ამ გვერდის ამობედვა

სამთავრობო გუნდი იმერეთის რეგიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

სამთავრობო გუნდი იმერეთის რეგიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

 

ადგილობრივებთან შეხვედრებზე რამდენიმე პრობლემური მიმართულება გამოიკვეთა, მათ შორის, ჯანდაცვა, საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემების მოწესრიგება, დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლების საკითხი. ახალგაზრდებმა სოფელ როხში, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეხვედრებზე დასმულ ყველა საკითხზე რეაგირებას უმოკლეს ვადებში მოახდენენ.

 

სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან ღია დიალოგის მიზანია, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოსახლეობის სურვილებისა და მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება. აგრეთვე, არსებული პრობლემების უშუალოდ მოსახლეობისგან მოსმენა და გადაჭრის გზების ერთობლივი მოძებნა.

 
წაკითხვა 683 ჯერ