მავთულხლართზე დასერილი ხელები – როგორ იპარებიან აბიტურიენტები გალიდან

აბიტურიენტმა, რომელიც კლასელებთან ერთად, გალიდან ზუგდიდში ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის ჩასვლას ენგურზე შემოვლითი გზებით ცდილობდა, მავთულხლართზე ხელი გაიჭრა.

აბიტურიენტს, რომლის სახელს და გვარს, მისი და მისი კლასელების უსაფრთხოების მიზნით, ვერ ვწერთ, ნაკერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სამედიცინო დაწესებულებაში დაადეს.

 

ქეთი [სახელი შეცვლილია] „ნეტგაზეთთან" სატელეფონო საუბარში ყვება იმ რთული გზის შესახებ, რომელიც გალის რაიონის სკოლების აბიტურიენტების ნაწილმა ზუგდიდში გამოცდებზე მოსახვედრად გამოიარა.

 

აბიტურიენტი ამბობს, რომ წამოსვლა შემოვლითი, მავულხლართებიანი გზით მოუწიათ, სადაც მშობლების გარეშე წავიდნენ.

 

"მშობლები არ წამოვიყვანეთ თან - რომ დაეჭირათ ისინი, უარესი იქნებოდა ყველასთვის. ამიტომ გადასასვლელთან დავტოვეთ. იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ რუსებს სათვალთვალო კამერები უკვე დაუყენებიათ იქ, რომ არავინ გადასულიყო. იქ სადაც ნაკლები კამერა იყო, ის გზა ავირჩიეთ. მთელ გზას ორმაგი მავთულხლართი გასდევს. ერთი წყება მავთულხლართის შემდეგ მეორე, უფრო მაღალი იწყება. შეუძლებელია გაარღვიო ის შეუიარაღებელი ხელით, რადგან ზედა ნაწილი სამართებლივითაა. ალბათ, ნახევარი საათი დაავდიოდით ასე უმისამართოდ. უცებ დავნახეთ, რომ რუსების "ვილისი" მოდიოდა. ორი ჩვენგანი ღობის მიღმა ორმოში დაიმალა, დანარჩენები - ერთ ძველ შენობაში.

 

როგორც კი წავიდნენ რუსები, შევამჩნიეთ მონაკვეთი, ვიწრო კარით, მავთულხლართის გარეშე, რომელიც ეტყობა დატოვეს თავისთვის გადასასვლელ გზად. ერთმანეთისთვის ვიჭერდით ამ კარს, რომ გავსულიყავით, სხვანაირად ვერ გავიდოდით. ამ კარის შემდეგ აღმოვჩნდით მუხლებამდე ტალახში. ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ თან გვქონდა ზურგჩანთები წიგნებით და პირველადი საჭიროების ნივთებით.

 

როგორც იქნა, ენგურამდე მივედით. რამდენიმემ გადავიარეთ წყალი და უკან როდესაც მოვიხედეთ, ვნახეთ რომ ჩვენს თანმხლებ გოგოს ისტერიული ტირილი აუვარდა და ვეღარ მოდიოდა, წყლის ეშინოდა. ვერ დავტოვებდით ასე, მივბრუნდი და ძალით ჩამოვიყვანე წყალში, მთელი ძალით ვექაჩებოდი. ბიჭიც გვახლდა თან და ის დამეხმარა. როგორც კი გამოვიარეთ ენგური, ქართველების საგუშაგოდან დაგვინახეს. მივხვდით, რომ საფრთხე აღარ გვემუქრებოდა [მთლიანობაში 40 წუთი ვიარეთ]. დავურეკეთ ჩვენს კლასელ ბიჭს და ვუთხარით, რომ არის შანსი და იგივე გზით წამოსულიყო და იქ დავუცდიდით. მართლაც წამოვიდა, მაგრამ ის ვიწრო კარი, რომელიც უნდა გამოევლო, თავად მარტომ ვერ დაიჭირა, ხეზე ავიდა, ხის ტოტი ჩამოუტყდა და მარცხენა ხელით მავთულხლართს ჩამოეკიდა".

წაკითხვა 1158 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.