"როდესაც შევიტყვე შენი შემზარავი საქციელის შესახებ, არაადამიანურმა შიშმა შემიპრო" -რაიან სმიტის დედა მალხაზ კობაურს დანაშაულს პატიობს

ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში, ჩადენილ დანაშაულს პატიობს.

 

წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

 

6-გვერდიან წერილში მოკლული რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ „მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“, რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

თუმცა, ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.

გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.

„ინტერპრესნიუსი“ მის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ, ლინ სმიტის მიერ მალხაზ კობაურისთვის აშშ-დან გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ, შეიტყობდი იმ არჩვეულებრივი ოჯახის შესახებ, რომელიც შენ სიცოცხლეს გამოასალმე, როგორ უყვარდათ მათ ღმერთი და როგორ ემსახურებოდნენ სხვა ადამიანებს. რაიანი და ლორა საქართველოში საცხოვრებლად 2011 წელს ჩამოვიდნენ, 2012 წელს მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 2017 წელს სახლი აიშენეს და გეგმავდნენ საქართველოში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე. ლორა ინგლისურს ასწავლიდა აზერბაიჯანულ სკოლაში, ასევე, კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. გარდა ამ საქმიანობისა, ის ხელს უწყობდა ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ემოციურ გამოჯანმრთელებას.

რაიანი საქართველოში ჩამოვიდა და იმედი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანული ხალიჩის ქსოვის უძველეს ტრადიციას გააცოცხლებდა, რომელმაც თითქმის შეწყვიტა არსებობა საბჭოთა პერიოდში. მრავალხნიანი ძებნის შემდეგ, რაიანმა როგორც იქნა, იპოვა ორი მქსოველი კავკასიის შორეულ აზერბაიჯანულ სოფელში. რაიანის ხალიჩების ქსოვის პროექტის წყალობით, ახლა უკვე 20 აზერბაიჯანელი ქალია დასაქმებული შინ და მაღალ ანაზღაურებასაც იღებს. ამ პროექტიდან მიღებული შემოსავალი კი სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ხმარდება, რასაც თვითონ ხალიჩის მქსოველები ირჩევენ.

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ამ პროექტით მიღებული შემოსავლით 10 000 დოლარით ქოსალარის საზოგადოებრივი ცენტისთვის შეისყიდეს 400 პერსონაზე თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი. ეს ცენტრი ქორწილების, დაკრძალვების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი. ამ პროექტის მეშვეობით ასევე აღდგება „ქელების ჭა“. როდესაც ჭის მშენებლობა დასრულდება, ქალებს აღარ მოუწევთ მდინარიდან საათობით წყლის თრევა.

ხალხის სამსახურში მყოფმა ლორამ და რაიანმა საკმაოდ დიდი ტკივილი და დანაკარგიც განიცადეს. მათი პირველი შვილი თბილისში დაიბადა 2012 წელს. სამწუხაროდ, მათმა უმშვენიერესმა ქალიშვილმა შენონმა, მხოლოდ 9 დღე იცოცხლა. ლორამ და რაიანმა კიდევ სამი ბავშვი დაკარგეს ნაადრევი მშობიარობის გამო. ღვთის მადლით 2014 წელს ქელები დაიბადა, ძლიერი და ჯანმრთელი. ქელები ძალიან ცოდნის მოყვარე და მტკიცე ხასიათის პატარა ბიჭი იყო, ისეთი როგორიც მისი მამიკო. ძალიან მხიარული, ხალისიანი და ნათელი ბავშვი იყო. ქელებს უზომოდ უყვარდა თავისი მშობლები და სიამოვნებით ატარებდა მათთან დროს, როგორც აქ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას ლაშქრობა, ჯირითობა და ცხვრის „მწყემსვა“ ძლიერ მოსწონდა. ინგლისურის გარდა ქელები კარგად საუბრობდა აზერბაიჯანულ ენაზე უკვე 4 წლის ასაკში.

