April 25, 2024

“იმედია, მამა გიორგი ამ წერილს გაასაჯაროებს” –რა წერია დეკანოზის სკანდალურ წერილში ციხიდან

“დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურმა წერილმა მატროსოვის ციხიდან შესაძლოა, საპატრიარქოში ფრონტის ახალი ხაზი გახსნას. წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია.

დეკანოზის მძიმე შინაარსის წერილში, სავარაუდოდ, საპატრიარქოში ფინანსური დარღვევების გარდა, სასულიერო პირების ზნეობრივ მდგომარეობას და მათ პირად ცხოვრებაზეა საუბარი. ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პირადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი. როგორც ჩანს წერილის შინაარსი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მეუფეებსაც კი დეკანოზის მისამართით კრიტიკული დამოკიდებულება გაუჩნდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა წერია დეკანოზის სკანდალურ წერილში ციხიდან - “იმედია, მამა გიორგი ამ წერილს გაასაჯაროებს”.

 

“დეკანოზ მამალაძის ადვოოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ წერილის შინაარსი საკმაოდ მძიმეა, რომელმაც შესაძლოა საპატრიაქროს რეპუტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში სრულიად შეარყიოს. მასში საუბარი სასულიერო პირების კერძო ბიზნესებზე და ზნეობრივ მდგომარეობაზეა, რომლის გასაჯაროებამაც შესაძლოა უმძიმეს ფაქტებამდეც მიგვიყვანოს. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს წერილი იყოს მიზეზი, რის გამოც მისი არც შეწყალება მოხდა და უწმინდესმაც მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. წერილის ერთ-ერთმა ადრესატმა მეუფე პეტრემ ეს ინფორმაცია “კვირის აქცენტებში” გაახმაურა და განაცხადა, რომ “დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა”, - აღნიშნა მან. მან გადაცემაში გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძისგან მიიღო წერილი და რომელიც ძალიან ჰგავდა “საეკლესიო ბედუკაძეობას”. მეუფე პეტრეს განცხადებით, სწორედ ამ წერილის შემდეგ პატრიარქმა, ფაქტობრივად, ზურგი აქცია მამა გიორგი მამალაძეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილედან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს და დავარქვი, რომ ეს არის “საეკლესიო ბედუკაძეობა”. მიმაჩნია, რომ კაცი გატყდა ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ უკვე მუდმივი პატიმრობა იყო მამაოს მიმართ მოთხოვნილი იმ პერიოდში. სასულიერო პირებს არ უშვებდნენ და იყო სრულ იზოლაციაში და იქნებ, შეხვიდეთ, ან ვიღაც მივუჩინოთ ამ ადამიანს, რომ დავეხმაროთ, ვანუგეშოთ, რომ სულიერად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა-მეთქი და ამას მოჰყვა რამდენიმე დღეში მორიგი ბოროტება, როდესაც საპატრიაქროს იურისტი გამოვიდა და ცილი დამწამა - პატრიარქის მოკვდინებაში მადანაშაულებდა”, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ის აცხადებს, რომ ამ წერილში ავტორი ფინანსურის გარდა, საუბრობდა არაჯანსაღ, მახინჯ მდგომარეობაზე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ამ წერილში დეკანოზი, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ამხელს და რომ მან წერილი იმ მეუფეებს მისწერა, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობოდა და რომლებიც, სავარაუდოდ, ამ სიბინძურეში გახვეულები არ არიან. რამიშვილი აცხადებს, რომ მან წერილის შინაარსის შესახებ კონკრეტულად არაფერი იცის, თუმცა ზოგადად იცის, რომ მისმა შინაარსმა შესაძლოა ეკლესიის რეპუტაცია სამუდამოდ დაანგრიოს. ამიტომაც ის მეუფე პეტრეს ეთანხმება, რომ ეს ეკლესიის შიდა სამზარეულოა, რომლის განხილვაც სინოდის წევრებს შორის უნდა მოხდეს. “ვიცი, რომ წერილის შინაარსი საკმაოდ მძიმეა, რომელიც კონკრეტულ ფაქტებზეა დაყრდნობილი და დეკანოზი არაფერს მტკიცებულების გარეშე არ წერს. მისი შინაარსი კონკრეტულად დეტალებში, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რადგანაც ეს არის ეკლესიის შიდა სამზარეულო, სადაც საკმაოდ მძიმე ფაქტებზეა საუბარი. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ დარღვევებს, არამედ კონკრეტული სასულიერო პირების ზნეობრივ მდგომარეობას”, - ამბობს რამიშვილი, რომლის აზრით, წერილის გასაჯაროება “ეკლესიისთვის დამანგრეველი ეფექტის იქნება”, - დასძენს გამოცემა.

