ამ გვერდის ამობედვა

რა უნიკალური ეროვნული ფასეულობებია დავითგარეჯის გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზულ კომპლექსში

“გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზული კომპლექსი, ერთი უდიდესთაგანი მსოფლიოში მდებარეობს თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ მანძილზე, იმ მთების კალთაზე, რომლებიც ივრისა და მტკვრის აუზებს ჰყოფს.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გამოქვაბულთა კლდეში გამოკვეთა საქართველოს უძველესი ხანის ისტორიიდან არის ცნობილი და ხშირად მთელ ქალაქად გვხვდება. ერთ-ერთი მათგანია დავითგარეჯა, რომელიც გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე 25 კმ მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს. მონასტერი დაარსდა 6 საუკუნეში, ასურელ მამათაგან ერთ-ერთის წმინდა დავით გარეჯელის მიერ, რომელიც თავის მოწაფე ლუკაიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უბანოში და დასახლდა მღვიმეში. აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმინდა დავითის ლავრა ეწოდება. გარეჯი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც “გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავითგარეჯის საიდუმლო - რა უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს მსოფლიოში უდიდეს გამოქვაბულ-მონასტერში.

 

“უძველესი მონასტერი დავითის ლავრა დაარსებულა მე-6 საუკუნეში ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ. მის დროს შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომელიც საერთო კომპლექსში შედის. ე.წ. დიდოს რქა და ნათლისმცემელი. სამი სხვა მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი უფრო გვიან დაარსებულა. შუა საუკუნეთა მანძილზე, თვით მე-18 საუკუნის მიწურულამდე არ შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება. სასულიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობა. განსაკუთრებული აყვავების ხანა მე-11-13 საუკუნეები იყო საქართველოს სამეფო გაერთიანების დროს, დავით გარეჯში მრავალი ასეული გამოქვაბული, სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრი მათგანის კედლებმა შეოგვინახა დიდად მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები, ისტორიული პირების” - ასე აღწერს ნაშრომში “ქართული ხუროთმოძღვრება” დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს ცნობილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ ბერიძე. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, “გარეჯის მთას არს მონასტერი კლდესა შინა განკვეთილნი. სენაკნი, ტრაპზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი”. შემდეგ მისმა მოწაფეებმა დააარსეს კიდევ ორი მონასტერი დიდომ - დიდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი”. დავითგარეჯის მონასტრის შემდგომი განვითარება მე-9 საუკუნეში წმინდა მამის ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება. მან გააფრთოვა და გადააკეთა წმინდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა ჩამოთვლის კიდევ რამდენიმე მონასტერს - აღდგომისა წამებული, თეთრ- სენაკები, მაღაზანა, ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პიროკუღმარი. მე-12 საუკუნეში დავითგარეჯის განვითარება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, იგი ხელს უწყობდა მონასტრების დაწინაურებას, ისინი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. შემდგომ საუკუნებში დაარსდა ახალი მონასტრები უდაბნო, ბერთუბანი და ჩიჩხიტური. გაფართოვდა დავითის ლავრა. აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზოები და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზარვუარები. 1265 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და ააოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები. მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში გიორგი ბრწყინვალემ დავითგარეჯა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად აქცია. მონასტრის მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებებში. მე-14 საუკუნის ბოლოს თემურლენგმა მრავალი ლაშქრობის დროს ცეცხლითა და მახვილით დაარბია დავითგარეჯის მონასტერი. ხოლო 1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს. 1639 წელს კი თეიმურაზ პირველმა სპარსელთა ლაშქრობის შემდეგ დანგრეული მონასტრები აღადგინა და აქ სამონასტრო ცხოვრება გაგრძელდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“დავითგარეჯას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიაში, განსაკუთრებით გამოირჩევა კედლის მხატვრობა. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, უდაბნოს მონასტერში არსებულმა გარეჯის სამხატვრო სკოლამ, თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. შემონახულია ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი. დავით აღმაშენებლის პორტრეტი ნათლისმცემლის მონასტერში. თამარისა და ლაშა გიორგის ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორთა - უდაბნოში, ასევე დავით გარეჯელის ცხოვრებიდან გამოსახული სცენები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია უძველესი არტეფაქტები, მათ შორის თამარ მეფის მონეტა, ნათლისმცემლის მონასტრის ზეოში, სპილენძის ორი თეფში წარწერით, ბრინჯაოს შანდლალი წარწერით “ქ. მეფე თეიმურაზი”, რომელიც მეფე თეიმურაზს გარეჯის მონასტრისთვის შეუწირავს. დავითგარეჯში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები - ონოფრე გარეჯელი, დემეტრე პირველი, სულხან საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილი, ანტონ პირველი, ტიმოთე გაბაშვილი. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს. დავითგარეჯაში არსებობდა ხელნაწერთა მდიდარი საცავი”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 1284 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2019