ცხადია, ჩვენ ვამაყობდით და ახლაც ვამაყობთ ჩვენი შვილით რაიანით, ლორათი და ქელებით. მათ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. შენ კი აქ მოსიყვარულე ადამიანები მოკალი!

როდესაც შევიტყვე შენი შემზარავი საქციელის შესახებ, არაადამიანურმა შიშმა შემიპრო. იმის გაფიქრებაზეც კი, თუ რისი გადატანა მოუხდა ჩვენს ტკბილ ლორას შენს ხელებში: მისი შიში, მისი პანიკა, მისი ტკივილი შენი ველური და საზარელი სექსუალური თავდასხმის დროს: ლორა, რომელმაც დაინახა და გაიგონა, როგორ ესროლე მის საყვარელ მეუღლეს, ჩემს შვილს, რომელიც შენი გარყვნილებისგან მის დასახსნელად მორბოდა, ლორა, რომელსაც ესმოდა ძვირფასი ქელების გაშმაგებული ყვირილი, როდესაც მამამისი სასიკვდილოდ გაიმეტეს, შემდეგ კი ლორა, რომელმაც დაინახა, რომ მის ერთადერთ შვილს ესროლე, უდანაშაულო 4 წლის ბიჭს, ჩემს შვილიშვილს ესროლე თავში, რომ მისი ყვირილი ჩაგეხშო. ალბათ, ლორამ ისიც გაიგონა, როგორ ესროლე რაიანს მეორედ, ამჯერად თავში. არ ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა შენი თავდასხმა ლორაზე ან ლორას სიკვდილის ზუსტი მიზეზი: თავის ტრავმა, მოგუდვა თუ დახრჩობა, ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო აქედან, თუმცა ვიცი, ის თუ ვინ მოკლა ის. შენ ლორაც მოკალი, რაც შენ დამართე რაიანს, ლორასა და ქელებს იყო ბოროტისეული და დემონური.

როგორც მე ვიცი, მალხაზ, შენ არ გამოგითქვამს არანაირი სინანული ლორაზე თავდასხმისა და ამ უდანაშაულო ოჯახის შემზარავი მკვლელობისთვის. ახლა კი გადაწყვიტე პასუხისმგებლობაც აღარ აიღო წინა აღიარებაზე, რომ შენ ჩაიდინე რაიანის, ლორასა და ქელების მკვლელობა. იმ ფაქტების მიუხედავად, რომ სწორედ შენ უჩვენე ქელების საფლავი და ასევე ის, რომ თოფი შენ გეკუთვნოდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სხვა ვინმეც შეიძლებოდა ყოფილიყო გარეული ამ საზარელ მკვლელობაში.

მალხაზ, მინდა იცოდე, რომ ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ შენ პოლიციას ქელების საფლავი უჩვენე, ჩვენი ოჯახის და ლორას ოჯახის სახელით. იმის არ ცოდნა, თუ სად არის ქელები, უფრო დიდი საშინელება იქნებოდა, მადლობა ამ ერთადერთი წესიერი საქციელისთვის.

შენ ალბათ, ვერც კი წარმოიდგენ, რა საოცრად დიდი ტკივილი, მწუხარება, ტანჯვა და დანაკარგი მოუტანე ჩვენსა და ლორას ოჯახებს. შენ წაგვართვი ყველანაირი სიხარული და მხიარული მოგონებანი მათთან ყოფნისას საქართველოში ან ჩვენთან შეერთებულ შტატებში. ჩვენ მოგვენატრება ის საოცარი სიამოვნება, რასაც ქელების ყურება გვანიჭებდა, როგორ იზრდებოდა ის და როგორ გაიზრდებოდნენ რაიანისა და ლორას სხვა შვილები.

