ნერვების ომის კულმინაცია - რისთვის მიჰყავთ "რუსთავი 2”-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი

"რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, ეს ისედაც არსებული მოლოდინი ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა უკვე დააანონსა კიდეც და ახლა უკვე დროის საკითხია, როდის მოხდება ეს - როდის იშოვის და დანიშნავს ხალვაში ახალ მმართველს - „ევროპელ თუ ამერიკელ მედია-მენეჯერს".

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები და ოპოზიცია აცხადებენ, რომ ეს არის ცენზურის დაწესების დაანონსება, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. ჟურნალისტების განცხადებით, მათ ახალმა გენდირექტორმა პირობა მისცა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდებოდა, თუმცა, ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და ხალვაშის განცხადება არის სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი შეტევა და ღია დაპირისპირება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნერვების ომის კულმინაცია - რისთვის მიჰყავთ "რუსთავი 2”-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.


"ქიბარ ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან 5 დღის შემდეგ უარით უპასუხა „რუსთავი 2"-ის მოქმედი სტაფის, ჟურნალისტებისა და საინფორმაციო განყოფილების პროდიუსერების მოთხოვნას, რომ ხელშეკრულების გაფორმებით თანამშრომლებისთვის მიეცა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები და განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა ახირება, დესტრუქციული ამოცანები და კაპრიზია. უფრო კონკრეტულად კი, ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის საკუთარი სიტყვის ერთგული რჩება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული, თუმცა „სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას". წერილში ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება. „როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში. „მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი... დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას", - ნათქვამია განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.


"ხალვაში ამ განცხადებას დიდი გამოხმაურებები მოჰყვა, ტელევიზიაშიც, ოპოზიციაშიც და ექსპერტებშიც. ,,რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ხალვაშის განცხადებას „ფეისბუქით" გამოეხმაურა. ,,ახირება, კაპრიზი და დესტრუქციული ამოცანა. ამ სიტყვებით მიმართა ქიბარ ხალვაშმა გუნდს, ყველაფერი გასაგებია, საბჭოს შექმნის მოთხოვნა, სადაც მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული NGO-ები იქნებოდნენ, ყოფილა ახირება კაპრიზები და დესტრუქცია", - წერს მელაძე. საგულისხმოა, რომ სამი დღის წინ "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა არხის ახალ მფლობელს და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა და საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების შეყვანა შესთავაზეს. ახლად დანიშნულმა გენდირექტორმა პაატა სალიამ ამ საბჭოს შექმნაზე უარი განაცხადა, მაგრამ პირობა დადო, რომ არც სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერეოდა და არც ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებდა, თუმცა, ხალვაშის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხალვაშმა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე შეტევა დაიწყო”, - განაგრძობს გამოცემა.


"არასამთავრობოები თვლიან, რომ ხალვაშის ამ წერილით სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს ვერ ხედავენ. ასევე, ნაწილი ვარაუდობს, რომ ხალვაშს ეს ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა ადამიანებმა დაუწერეს „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძის თქმით, მოულოდნელი არ არის, რომ ხალვაშს არხის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, როცა არხი საკმაოდ კრიტიკულია პირადად მისდამიც. მისივე თქმით, ხალვაშის განცხადებიდან ვერ ხედავს, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიები არსებობს. საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე ეჭვობს, რომ აღნიშნული ტექსტი არა ქიბარ ხალვაშის, არამედ ხელისუფლებასთან აფილირებული პირების დაწერილია. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ „რუსთავი 2"-ის ახალ მფლობელს არ აქვს წარმოდგენა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. "ვფიქრობ, რომ მას არ აქვს ცოდნა და გამოცდილება, რომ თუკი რაიმე კონკრეტული არ მოწონს და რაიმე ეთიკის ფარგლებს სცილდება, ეს თვითონ თვითრეგულირების საბჭოში შეიძლება გადაწყდეს და ამასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთება საერთოდ წარმოუდგენელია. მითუმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელიც უკვე ფლობს მედიას და ის ღია განცხადებით აძლევს ინსტრუქციას მედიას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის," - ამბობს გიგაური”, - დასძენს გამოცემა.


"მედიაექსპერტი ნინო დანელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორი დღეც ვერ გაუძლო ნერვებმა, როცა დაინახა, რომ „რუსთავი 2"-ს სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. „სინამდვილეში ეს ადამიანები რასაც ამბობენ, შეიძლება ამის სჯერათ, მაგრამ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამიტომ ნებისმიერი სხვა ადამიანის სიტყვის, პირობის ფასი არის ნული. ორი დღე გაუძლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა, მან ვერ აიტანა ის, რომ ამდენი ხნის ნაბრძოლ და მისი აზრით გამარჯვებულად დარჩენილ საქმეში ეს ტელევიზია ისევ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა აქამდე,"- ამბობს დანელია. ოპოზიციაშიც ყველა დარწმუნებულია, რომ ხალვაშის ეს განცხადება ივანიშვილის პიარ-სამსახურშია დაწერილი და წერილი სწორედ ივანიშვილის გაბრაზების გამოხატულებაა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 636 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 24 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.