დავაში ჩაძირულნი: რატომ აპროტესტებენ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობას

რუსული გაზეთი „იზვესტია“ («Известия») აქვეყნებს სტატიას სათაურით „დავაში ჩაძირულნი: რატომ აპროტესტებენ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობას“, რომელიც ქუთაისში გამართულ აქციას ეხება (ავტორი - იგორ კარმაზინი). პუბლიკაციაში ასევე განხილულია თბილისში მიმდინარე პოლიტიკური მიტინგებიც.

 

როგორც ცნობილია, მდ.რიონზე, რომლის ნაპირებზეც ქუთაისია გაშენებული, ორი ჰესი შენდება - „ნამახვანი“ და „ტვიში“ - თურქული კომპანიის ENKA-ს მონაწილეობით. კასკადს, პროექტის მიხედვით, 433 მეგავატი ელექტრონერგიის გამომუშავება შეუძლია, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 12%-ს დაფარავს... მაგრამ აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ჰესების მშენებლობითა და წყალსაცავების შექმნით სოფლები წყალში ჩაიძირებიან, შეიცვლება ადგილობრივი კლიმატი, რაც, თავის მხრივ, ვაზის იშვიათი ჯიშების გადაშენებას გამოიწვევს. აქტივისტები იმოწმებენ აგრეთვე ეკოლოგების გამოთვლებს, რომ თუ კაშხალი დაზიანდება ან დაინგრევა, წარმოქმნილი წყლის 34 მეტრი სიმაღლის მქონე ტალღა ქუთაისს 20 წუთში მიაღწევს და ქალაქს გაანადგურებს.

 

თავის მხრივ, თურქული კომპანია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ადგილობრივი მოსახლეობა რისკებს გადაჭარბებულად წარმოსახავენ. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ „ჰესების მშენებლობისათვის ყველანაირი ნებართვა მიღებულია და პროექტი უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს“.

 

„საინტერესოა, რომ ქუთაისში აქციას უკრაინიდან მხარი დაუჭირა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. არადა, მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკება [თურქებთან] სწორედ მისი მმართველობის დროს - 2009 წელს დაიწყო...“, - წერს ავტორი.

 

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე თბილისში მიმდინარე ოპოზიციის (ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“) ანტისამთავრობო გამოსვლებზეც. ყურადღება გამახვილებულია იმ კრიზისზე, რომელიც ოპოზიციონერ ნიკანორ მელიას დაკავებამ გამოიწვია და რომელსაც ჯერ მთავრობის გადადგომა, შემდეგ კი ახალი მთავრობის შექმნა მოჰყვა.

 

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ექსპერტის თვალსაზრისს იმოწმებს:

 

„ექსპერტები თვლიან, რომ ქუთაისისა და თბილისის ქუჩის აქციები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე, სავარაუდოდ, გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენენ. „საქართველოს მოსახლეობა დაიღალა ოპოზიციის უშედეგო გამოსვლებით ხელისუფლების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არც პოლიტიკური პროგრამა აქვთ, არც გავლენიანი ლიდერები ქვეყნის შიგნით. ამ პროტესტების აზრი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური სიცოცხლე გაუგრძელდეს. იგი ხვდება, რომ მას მალე დაივიწყებენ და ყველანაირი ხერხით სარგებლობს, რომ იტივტივოს. ასეთი პროტესტები დამარცხებისთვისაა განწირული“, - ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში რუსი ექსპერტი არტურ ატაევი“.

 

წყარო: https://iz.ru/story/rasprostranenie-koronavirusa

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 377 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.