ქეთი ბერძენიშვილის დედა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს
მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგის საშუალებით მიმართა.
ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
„დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც განაპირობა, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ. ამიტომ, მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებით გვაქვს და რასაც ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის ის, თუ როგორ ჩატარდა ოპერაცია, სათანადოდ ჩატარდა თუ არა? ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდგომ, კლინიკამ რამდენად უზრუნველყო ყველა სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა? რამდენად იყო ეს სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში“, — ამბობს ჟურნალისტის ოჯახის ინტერესების დამცველი, მარიამ ლევიძე.
გარდაცვლილი ჟურნალისტის დედა მაგული ჩხობაძე ფიქრობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ჰოსპიტალური ინფექცია და შეუსაბამო პოსტოპერაციული მკურნალობა გახდა.
„მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს. ხდება კი საქართველოში ღვიძლის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არა მაქვს. ამიტომ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვძრავ. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველომ შეისწავლოს არსებული საკითხი, თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება. 6 თვე გავიარეთ ჩვენ ეს, 8 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით”, — ამბობს მაგული ჩხობაძე.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი, რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ნოემბერში სტამბოლში გარდაიცვალა. ის რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი