ამ გვერდის ამობედვა

“ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”- განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში

“ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქს ერთგვარ დაუმორჩილებლობას უცხადებს და შიომღვიმის მონასტერში განმწესების შესახებ განკარგულების შესრულებას არ აპირებს, მეტიც გეგმავს ბრძოლას „ეკლესიის გაჯანსაღებისთვის."

მისი მკვეთრი და რადიკალური განცხადებები შესაძლოა, საპატრიარქოში ერთგვარი განხეთქილების საგნადაც იქცეს, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მრევლისა თუ საეკლესიო პირების გაყოფის ტენდენციის საფუძველი გახდება. მეუფე პეტრეს მოწინააღმდეგეებთან ერთად მომხრეებიც ჰყავს, რომლებიც ყოფილ მიტროპოლიტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ; გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია რამდენიმე სასულიერო პირმაც დატოვოს. უკვე ცნობილია, რომ ეპარქიას ტოვებს იღუმენია თამარ გამყრელიძე. ეპარქიის ყოფილ მმართველთან ერთად ჭყონდიდის დატოვებას რამდენიმე მონაზონიც აპირებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია” / არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია რამდენიმე სასულიერო პირმაც დატოვოს.

 

"ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე პატრიარქის ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შიომღვიმის მონასტერში განწესდა. თუმცა, მეუფე პეტრე მაინც აცხადებს, რომ შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს. ის სავარაუდოდ, თბილისში წავა. „მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები," - ამბობს მეუფე პეტრე. ყოფილმა მიტროპოლიტიმა 4 ნოემბერს მარტვილში, ეპარქიაში პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ის ეკლესიიდან განკვეთასაც არ გამორიცხავს: „ვნახოთ, აბა, თვითონ რას მოიმოქმედებენ. მინდა გითხრათ, რომ „ციანიდის სკანდალის" შემდეგ, ანუ იმის მერე, რაც იკადრა საპატრიარქომ და რასაც მე ვხედავ - ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას მათ შორის, სასულიერო პირებისა, თუ მაღალი იერარქიისგან, არაფერს გამოვრიცხავ. "უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ვერ წარმომიდგენია, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაინიშნოს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ეს რა თქმა უნდა, უხერხული იქნება," - განაცხადა მეუფე პეტრემ. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შესაძლოა საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად ვიხილოთ საქართველოს ტერიტორიაზე, მეუფე პეტრემ „მორიგ ჭორს" უწოდა: "ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი."- განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საპატრიარქოში განხეთქილება უკვე დაიწყო, რასაც გაგრძელება აუცილებლად ექნება. „ბუნებრივია, საპატრარქოში გარკვეული განხეთქილება არსებობს. არიან პატრიარქისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები და არიან რეფორმატორები, რომლებსაც ეკლესიაში გარკვეული რეფორმები სურთ. ქართული ეკლესიის ფაგრლებში, დებატები შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს," - ამბობს ჩიტაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არსებული სურათის უფრო მეტად დამძიმებას არ ელოდება. „როდესაც ორივე მხარეს არიან ადამიანები, გაყოფა ბუნებრივია, მაგრამ გააჩნია რამდენად მომგებიანი იქნება ეს გაყოფა. უნდა გაირკვეს საუბარია საეკლესიო კანონების დაცვა-არდაცვაზე, თუ მეუფე პეტრეს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. „ეკლესია არ არის ჩვეულებრივი ინსტიტუტი. ეს იერარქიული ინსტიტუტია. ადრეც იყვნენ კრიტიკულად განწყობილი პირები იმის მიმართ, რაც ეკლესიაში ხდება, მათ მოუწიათ ანაფორის გახდა. დარჩენა ამ ტიპის სტრუქტურაში და ბრძოლა, ცოტა გაუგებარია. ასეთი პროცესი არამგონია სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ორივე მხარეს თანაბარი ძალებია. არ იქნება ის რაოდენობა, რომელიც განხეთქილების სურათს შექმნის," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ”, - დასძენს გამოცემა.

 

"ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრეს მხარეს დადგებიან ის პირები, ვისაც ეკლესიაში გარკვეული რეფორმის გატარება სურთ. "ეკლესიის შიგნით შედარებით რეფორმატორული ძალები დაუჭერენ მხარს (პეტრე ცაავას), რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკლესიის შემდეგომი რეფორმირებით, რომ რაღაც პრობლემები, კორუფციასთან დაკავშირებით და ა.შ. ნაკლები იყოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. ცნობისათვის, მეუფე იაკობ იაკობაშვილის განცხადებას სინოდის სხდომის გამართვა მოჰყვა, რომელიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით დასრულდა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, პატრიარქის მხილება გახდა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი, ის ეპარქიის მმართველად რჩება. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) შეცვლის, რომელიც პირველ ნოემბერს, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, მარტვილში ჩავიდა და ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასა და მრევლს შეხვდა. შეგახსენებთ, სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა მეუფე იაკობის განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შესახებ. როგორც მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ"- წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 663 ჯერ