავშირში, სხვადასხვა პირთა მიერ). ამ თემასაც ცეკას წინადადებით მოჰკიდა ხელი. საბჭოეთი ომისათვის ემზადებოდა და სჭირდებოდა პატრიოტიკა, ისტორიის ჰეროიკა, გმირული ბრძოლების სურათები. სცენარი ყველამ დადებითად შეაფასა და ჰონორარიც ავანსად მთლიანად უნდა აეღო. მაგრამ სტალინი ასე არ ფიქრობდა. ბელადმა 1940 წლის 11 ოქტომბრის წერილში მხარი დაუჭირა ანტონოვსკაიას და ჩორნის სცენარს გიორგი სააკაძეზე, რომლის მიხედვით მალე მიხეილ ჭიაურელმა ცნობილი ფილმი გადაიღო. კინოს ხომ მაშინ ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა. ცხადია, სტალინისათვის მონარქი დავით აღმაშენებელი ვერ იქნებოდა სანიმუშო მოღვაწე. მას უფრო გიორგი სააკაძე აინტერესებდა – ქართველ კონდოტიერ ბოლშევიკთა წინაპარი, ვინც დამპყრობელთა ჯარებს მოუძღოდა. კონსტანტინეს კი ეგონა, რომ პარალელს გაავლებდა დავითსა და სტალინს შორის, რომ თითქოს ბელადმა ისე აღადგინა ქვეყანა მე-20 საუკუნეში, როგორც დავითმა მე-12 საუკუნეში. არადა – სტალინმა ხომ მშვენივრდ იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. ამიტომაც ეჭვით უყურებდა დავით აღმაშენებლის თემას. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა მოგვიანებით, როცა კონსტანტინეს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს ქართველმა და რუსმა მწერლებმა, დააბრალეს რუსების იგნორირება, მეფეთ როლის გაზვიადება, არქაისტობა, ხალხის დაკნინება, გაუხსენეს ნაციონალისტობა.

 

დავით აღმაშენებლის სახეში სტალინი ქართული ნაციონალიზმის ფარულ პროპაგანდას ხედავდა. მაგრამ მოეწონა “დიდოსტატის მარჯვენა”, რომელიც მას ბერიას დავალებით სიმონ ჯანაშიამ გადასცა. ბელადმა ეს რომანი უმალ წაიკითხა და ბერიას დაურეკა, კონსტანტინე კარგი მწერალი ყოფილაო. ამ ფაქტს აღნიშნავს ბრალდებული გენერალი და აკადემიკოსი პეტრე შარია, რომელიც ბერიას ზეობის ჟამს 1953 წელს მისი თანაშემწე იყო.

 

რაც შეეხება “ბელადს”, მისი დამთავრება მწერლისათვის არავის უთხოვია. ამას, ალბათ, არც ავტორი ნაღვლობდა, რადგან უკვე წერდა ახალ ტრილოგიას – “დავით აღმაშენებელს”, მაგრამ სტალინს კარგად ახსოვდა კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი, რომელსაც არ ახსენებდნენ, მაგრამ თავს ესხმოდნენ “დავით აღმაშენებელს” და მის ავტორს ომის შემდეგ ლამის შინაპატიმრობა დაუწესეს, თუმცა გამარჯვებული საბჭოეთის ბელადი მწერლის დაკავების ნებას არ იძლეოდა, მიუხედავად ჯერ კ. ჩარკვიანისა და შემდეგ ა. მგელაძის თხოვნისა.

 

წყარო

წაკითხვა 1407 ჯერ

სიახლეები