ქუთაისში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, პერფორმანსი გაიმართა

,,დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი, შეაფასე და დააფასე ჩემი შრომა“; ,,გავათანაბროთ ქალების და კაცების ხელფასები’’ - ამ და სხვა ლოზუნგებით ქუთაისში, მონპლაზირის თაღთან,  პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, "გენდერული თანასწორობისათვის" გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო. კამპანიის ,,თანსწორობა გვჭირდება’’-ს მიზანია ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემშლელი ბარიერებისა და არსებული გამოწვევების შესახებ, დისკუსიების გენერირება და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

,,ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ქალთა საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია გენდერული უთანასწორობის მაგალითზე არსებული პრობლემების დეკლარირება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ეს კამპანია თბილისში დაიწყო და ქუთაისში სრულდება. დისკუსიაზე კიდევ უფრო ფართოდ განიხილება ყველა ის მომენტი, რაც შეიძლება არსებობდეს გენდერულ უთანასწორობაში, ესენია: არათანაბარი სახელფასო ანაზღაურება. დაუფასებელი საოჯახო შრომა, რომელსაც ჩვენში არსებული სტერეოტიპების გამო, ძირითადად ქალები გასწევენ. ალიმენტის მოუქნელი სისტემა, ასევე სექსუალური შევიწროების პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი მე-5 ქალი ამა თუ იმ ფორმით სექსუალური შევიწროების მსხვერპლია’’-აღნიშნა გაეროს კამპანიის -,,თანასწორობა გვჭირდება’’ ცვლილებების აგენტმა - თათია სამხარაძემ.

f886601d84b861950b399355947b6811 L

 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება დაბალია.

 

,,მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვაღიაროთ პრობლემის არსებობა. ეკონომიკური გაძლიერება ისეთი თემაა, რომ მოსახლეობის ცნობადობა ძალიან დაბალია. ვიცით, რომ მშობლები ქონებას ძირითადად ბიჭებს გადასცემენ, მაგრამ არ ვიცით, რომ ამას გენდერული დისკრიმინაცია ჰქვია. საზოგადოებისთვის უცნობია ეს ტერმინი. ძალადობისა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის კუთხით საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ მაღალია. ვთანხმდებით, რომ ბევრად მეტი ქალი უნდა გვყავდეს პარლამენტში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება კი ის თემაა, სადაც მუშაობა კიდევ გვჭირდება’’- განმარტა გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერმა მაკა მეშველიანმა.

 

,,მნიშვნელოვანია ასეთი კამპანიების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა საზოგადოებამ დაინახოს პრობლემა. როდესაც სხვადასხვა სტრუქტურებთან მუშაობისას მოგვყავს სტატისტიკა, გვეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ ციფრებია. ამ ციფრების უკან დგანან რეალური ქალები, რეალური ისტორიებით. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. საქართველოში ბევრი ქალი ვერ ფლობს კერძო საკუთრებას, რაც დამატებით ბარიერს ქმნის მათ ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულიება არაერთგვაროვანია. როდესაც ქალებთან ვსაუბრობთ, ისინი უფრო მარტივად აღიქვამენ ამ ყველაფერს, რადგან საუბარი მათთვის მგრძნობიარე თემას ეხება. მამაკაცები კი ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემა საქართველოში არ არსებობს’’-განმარტა კამპანიის ერთ-ერთმა მონაწილემ - ციცინო შენგელიამ.

 

აღნიშნული კამპანია ქუთაისის გარდა კიდევ ხუთ ქალაქში: თბილისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, თელავი, ბათუმი გაიმართა.

 

 

წაკითხვა 949 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 13 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.