ამ გვერდის ამობედვა

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:

 

"ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.

 

დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.

 

მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

 

მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება," - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 479 ჯერ