თითოეულ ჩვენგანს ტკივილისა და დანაკარგის მრავალი წელი ელოდება - თითოეული დაბადების დღე, თითოეული წლისთავი, მადლიერების დღე, შობა და აღდგომა, თითოეული ოჯახური შეკრება რაიანის, ლორასა და ქელების გარეშე. 4 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღესასწაულია ამერიკაში, ოჯახური სიხარულით აღსავსე და ფოიერვერკებით დამშვენებული ისეთი, როგორიც ახალი წლის დღესასწაულია. მაგრამ ახლა ჩვენთვის 4 ივლისის დღესასწაული ტრაგიკულ დღედ იქცა - დღედ, როდესაც შენ იძალადე ლორაზე, მოკალი რაიანი, ლორა და ქელები.

მწუხარება და დანაკარგი, რასაც ადამიანი საყვარელი ადამიანების დაკარგვით განიცდის, უსაზღვროდ მტკივნეულია, ყველაფერი აზრს კარგავს. თუმცა რაიანის, ლორასა და ქელების მონატრება, რაც მთელ ჩემს ცხოვრებას გაჰყვება, კიდევ უფრო რთულია.

ჩვენსა და ლორას ოჯახს და ძალიან ბევრ მეგობარს, უკვე საოცრად ენატრება რაიანი, ლორა და ქელები. 12 სექტემბერს რაიანს 43 წელი შეუსრულდებოდა. სამი დღის განმავლობაში ვქვითინებდი, ვაცნობიერებდი რა, რომ ვეღარასდროს ვნახავდი ჩემ ვაჟს რაიანს, ვერ ჩავეხუტებოდი, ვერ დაველაპარაკებოდი, ვერ გავუზიარებდი ოჯახურ მოგონებებს და ეს ყველაფერი შენს გამო. 22 სექტემბერი კი ლორას 42-ე ცრემლიანი დაბადების დღე იყო. როგორ მენატრება ლორას სათნო ღიმილი და სიცილი, მის მიერ მოყოლილი სასაცილო ამბები ქელებზე, მის ქცევებზე, ნათქვამებზე და ქელების ვიდეოჩანაწერები! ქელების დაკარგვა ალბათ, ყველაზე უფრო ძნელია. ქელები როგორი სიცოცხლითა და ცნობისმოყვარეობით სავსე ბიჭი იყო. მას უყვარდა საქართველოში ცხოვრება და სტუმრად ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა. ქელებს უყვარდა, როდესაც ადამიანებისთვის სიხარული და ღიმილი მოჰქონდა.

ჩვენი ოჯახი ითხოვს სიმართლისა და სამართლიანობის აღსრულებას შენს მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და უდანაშაულო ოჯახის მკვლელობის დანაშაულზე. მე მოვითხოვ, რომ შენ 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, დროზე ადრე გამოშვებისა და სასჯელის შემსუბუქების გარეშე, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა. ისე, როგორც მოკალი ჩვენი არაჩვეულებრივი რაიანი, ჩვენი ტკბილი, ყურადღებიანი რძალი ლორა და უძვირფასესი 4 წლის შვილიშვილი ქელები.

მალხაზ, შენ უნდა დაკარგო თავისუფლება, რადგან შენ რაიანს, ლორასა და ქელებს წაართვი უფლება ეცხოვრათ ამ ქვეყანაზე და ემსახურათ ღმერთის და გარშემომყოფებისთვის. შენ მათ სიცოცხლე მოუსწრაფე, თუმცა რაიანის, ლორასა და ქელების სიკვდილი ამაო არ ყოფილა, რადგან მათ ფუჭად არ უცხოვრიათ. მათმა ხანმოკლე სიცოცხლემ სამარადჟამისოდ შეცვალა ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრება და კვლავ შეცვლის იესოს სახელით.

