"ვაქცინის გარეშე პანდემიას ვერ მოვერევით" - რა მდგომარეობაა ქუთაისში ვაქცინაციის მხრივ

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღეს, პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე -  ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება.

 

"დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა.

ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას - საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში, საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, თუ, გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. 

 

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდასთან ერთად, მოსახლეობაში ვაქცინაციაც იმატებს. ქალაქ ქუთაისში მედპერსონალი დაუღალავად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს მოეხსნათ შიში და დაძაბულობა ვაქცინის მიმართ.

 

"რაც მესამე ტალღა წამოვიდა, მას შემდეგ მომატებულია ინფიცირების დადასტურების რიცხვი და შესაბამისად სტაციონალში მომართვიანობაც მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ პაციენტში კორონავირუსი მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდებში მომატებულია დაინფიცირება, წინა ტალღასთან შედარებით. ამ ვითარებაში აუცილებელია, სრული ვაქცინაცია მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დადებითი ფაქტორია ისიც, რომ გაიზარდა მომართვიანობა ვაქცინაციაზეც. ხალხმა დაიჯერა, რომ კოვიდი არ არის ვიღაცის მიერ მართული პანდემია, ნამდვილად არსებობს და რისკის შემცველია. სხვადასხვა ვაქცინაცია გვაქვს, თუმცა პაციენტთა მომართვიანობა უფრო მეტად "ფაიზერზეა".

 

"ფაიზერის" შემთხვევაში, უკუჩვენებები არის თავბრუსხვევები და არტერიული ჰიპერტენზია, თუმცა, ეს საგანგაშო არაა. პაციენტებს ვაქცინაციის შემდეგი რეკომენდაციები ეძლევათ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველა უნდა აიცრას. ეს მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს პანდემია და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას,"- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ექიმმა მირონი სირბილაძემ.

 

229528771 381042700102945 2195934834362434354 n

 

FirstNews.ge კლინიკაში უკვე აცრილ ადამიანებს გაესაუბრა:

 

"დღეს ავიცერი "ფაიზერით". მე, როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველანი ავიცრათ. რათა სწრაფად და ეფექტურად დავამარცხოთ ეს პანდემია. ვაქცინის გარეშე პანდემიას ვერ მოვერევით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არანაირი უკუჩვენება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ენდოკრინოლოგმა პეტრე ლომინაძემ. 

 

"ფაიზერის" შემოსვლის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა აცრა.სილამაზის სალონში ვმუშაობ, სტილისტი ვარ და დღეში ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ამიტომ გადავწყვიტე ავიცრა, ჩემი და სხვისი ჯანმრთელობა გადავარჩინო.

ვფიქრობ, აუცილებელია ვაქცინაცია, რადგან ქვეყანაში ძალიან მომრავლებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, კიდევ არ გვინდა ჩაკეტვები და იზოლაციები. ეკონომიკის კუთხით ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. ყველა უნდა ავიცრათ, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების წესს," - განაცხადა ჩვენთან საუბარში მაია ჩხობაძემ.

წაკითხვა 768 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 03 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.