ამ გვერდის ამობედვა

სკანდალური მითქმა-მოთქმით ცნობილი ,,თეთრი ხიდი" საზეიმოდ გაიხსნა

ქუთაისში, სკანდალური მითქმა-მოთქმით ცნობილი ,,თეთრი ხიდი" საზეიმოდ გაიხსნა. ხიდის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასმა და ქუთაისის ოპერის გუნდმა მიიღეს.  საბალეტო დასმა 20 წუთიანი პერფომანსი გალაკტიონ ტაბიძისა და ,,ცისფერყანწელების" საარქივო ხმებზე წარადგინა.

ქალაქის მერმა მოსახლეობას ხიდის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ობიექტს ქუთაისლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის ქალაქის ერთგვარი სიმბოლო და სავიზიტო ბარათია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ეს ადგილი ადგილობრივებისთვის მეტად საინტერესო გამხდარიყო. 

,,ყველა ჰხედავს, რომ ხიდი არ არის სკანდალური და მოსახლეობის დიდ ნაწილს იგი მოსწონს. შეიცვალა ხიდის სავალი ნაწილი. ბოლოს 2010 წელს გაუკეთეს რეკონსტრუქცია და რამდენიმე წელიწადში დაზიანდა. ამიტომ არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ ლითონის საფარი დაეგოთ. აქ ამოტვიფრულია ცისფერყანწელების გამონათქვამები, რომელიც ქუთაისს და რიონს უკავშირდება. აქვეა ქართული სიმბოლოები, რომლებიც ქუთაისთან ასოცირდებიან. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქუთაისელისთვის“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ხუთი თვის წინ, როცა ქუთაისის მერიამ ,,თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია დაანონსა, თან ხიდის ესკიზიც გაასაჯაროვა. ქუთაისის მოსახლეობა ხიდის განახლებულ ვერსიას პროტესტით შეხვდა.

დღევანდელ ღონისძიებაზე კი ქუთაისლები ,,თეთრი ხიდის" ახალ ვარიანტს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ იგი ძველისა და ახლის ნაზავია.

,,აღფრთოვანებული ვარ. ბავშვობაში დავბრუნდი. ყველაფერი ნათელია, სიახლეა, სიყვარულია... ყველაფერი კრეატიულადაა მოწყობილი. საფარი ახალია, მაგრამ ქუთაისის სიმბოლო - თეთრი ქვები მოსჩანს. ეს არის ძველისა და ახლის ორიგინალური ნაზავი"- აღნიშნა რუსუდან ტაბატაძემ.

,,თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის, მერიის ცნობით, 436 000  ლარი დაიხარჯა.

წაკითხვა 1048 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 03 2018

სიახლეები