13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

2015 წლის, 13 ისვნისს, ძლიერი, გადაუღებელი წვიმის შედეგად  მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობა მოხდა.

სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი. მოვარდნილმა წყალმა თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას შეეწირა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

 

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის მერიას ფინანსური დახმარება გაუწია.

 

ტრაგედიას გამოეხმაურა ილია II, რომლის თქმით, თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს.

 

სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

 

სტიქიურ უბედურებას შეეწირა 19 ადამიანის სიცოცხლე, დაკარგულია 6 ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.

 

სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. დაიტბორა ნუცუბიძის პლატო. ვერეს ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა. ჩამოინგრა კაზინო „ევროპას“ კედელი. ასევე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და იქ მცხოვრები ძაღლების უმეტესობა იმსხვერპლა. ასევე, თავშესაფარში ცხოვრობდნენ დათვებიც და ყველა მათგანი დაიხრჩო.

15 ივნისის საღამოსთვის, ზოოპარკის თანამშრომლებისა და მისი დირექტორის განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში უკვე აღარც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. ზოგი მათგანი დაძინებულ იქნა და შემდეგ დაბრუნებული ზოოპარკში, ხოლო ზოგიერთის მათგანის ლიკვიდაცია ადგილზევე განხორციელდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

 

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ დატბორილა ზოოპარკიც.

 

ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები წყლით აავსო და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

 

თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კუნძულზე, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი დაიდგა.

წაკითხვა 2433 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.