March 28, 2024

“ღამით მამამისი მოვიდა და გამაუპატიურა”- 16 წლის გოგონას მოძალადის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს

ლაგოდეხის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო გამოძიება 16 წლის გოგოს მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე.


გოგო ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგო ორსულად იყო და იმავე დღეს ბავშვი გააჩინა.

 

სკოლის დირექტორის თქმით, გოგოს ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა არც მან, არც მასწავლებლებმა.

 

გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.

 

„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ“, – ამბობს გოგო.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სaმინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბავშვის მამის დასადგენად და მას შემდეგ, რაც ბავშვის მამის ვინაობა დადგინდება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.

 

მშობიარობის შემდეგ გოგო ნათესავებმა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანეს, ჩვილი კი საავადმყოფოში დატოვეს.

 

გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გოგო გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

 

გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

 

გოგოს ოჯახი და ახლობლები სამართალდამცავებისგან სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვენ და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მიიმალოს. გოგოს და მის მშობლებს, დღეს, საღამოს უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი, რომელიც მსხვერპლის ინტერესებს დაიცავს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

წაკითხვა 1018 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.