მთელი ჩვენი ოჯახი და უამრავი მეგობარი გიხსენიებს ლოცვებში შენ, მალხაზ და შენს უდანაშაულო ოჯახს. ღმერთმა შეგიბრალოს. დაე, ჭეშმარიტად მოინანიო შენი ბოროტებანი. დაე, ქვითინით ევედრებოდე და მადლობას უცხადებდე ღმერთს შენი ცოდვების მოტევებისთვის იმიტომ, რომ იესო ჯვარზე გაეკრა თითოეული ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად, მათ შორის შენი ცოდვების - ლორაზე შენი თავდასხმის გამო, რაიანი, ლორასა და ქელების მკვლელობის გამო.

მალხაზ, შენ არ იმსახურებ იესოსგან პატიებას. მე არ ვიმსახურებ იესოსგან პატიებას, არავინ იმსახურებს იესოსგან პატიებას, მაგრამ მამა ღმერთმა სწორედ იმ საოცარი სიყვარულის გამო შენსა და ჩემს მიმართ, თავისი ძე იესო დედამიწაზე გამოგზავნა, რათა უცოდველი ცხოვრების შემდეგ ჯვარცმულიყო და ჩემი და შენი ცოდვები გამოესყიდა. იესოს მიერ შენი ცოდვები გამოსყიდვის გააზრება დაგეხმარება განიცადო სრული პატიება ღვთისგან, სიმშვიდე და იმედი ციხეშიც კი.

სწორედ ამიტომ რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის მკვლელობა, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას მკვლელობა და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობა. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ, რომ გვჯეროდეს ღმერთის და გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენს გულებში ამ უზარმაზარ სიცარიელეს ამოავსებს და შეგვაძლებინებს ცხოვრების გაგრძელებას ჩვენი ტკივილითა და დანაკარგით.

ბიბლია გვასწავლის:

  • რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. იოანე 3:16
  • ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს. იოანე 17:3
  • მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. რომაელთა 5:8
  • რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნე სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში. რომაელთა 6:23
  • და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა. ეფესელთა 2:8,9
  • ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. იოანე 10:10 ბ
  • (იესო ამბობს) „აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ, ის კი ჩემთან. გამოცხადება

მალხაზ, მამა ღმერთს და უფალ იესოს უყვარხარ შენ. მათ სურთ, რომ შენ განიცადო ღვთისგან ბოძებული სიმშვიდე და იმედი. თუ შენ შეეგებები ქრისტეს ამ უანგარო საჩუქარს: პატიებას, ცხონებას და მარადიულ სიცოცხლეს და გაზრდი შენს რწმენას და ნდობას იმის მიმართ, რაც ქრისტემ შექმნა შენთვის, შენ ციხეშივე გათავისუფლდები ამ ტყვეობისგან. ღმერთმა ქნას ასე იყოს. დაე, მოგეცეს ძალა დაეხმარო სხვა პატიმრებსაც ეზიარონ ქრისტეს პატიებას, ცხონებასა და სამარადჟამო სიცოცხლეს და ამგვარად შენ შეგეძლება განიცადო ღვთის მსახურებისა და სხვების დახმარების ისეთივე სიხარული, რასაც ლორა, რაიანი და ქელები განიცდიდნენ, როდესაც ეხმარებოდნენ თავის აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებსა და მეზობლებს.

მალხაზ, იმისგან რაც მამა ღმერთმა და იესომ გიბოძეს, მხოლოდ გულწრფელი და თავმდაბალი ლოცვა გაშორებს. გაქვს სურვილი, რომ თავი დაიმდაბლო ღვთის წინაშე, აღიარო და მოინანიო შენი ცოდვები და განაგდო შენი ცოდვილი ფიქრები და მოქმედებები? თუ შენ ეს გინდა, მაშინ მიიღებ ღვთისგან პატიებას და მარადიულ სიცოცხლეს, იმის აღიარებით, რომ ქრისტე მოკვდა ჯვარზე შენი ყველა ცოდვის გამოსასყიდად, რაც კი ოდესმე ჩაგიდენია.

