ამ გვერდის ამობედვა

პატრიარქი: რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი დღე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ისტორიულ თარიღს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

ილია მეორის თქმით, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში.

"ჩვენ ქედს და მუხლს ვიყრით ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამ აღდგენისთვის. ეს იყო კირიონ პატრიარქი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და სხვა.

საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგალის დროს, მეხუთე საუკუნეში. პირველი კათოლიკოსი პეტრე ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეების განმავლობაში სულ ვიცავდით ჩვენს ავტოკეფალიას. 1500 წელი დასჭირდა, რომ ეცნო მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ჩვენი ავტოკეფალია. ეს იყო დიმიტრიოსი, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს პირველის წინ.

შევთხოვთ უფალს, რომ ავტოკეფალია სუფევდეს საქართველოში. ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში", – განაცხადა ილია მეორემ. 

ართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო, რომელიც რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით მართავდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

imedinews.ge

წაკითხვა 1097 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 25 2019