ამ გვერდის ამობედვა

ხარაგაულის რაიონში 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროცესში, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით 100-113 მილიონი წელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები – ამონიტები (Ammonite) აღმოაჩინეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს. 

 

 

მშენებლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ისტორიული მუზეუმის მოწვევით სოფელ ლაშეში პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი და ფონდის მეცნიერთანამშრომელი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ნიკა ვანიშვილი ჩამოვიდნენ.

 

 

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა.

 

 

ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლიანები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. სწორედ ასეთი ამონიტები აღმოჩნდა სოფელ ლაშეში, სადაც როგორც მეცნიერ-თანამშრომლები ამბობენ, კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ.

 

 

აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

 

 

 

http://artnews.ge/

წაკითხვა 1057 ჯერ

სიახლეები