"ეკლესია ვერ გაჩერდება"- საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დავით გარეჯის საქმე - საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია ხშირად მოუწოდებდა სახელმწიფო სტრუქტურებს 1938 წლის რუკის გამოყენების თაობაზე, თუმცა კომისიამ რუკის ასლები არაავთენტიკურობის ნიშნით დაიწუნა.

 

"ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.

 

შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

 

საპატრიარქოს თქმით, ეკლესიის წარმომადგენლები დავით გარეჯის საკითხის წამოჭრას ყველა შესაძლო ტრიბუნის გამოყენებით ცდილობდნენ.

 

"აღსანიშნავია 2019 წლის ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს პირადად გადასცა დავით გარეჯის პრობლემის თაობაზე ეკლესიის ხელთ არსებული ყველა მასალა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თანადგომა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

საქართველოს საპატრიარქო განმარტავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მდებარე ტაძრები სამართლებრივად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, რაც ვალდებულს ხდის ეკლესიას, იზრუნოს მათ დასაცავად.

 

"აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

წაკითხვა 585 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.