ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

 

ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

 

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს,"- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 1083 ჯერ