ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობის თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართა

,,არა ქალთა მიმართ ძალადობას’’ - აღნიშნულ თემაზე ქუთაისის ''აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის'' (EECMD) ოფისში საჯარო დისკუსია გაიმართა.

 

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES მხარდაჭერით მოეწყო.

ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის დირექტორისა და შეხვედრის მოდერატორის - ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ოჯახური ძალადობის შემთხვევების შემცირებას.

,,ვისაუბრეთ რა საკანონმდებლო ცვლილებებია ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, რას აკეთებს სახელმწიფო ძალადობის პრევენციისთვის, ამკაცრებს თუ არა რეგულაციებს მოძალადის მიმართ, რათა ნაკლები მსხვერპლი იყოს. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქალებმა არ დამალონ თავიანთი პრობლემები, ხმამაღლა თქვან ამის შესახებ, რათა შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს’’-განმარტა ქეთევან ბერძენიშვილმა.

დისკუსიაზე ''აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის'' (EECMD) ქუთაისის ოფისის კოორდინატორი - თემურ ჯვარშეიშვილი და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ,,სენის’’ კოორდინატორი იმერეთში - მაიკო კეზევაძე აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება და მის შესაჩერებლად გადამჭრელი ზომების მიღებაა საჭირო.

მაიკო კეზევაძის თქმით, გენდერული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წვლილიც, რადგან საოჯახო საქმეების შესრულების დროს, ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე გამონაბოლქვები მნიშვნელოვნად აზარალებს ქალებს. მაიკო კეზევაძე მცირე ბიზნესის წარმომადგენელიცაა, მას თავის ბიზნესში ძალადობის მსხვერპლი და სოციალურად დაუცველი ქალები ჰყავს დასაქმებული. ,,სენის'' კოორდინატორის თქმით, ეს ეხმარება ქალებს იცხოვრონ უფრო აქტიური ცხოვრებით.

,,7 ასეთი ქალბატონი მყავს დასაქმებული. წლიდან წლამდე როგორც იზრდება ჩემი საქმიანობა, ასევე ვზრდი დასაქმებულთა რიცხვსაც. ამით დადებით ზეგავლენას ვახდენ მათ ოჯახურ პირობებზე. დღევანდელი შეხვედრა ქალთა საზოგადოებრივი გააქტიურების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა’’-აღნიშნა მაიკო კეზევაძემ.

წაკითხვა 932 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 06 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.