March 28, 2024

"საქართველოში მყოფი ყველა ტურისტის, მათ შორის რუსების უსაფრთხოება დაცული იქნება"

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა.

 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოლიტიკოსებმა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის ძალიან ცუდი ფორმით გამოყენება სცადეს.

 

„რუსთაველის გამზირზე ემოციურად ძალიან მძიმე მოვლენებს ჰქონდა ადგილი. სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ცუდი ფორმებით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა. სამწუხაროა ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც პარალმენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს ეკისრება და ეს კარგად გვაქვს გააზრებული. რეაგირება მყისიერი იყო - პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თანამდებობა  დატოვა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმ საღამოს. ემოციურად ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ისაუბრო იმიტომ, რომ  მძიმეა სურათი, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო  პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პირდაპირ მოუწოდებდნენ პარლამენტში შევარდნისკენ. ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ფაქტებსაც და ყველა, შესაბამისად აგებს პასუხს.

 

„ჩვენ ასევე, ვნახეთ ცალკეული ეპიზოდები ძალის გადამეტების და ამაზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს მოკვლევა. პროკურატურაშიც მიმდინარეობს მოკვლევა კონკრეტულ ფაქტებზე და ყველა აგებს პასუხს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას, სახელმწიფო გადატრიალებას და დამხობას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ასევე დაისჯება ყველა, ვინც ძალას გადაამეტა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ტურისტულ მიმართულებაზე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, საქართველოში მყოფ არცერთ ტურისტს და მათ შორის, რუს ტურისტსაც პრობლემა არ შეექმნება და მათი უსაფრთხოება იქნება დაცული.

 

„ჩემი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვიხაროდა, ბოლო წლების განმავლობაში როგორი სტატისტიკაც იყო ტურისტული ზრდის მიმართულებით. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ფაქტი, რომ ტურისტების მიმოსვლა შეიზღუდოს, სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ეკონომიკაზე აისახება. ძალიან მარტივია გადავხედოთ მონაცემებს - ბოლო წლებში რამდენი სასტუმრო, კაფე-ბარი გაიხსნა, როგორ განვითარდა ჰოსტელები. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავალია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც რუსეთის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას აუკრძალავდნენ, ძალიან ცუდია.

ქართველებს ეროვნული ნიშნით არანაირი ფობია არ გააჩნიათ და ამის დასტური ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციაა, რითაც ვამაყობთ. ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას პრობლემა რუსეთში და ამავდროულად, არც რუს ტურისტს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას საქართველოში. როგორც ყველა ტურისტის, ასევე რუსების უსაფრთხოება დაცული იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი შესაძლებლობები, ულამაზესი ადგილები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. გვაქვს ყველანაირი პირობა - მთა, ზღვა, სტუმართმოყვარეობა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოთი დაინტერესდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 575 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.