"ჩერნობილი 2“? - რადიაციამ სევეროდვინსკიდან საქართველომდე ჩამოაღწია

“8 აგვისტოს სევეროდვინსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიური სამსახურის მიერ გაავრცელებული ცნობით, ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა.

თუმცა, ამის შედეგები შესაძლოა გაცილებით სახიფათო იყოს. „ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლასინა ზერბომ გაავრცელა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ რადიაციამ უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოშიც შემოაღწია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ჩერნობილი 2“? - რადიაციამ სევეროდვინსკიდან საქართველომდე ჩამოაღწია

 

"რეზონანსი“ შეეცადა იმის გარკვევას, მომატებულია თუ არა საქართველოში რადიაციის დონე და რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ რადიაციის დონის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ახლომდებარე სადგურები მწყობრიდან გამოვიდა. სულ საუბარია 4 სადგურზე, რომლებიც აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც გამოცემა "უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რადიაციის დონის განმსაზღვრელი სადგურები საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში შედის. ეს ქსელი მონიტორინგს უწევს სეისმურ ძვრებს, ბგერით რყევებს და სხვა ცვლილებებს, რომელიც ბირთვულ ცდებს უკავშირდება. მოცემულ სადგურებთან უკვე რამდენიმე დღეა კავშირი გაწყვეტილია. ერთი ვერსიით, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ეს სადგურები მწყობრიდან გამოიყვანა. თუმცა, ასევე არსებობს ეჭვი, რომ რუსები მიზანმიმართულად ანადგურებენ მათ, რათა რეალური მონაცემების შეგროვება ვერ მოხერხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"რუსული საინფორმაციო სააგენტო „ერ-ბე-კას“ ცნობით, 20 აგვისტოს რადიაციის მონიტორინგისთვის განკუთვნილი კიდევ ორი სადგური გამოვიდა მწყობრიდან. ლასინა ზებრომ განაცხადა, რომ სევეროდვინსკში მომხდარი აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა ჩუკოტკაში მდებარე ქალაქ ბილიბინოსა და ალტაის მხარის სოფელ ზალესოვოში მდებარე სადგურები, გუშინ კი იგივე მოხდა კიდევ ორ სადგურზე, რომლებიც ქალაქებში დუბნასა და კიროვში მდებარეობს. რუსმა მაღალჩინოსნებმა განმარტეს, რომ სადგურებთან წვდომა შეფერხებული იყო იმიტომ, რომ საკომუნიკაციო შეფერხებები იყო შექმნილი. რაც შეეხება საქართველოში რადიაციის შესაძლო შემოღწევას, მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების კომპეტენტური წარმომადგენლებისაგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება „რეზონანსმა“ ვერ შეძლო. იმ რესპოდენტებს კი, რომლებსაც დავუკავშირდით, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ არის. „ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. იქ არის ბირთვული უსაფრთხოების (ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი) და ამ საკითხთან მიმართებით მომუშავე სპეციალიზირებული სამსახური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „რეზონანსი“ შეეცადა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან დაკავშირებას, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლის განხორციელებაზე, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე ამბობს, რომ საკითხს არ იცნობს და საჭიროების შემთვევაში სამოქალაქო თავდაცვის კუთხით უნდა გატარდეს ზომები: „მე მაგ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს წვდომა, არ დავინტერესებულვარ ჯერჯერობით. გავეცნობი ამ საკითხს. უნდა გავერკიო რაზეა საუბარი და რაც შეეხება მისაღებ ზომებს, სამოქალაქო თავდაცვის კუთხით უნდა იყოს მიღებული“, - ამბობს კობა კობალაძე. აღსანიშნავია, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს, „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელ ნინო ჩხობაძეს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია გაჩეჩილაძეს ვერ დავუკავშირდით”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1194 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.