"წასასვლელი არ მაქვს - თქვენს ხელში ადამიანს სული ამოეწურება" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
თბილისში რომ ვცხოვრობდე, ან სადმე რაიონში, ღამე წავიდოდი და დილით მოვიდოდი, მაგრამ წასასვლელი არ მაქვს არსად. ამოიწურა ყველა რესურსი, თქვენს ხელში რესურსი კი არა, ადამიანს სული ამოეწურება,
- ამ სიტყვებით მიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მას კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ.
სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს განუმარტეს, რომ კარვის დადგმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. თავის მხრივ, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კარავს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დადგამს.
„11 თვეა აქ ვიძახი ჩემს სათქმელს, დღე და ღამე აქ ვარ. აქ ხომ ტარდება სხვა აქცია? გამოდის, რომ აქ მთელი ახალგაზრდობა რომ დაასახიჩრეთ, იმისთვის გააკეთეთ, რომ ჩემი კარვები დაგეშალათ? მე პანკისის ხეობიდან ვარ, სადღაც ხომ უნდა ვიცხოვრო? რატომ ჩადიხართ უკანონობას? თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, აქ 11 თვე კარვები მქონდა გაშლილი, ისიც იცით აქ რა გამოვიარე, ისიც იცით, რა დამმართეს, რა დღეში ჩამაგდეს. რეაბილიტაციას, რომ დაიწყებთ, კარავს ავიღებ, ის არის სპორტული კარავი და როცა მინდა შემიძლია ავიღო. რეაბილიტაცია რომ დაიწყება, ამ კარავს ავიღებ, მე ჩემი სიტყვის კაცი ვარ ყოველთვის. არ არის საჭირო, არ გინდათ ჩემთან ასეთი დაპირისპირება. თბილისში რომ ვცხოვრობდე, ან სადმე რაიონში, ღამე წავიდოდი და დილით მოვიდოდი, მაგრამ წასასვლელი არ მაქვს არსად. ამოიწუარა უყველა რესურსი, თქვენს ხელში რესურსი კი არა, ადამიანს სული ამოეწურება. მე უკანონობას არ ჩავდივარ და წელიწადნახევარია უკანონობა არ ჩამიდენია. როგორც დანარჩენ მოსახლეობას, ისე გცემთ თქვენც პატივს, მე პრობლემა სხვა ადამიანებთან მაქვს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
აღნიშნულის მიუხედავად, სამართალდამცავები მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ.
„კარავს ვერ გაგაშლევინებთ. თუ კარვის გაშლა გინდათ იმის გამო, რომ რეგიონში ცხოვრობთ და ხშირად გიწევთ რეგიონში გადაადგილება და აქ უნდა იყოთ, მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ გაშალოთ კარავი. ამაში ხელს არ შეგიშლით“, - განუცხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მაჩალიკაშვილს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი