"მიუხედავად მრავალი შეცდომისა, საქართველო ყოველთვის ეკლესიის ერთგულების გზით დადიოდა"
დღევანდელი დღესასწაული ჩვენ მიერ აღნიშვნა წმინდა გიორგის წამებისა, არის ერთგვარი მოწოდებაც, რომ ჩვენი შემდგომი გზაც უნდა იყოს ქრისტეს ერთგულება, მისი მსახურება და წმინდა ეკლესიის ერთგულება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, საიდანაც სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„გადმოგცემთ ილია მეორის ლოცვა-კურთევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა. მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი, მზად არის, დაამოწმოს ქრისტე. იუსტინე ფილოსოფოსი, იყო ასეთ მოღვაწე ადრე ქრისტიანულ პერიოდში და ის საკმაოდ მარტივად ხსნის, რა არის მოწამეობის არსი. ის ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ სიკვდილზე, რათა არ დავარღვიოთ მცნება, არა იცრუო. როდესაც გვეკითხებიან, შენ გწამს ქრისტე? ჩვენ გვირჩევნია, მოვკვდეთო, ვიდრე ეს მცნება დავარღვიოთ, რომ არა იცრუო. ასე განმარტავს იგი და მოციქულთა საქმეები განსაკუთრებით შეეწიონ მოციქულთა ქადაგების საქმეს ეკლესიაში, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარზე ქადაგებას, ასეთი ყოვლისმომცველი ძალა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო ასობით ათასი მოწამის ღვაწლი.
თქვენ გახსოვთ, რა ზეგავლენა ჰქონდა მათ წამებას, თვითმხილველ წარმართებზე, ჯალათებზეც კი, რომლებიც მათ აწამებდნენ, როდესაც ხედავდნენ, რამდენად უშიშრად, ხშირად მუდიმარედ და ბაგეებზე ლოცვით კვდებოდნენ დიდი მოწამეები და ამის გარდა, ისინი არიან ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტეს ურყევი რწმენისა, ერთგულებისა, ვაჟკაცობისა და სიმამაცისა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ასეთი შეკითხვა, რომ რა ძალით არის შესაძლებელი ამ ღვაწლის აღსრულება? სიკვდილის დათმენა, წამების დათმენა და ქრისტეს დამოწმება – ამაზე პასუხს იძლევა დღევანდე დღეს წაკითხული ქადაგება, სადაც უფალი იოესო ქრისტე ბრძანებს, რომ მოვა ნუგეშინის მცემელი სული ჭეშმარიტებისა, რომელსაც მე მოვავლენ მამისაგან, რომელიც მამისგან გამოდის და იგი დაამოწმებს ჩემზე და თქვენც დაამოწმებთ ამბობს უფალი, ასევე სხვა ადგილას ბრძანებს იგი, რომ როდესაც თქვენ შეგიპყრობენ, სამსჯავროზე წაგიყვანენ და წარსდგები წინაშე მეფეთა და მთავართა, რომ დაამოწმოთ ჩემთვის, მაშინ ნუ ზრუნავთ და ნუ ფიქრობთ, თუ რა ილაპარაკოთ, რადგან იმ ჟამს მოგეცემათ სიტყვები თქვენ რაც უნდა ილაპარაკოთ, რადგან სულიწმინდა დაამოწმებს თქვენი ბაგეებით.
ამ დიდი ღვაწლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ სულიწმინდის ძალით, მადლით და მხოლოდ სულიწმინდის მადლით აღასრულა ეს ღვაწლი წინდა მოწამე გიორგიმ და მისი ბაგეებით დაამოწმა სულიწმინდამ, რომ იესო ქრისტე არის გზა ჭეშმარიტება და ცხოვრება.
თქვენ გახსოვთ როგორ პასუხობს წმინდა გიორგი, რომ იგი ემსახურება ჭეშმარიტებას, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება. წმინდა გიორგისთვის ქრისტე იყო ერთადერთი გზა ჭეშმარიტება და ცხოვრება, მან არ იცოდა სხვა გზა, მას არც სურდა სხვა გზით სიარული და ვერაფერმა იგი ვერ შეაშინა და ვერ დააბრკოლა. იგი შეუდგა ამ გზას და იარა ამ გზაზე. ამისთვის ჩვენ ვეთაყვანებით მას, ჩვენ გვიყვარს იგი. ამისთვის არის იგი ესოდენ განდიდებული ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. თქვენ იცით, რომ საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ, ჩვენ სახელმწიფო გერბზეც კი არის იგი გამოსახული, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ცხოვრებაც ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას, რადგან საქართველოც ეწამა ქრისტესთვის და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და საქართველოც მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა დღემდე და გადარგვარჩინა დღემდე.
დღევანდელი დღესასწაული ჩვენ მიერ აღნიშვნა წმინდა გიორგის წამებისა, არის ერთგვარი მოწოდებაც, რომ ჩვენი შემდგომი გზაც უნდა იყოს ქრისტეს ერთგულება, მისი მსახურება და წმინდა ეკლესიის ერთგულება. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ შესანიშნავ დღესასწაულს, წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ, დალოცოს თქვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო და უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით დალოცოს აკურთხოს გაამთალინოს და გადაარჩინოს ჩვენი სამშობლო.
დღეს კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას აღვნიშნავთ, 23 ნოემბერს იკურთხა დიდებული წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. მინდა, თქვენთან ერთად დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ილია მეორეს. ეს შესანიშნავი ტაძარი, არის კათოლიკოს-პატრიარქის მრავალმხრივი ღვაწლის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება. არ არის შემთხვევით, რომ მან ეს ტაძარი აკურთხა სწორედ გიორგობა დღეს. მადლობა უფალს, რომ ჩვენი ისტორიისთვის ესოდენ რთულ პერიოდში მოგვივლინა ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელი და მადლობა მის უწმინდესობას განუზომლად დიდი ღვაწლისთვის. ღმერთმა გააძლიეროს იგი წმინდა გიორგი შეეწიოს მას და ინებოს მისი დღეგრძელობა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი