April 26, 2024

,,მდინარე ოღასკურის ფსკერის მობეტონებას პროექტი არ ითვალისწინებდა''-ნატო ქათამაძე

ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. ნატო ქათამაძემ მდინარე ოღასკურის რეაბილიტაციის პროექტის არასწორ განხორციელებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ყოფილი დეპუტატის თქმით, მდინარის ფსკერის მობეტონებას პროექტი არ ითვალისწინებდა და აღნიშნული სამუშაოები, სავარაუდოდ, კანონდარღვევით წარიმართა.

 

,,პროექტი და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება ერთმანეთს. მდინარის ფსკერი არ უნდა მოებეტონებინათ. ეს ეწინააღმდეგება პროექტს, ვერ მომიძებნიან ანალოგს ვერცერთ ქვეყანაში, სადაც მსგავსმა სამუშაოებმა გაამართლა. ბეტონი წყალმცენარეებს და თევზებს უქმნის საფრთხეს. არ შეიძლება მდინარის კალაპოტში მოქცევა. გვახსოვს მდინარე ვერე, რომელიც კალაპოტში ჩასვეს და საშინელი შედეგი მიიღეს. ჩვენ არ ვიცით ასეთმა არასწორმა პროექტმა რა შეიძლება გამოიწვიოს ქუთაისში. მე ვიცოდი, რომ კეთდებოდა ჯებირები. ეს საჭირო იყო, რადგან გვქონდა საშიშროება, რომ ჩავარდნილიყო ნაპირი და ბავშვებისთვის შექმნა საფრთხე. ერთხელ მოხდა კიდეც ეს უბედურება. მეორე უბედურება ის იყო, რომ ქვეწარმავლები ჩნდებოდა. ჯებირები რომ გაეკეთებინათ, იქნებოდა ნამდვილი ევროპული ტიპის მდინარე. ასევე პრობლემაა მდინარეზე არსებული ფარეხები. ამით ვიღაც ხელს ითბობს. სამწუხაროა, რომ მერია უფრთხის ცალკეულ პიროვნებებთან დაპირისპირებას. თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რათა პასუხი აგოს ყველამ, ვინც კანონის წინააღმდეგ წავიდა,’’-განმარტა ნატო ქათამაძემ.

ყოფილი დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი მაჟორიტარობის პერიოდში მდინარეზე არაფერი აშენებულა ისეთი, რაც მოსახლეობის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. ნატო ქათამაძის თქმით, მანამ სანამ ის საკრებულოს წევრი გახდებოდა, მდინარე ოღასკურის რეაბილიტაციის საკითხი ტაბუდადებული იყო.

,,მანამ სანამ გავხდებოდი საკრებულოს წევრი, არ მახსენდება არცერთი თანამდებობის პირი, რომელიც დღის წესრიგში დააყენებდა მდინარის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხს. თუ ვინმე გამახსენებს ამ თემაზე მიძღვნილ თუნდაც ერთ სიუჟეტს, ბოდიშს მოვიხდი. მას შემდეგ რაც დეპუტატი გავხდი, პირველივე სხდომაზე დავაყენე ეს საკითხი. მოსახლეობას დავპირდი, რომ მოვაგვარებდი მათ პრობლემას, რადგან ადგილობრივებსა და მიმდებარე ორგანიზაციებს სერიოზული ზიანი ადგებოდათ. თქვენ ხედავდით, რომ ქალაქის მერია უგულებელყოფდა ჩემს წინადადებებს, ერთ-ერთ სხდომაზე მითხრეს, რომ ეს იყო ჩემი პრეტენზია და მოსახლეობას მსგავსი პრობლემა არ აწუხებდა. მე შევაგროვე ხელმოწერები. აქ არის 2500 ხელმოწერა მოსახლეობის. მივმართე მდინარე ოღასკურის ირგვლივ მდებარე ორგანიზაციებს. ერთ-ერთი არის გოჩა გოქაძე, რომელიც მდინარეზე გარკვეული ღონისძიების გატარებას ითხოვდა და მზად იყო მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში. ასევე მაქვს 35-ე, 23-ე სკოლების, მე-13, მე-15, მე-17 ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთა წერილობითი მომართვები. 2017 წელს, როდესაც თბილისში ჩავედი და არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ვიბრძოდი, მითხრეს, თქვენ გინდათ რომ ეს თქვენი მაჟორიტარობის პერიოდში გაკეთდეს და ქულები დაიწეროთ, ეს ახლა არ გაკეთდება, გაკეთდება მაშინ, როცა თქვენ წახვალთო. მთავარია გაკეთდეს და სხვაზე არაფერზე მაქვს პრეტენზია. შეიმუშავეს პროექტი, მაგრამ ამ პროექტით არაფერი კეთდება. არადა მასში 30000 ლარია გადახდილი’’-აღნიშნა ნატო ქათამაძემ.

წაკითხვა 1074 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 26 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.