 

“ნამდვილად ვეთანხმები მეუფე პეტრეს მოსაზრებას, რომ ეს სინოდის წევრებს შორის უნდა გაირჩეს და ეს არ არის საკითხი, რომელიც საზოგადოების ყურამდე უნდა მივიდეს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ დეკანოზს მისმა უწმინდესობამ ზურგი ამ წერილის შინაარსის გამო შეაქცია და მასზე გარკვეულწილად გამწყრალიც არის. საპატრიარქოს დეკანოზის გარეთ გამოსვლის ძალიან ეშინია და ამიტომაც მისცეს პრეზიდენტ მარგველაშვილს დირექტივები, რომ მისი შეწყალება არ მომხდარიყო. ჩვენ სალომე ზურაბიშვილსაც მივმართავთ მისი შეწყალებით და ამ შანსსაც გამოვიყენებთ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საპატრიაქროს ყოფილი თანამშრომლი ლაშა ჟვანიაა, ამიტომაც მგონია რომ დიდი არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუმცა, ჩვენ ჩვენსას მაინც ვეცდებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

 

“დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ წერილში სავარაუდოდ, საუბარი პატრიაქრის ოჯახის წევრებზეც არის. კონკრეტულად კი მის დაზე დედაო თამარზე. დედაოს ხატების და სანთლების საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს და მისი გავლენები საპატრიარქოზე საკმაოდ ძლიერია. მამალაძე ამბობს, რომ როდესაც მისი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, პატრიარქი განაწყენდა, რომ მისმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ჩემი ძმა საპატარიარქოს პირადი ტყვეა. მათ მისი გარეთ გამოსვლის ეშინიათ. არ უნდათ, რომ ციხე დატოვოს, რადგანაც მან ეკლესიაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ბევრი რამ იცის. წერილში, როგორც ვიცი, პატრიაქრის დაზეც არის საუბარი, რომელიც ხატების, სანთლების და საეკლესიო ნივთების ბიზნესით არის დაკავებული. ასევე, წერილში აღწერს ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირიების მძიმე ზნეობრივ მდგომარეობას. მისი ციხიდან გამოსვლა კი არა, ზიარებაც არ უნდათ, რადგანაც მან ზიარებამდე აღსარება უნდა ჩააბაროს. ამ დროს კი მან ყველაფერი სიმართლე უნდა თქვას, რაც ძალიან ბევრ სასულიერო პირს არ სურს. არ არის გამორიცხული, რომ დეკანოზს პატრიარქმა ზურგი სწორედა ამის გამო აქცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას თორნიკე მამალაძე.

 

“დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილის შინაარსის შესახებ კომენტარს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე აკეთებს. მისი თქმით, წერილში კონკრეტული არაფერი წერია და სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ მისი შინაარსი ეკლესიის რეპუტაციას შელახავს. მისი აზრით, ეს არის მორიგი ლაფის შესხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. “იმედს ვიტოვებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე ამ წერილს გაასაჯაროებს. როგორც ვიცი, მასში კონკრეტული არაფერი წერია. ეს არის მორიგი ბუნდოვანი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საპატრიაქროს გარშემო არსებული მდგომარეობა უფრო გაამძაფროს. ეს არის დეკანოზის მხრიდან შანტაჟი. ის წერილში ითხოვს, რომ თუ რაღაც კონკრეტულს არ შემისრულებთ, მაშინ მე გამოვაქვეყნებ ისეთ რამეს, რომელიც თქვენ ზარალს მოგაყენებთ. რაც შეეხება უწმინდესის დას, აქ მასზე საუბრი საერთოდ არაა”, - აცხადებს ჯაღმაიძე, რადგან მისი აზრით, “რაც შეეხება სანთლის წარმოებას და გაყიდვას, მერე რა? ამაში განსაკუთრებული არაფერია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 882 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.