ამ გვერდის ამობედვა

კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი საქართველოში - “საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზოს ნატოს”

“თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ პერსპექტივაში, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება.

ამის შესახებ მან ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას განუცხადა. მინისტრის თქმით, "ჩვენ აშშ-სთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვაქვს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალში ეს თანამშროლობა გაფართოვდეს". საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიას შეფასებით, თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი განცხადება ამერიკულ ბაზებზე დროული და მისასალმებელია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი საქართველოში - “საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზოს ნატოს”.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ბაზების განთავსებაზე საჯარო საუბარი არ მიმდინარეობს, ეს განცხადება არის დადებითი მესიჯი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის შეუსაბამო განცხადება გააკეთა თვის დასაწყისში, როცა თქვა, რომ ამერიკული ბაზები რეკომენდირებული არ არის. „აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხი გადის სწორედ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის, შესაბამისად თავდაცვის მინისტრის განცხადება ძალიან დროულია და მისასალმებელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების საკითხი,"- აცხადებს აქუბარდია. მისი თქმით, ნატო-ს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე აშშ-ის ბაზების არსებობა არის ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, მათი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების მთავარი გზა. „ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, გარდა იმისა, რომ საქართველოს სურს დემოკრატიულად განვითარება, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დღეს ქვეყნის უსაფრთხოება რუსეთის მიერ არის დარღვეული, ოკუპაცია შემდგარი ფაქტია და მცოცავი ანექსია საქართველოში ყოველდღიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ინტერესია და რა გზით მოხდება ამის დაცვა - იქნება ეს ნატო-ში გაწევრიანება თუ მანამდე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება და შემდგომ ნატო-ში გაწევრიანება, ეს ტაქტიკური საკითხია,"- ამბობს აქუბარდია“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის თემა თვის დასაწყისში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ბაზების შესაძლო განთავსებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ეს რეკომენდირებული არ არის" და „პროვოკაციად შეიძლება იყოს აღქმული", რასაც მაშინ თბილისში დიდი ხმაური და კრიტიკული განცხადებები მოჰყვა ექსპერტებსა და ოპოზიციაში. ზურაბიშვილის შეხედულების გამართლებით თავი მაშინ „ოცნების" ლიდერებსაც არ გამოუდვიათ. უფრო მეტიც, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისიც კი თქვა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" წევრი არ არის და მის განცხადებას „პარტიასთან ნუ გავაიგივებთ". ამჯერად, ზურაბიშვილის შეხედულებას თავდაცვის მინისტრიც გაემიჯნა. როგორც „ამერიკის ხმა" წერს იზორიამ თავი შეიკავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან, თუმცა თქვა, რომ პერსპექტივაში ამერიკულ ბაზების არსებობას მხოლოდ მიესალმებოდა. გარდა ამისა, მინისტრმა ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება კონკრეტულად რას გულისხმობს, ეს ჯერ გაცხადებული არ არის, თუმცა, თეონა აქუბარდიას თვალსაზრისით, დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გააქტიუროს თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში შესთავაზოს ალიანსს, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი გაიხსნას“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"მისი თქმით, ყირიმის ანექსიისა და 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაზე დაარღვია სტრატეგიული ბალანსი, რამაც საფრთხე შეუქმნა, როგორც უსაფრთხოებას, ასევე ვაჭრობის საკითხს, რბილ უსაფრთხოებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიღო ნატო-მ ინიციატივა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გაძლიერდეს და საქართველო და უკრაინა, როგორც ნატო-ს არაწევრი, თუმცა პარტნიორი ქვეყნები ამ ინიციატივაში არიან ჩართულები. „იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმდება იმ ინიციატივაზე, თუ რა შეიძლება მან, როგორც შავი ზღვის ქვეყანამ, შესთავაზოს ნატო-ს, მნიშვნელოვანი იქნება კიბერუსაფრთხოების ცენტრის თუ ჰიბრიდული ომის ცენტრის შექმნა. ვფიქრობ, რომ მთავრობაში უნდა განიხილებოდეს ასეთი საკითხები და უნდა მოხდეს პარტნიორებთან აქტიურობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თუ რა დამატებითი კომპონენტი შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ნატო-ს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში საქართველომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, რაც მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, - დასძენს აქუბარდია“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 702 ჯერ

სიახლეები