ამ გვერდის ამობედვა

"ჩიჩხიტურის მონასტერთან გზა ძალიან ახლოსაა მიყვანილი, დასანანია, რომ ამდენი სამუშაო ისე შესრულდა, რომ ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ"

ჩვენ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ მიგვაჩნია,რომ ეს არის საერთო პრობლემა,- ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯში არსებული ვითარების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

სასულიერო პირის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ არსებულ ვითარებაში პროცესები გამჭვირვალე იყოს.

 

საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად დაათვალიერა დავით გარეჯში არსებული ვითარება. კერძოდ, მათ, ქედიდან დაათვალიერეს ის გზა, რომლის გაყვანაც აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

 

"ჩვენ გუშინ გვქონდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან დიალოგის შემდეგ მიღწეულია მოლაპარაკება სამუშაოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა დილას ტექნიკა აქ ისევ მუშაობდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თვალით გვენახა. ავედით, ამ ქედს იქეთ უკვე ის ტერიტორია, სადაც სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძიმე ტექნიკით ხდებოდა გზით გაყვანა. ახლა, ამ წუთას ტექნიკა გაყვანილია, თუმცა გზა ძალიან ახლოსაა მიყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან. ძალიან დასანანია, რომ ამდენი სამუშაო შესრულდა ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვეთ",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

თუ როგორ განვითარედება მოვლენები დეკანოზის თქმით, ამის ჩამოყალიბება რთულია.

 

"ვითარება ზოგადად, ასეთია - 1996 წელს ორ ქვეყანას შორის დადებული იყო ხელშეკრულება და შეთანხმება იყო მიღწეული, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ესარგებლათ 1938 წელს შექმნილი რუკით. ამ რუკების მიხედვით, საზღვარი გაცილებით შორსაა ამ ქედიდან, თუმცა შემდგომში, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, ამ კომისიის მიერ დადგენილი ხაზები არ ემთხვევა იმ რუკას,რომელზეც შეთანხმებული იყო ეს ორი სახელმწიფო - გაცილებით, აქეთ არის. ამ ეტაპისთვის საზღვრის ეს მონაკვეთი არის შეუთანხმებელი. შეუთანხმებელ მონაკვეთში ისედაც დარღვევაა რაიმე სამუშაოების შესრულება. ამიტომ, ჩვენ, ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე ვართ, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეულია რიგი ხელშეკრულებები და კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა გზის ბოლომდე გაყვანა შეაჩერა.

 

"გუშინ დასრულდა მოლაპარაკებები და დღეს ტექნიკა გაყვანილია.უბრალოდ, დილას კიდევ რომ მუშაობდა ეს ტექნიკა გამოიწვია რიგი გაუგებრობები. გზა,ბოლომდე არაა მიყვანილი. რომ არა ეს მოლაპარაკებები, ალბათ, გზას ბოლომდე მიიყვანდნენ. იქ დარჩენილი მონაკვეთი აღარ მუშავდება. გზა აღარ გაჰყავთ და ახლა, გაჩერებულია", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

წაკითხვა 884 ჯერ