მალხაზ, წაიკითხე ეს ლოცვა:

„ღმერთო, მე მსურს შენთან ახლოს მოსვლა. მადლიერი ვარ, რომ ჩემი ცოდვების გამოსასყიდად ჯვარს ეცვი. ჩემი გულისა და ცხოვრების კარს გიღებ, როგორც ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს. მადლობა, რომ მომიტევე ცოდვები და მიბოძე მარადიული ცხოვრება. არ დამტოვო მარტო და გარდამქმენი ისეთ ადამიანად, როგორიც შენ გსურს, რომ ვიყო“.

მალხაზ, ღმერთს შენ იმისთვის არ შეუქმნიხარ, რომ სექსუალური მოძალადე ან მკვლელი იყო, რომელსაც ჯოჯოხეთი ელოდება. ღმერთმა შეგქმნა იმისთვის, რომ გამოსცადო მისი სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე და იმედი და რომ ადიდო იგი. ღმერთმა შეგქმნა შენ გამორჩეული, განსაკუთრებული უნარებითა და ნიჭით და დაგისახა მიზანი, რომლის მიღწევაც მხოლოდ შენ შეგიძლია. მამა ღმერთი და იესო შენ გთავაზობენ ახალ დასაწყისს მიუხედავად იმისა, რომ შენ მრავალ წელს გაატარებ ციხეში იმ საშინელი დანაშაულისთვის, რაც შენ ჩაიდინე.

მალხაზ, შენ გულწრფელად უნდა გაუღო შენი გულის კარი იესოს, რომელიც შენი მხსნელი და უფალია, იმიტომ რომ იესო შეგპირდა შენ, რომ ის არასოდეს მიგატოვებს. ებრაელთა 13:5

ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს. ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე. 1იოანე 5:11-13

მაგრამ მალხაზ, შენ ყოველდღიურად თავი უნდა მიუძღვნა ღვთის სიყვარულს და საშუალება მისცე ქრისტემ იცხოვროს შენში.

მე ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს და ახლა ქრისტე ცოცხლობს ჩემში და სიცოცხლე, რომელსაც ჩემი სხეული აგრძელებს, მე ვცხოვრობ ღვთისა და მისი ყრმის სახელით, რომელთაც ვუყვარდი და თავი მომიძღვნეს. გალათელები 2:20

მალხაზ, ჩვენი ოჯახი და ბევრი ჩვენი მეგობარი ლოცულობს შენთვის, რადგან ვიცით, რომ ღმერთს შენ უყვარხარ და შენ მისი ქმნილება ხარ. მან შენ მოგავლინა ამ ქვეყნად სიკეთისთვის და არა ბოროტებისთვის. იესომ თქვა: მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. იოანეს სახარება 10:10

და ნუ მიესადაგებით იმ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. რომაელები 12:2

ჩვენი ოჯახის სურვილია, რომ გადმოგცეთ ბიბლია ქართულად, საიდანაც შენ შეიტყობ ღმერთზე, მის სურვილზე და იმაზე, თუ როგორ შეგიძლია, გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. გიყვარდეს მოყვასი და შენი, ვითარცა თავი შენი. მათე 22 37-39

ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით საქართველოს პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკა და შესამაბისად არ ვიცით, როგორ გადმოგცეთ ბიბლია, თუმცა ამაზე ვმუშაობთ. ამავდროულად, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ბიბლია ხელმისაწვდომი იყოს შენთვის ციხეში.

მალხაზ, ჩემი წერილი ალბათ, ძალზედ უცხოა შენი კულტურისთვის. სიმართლე ის არის, რომ შენ ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინე ჩვენი საყვარელი ოჯახის წინააღმდეგ. სამართალი მოითხოვს, რომ შენ ზღო ყველაფრისთვის რაც ჩაიდინე, თუმცა ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს. 1 პეტრე 4:8, მათ შორის შენ ცოდვებს - წარსულს, აწმყოს და მომავალს.

ჩვენი ოჯახი ლოცულობს იმისთვის, რომ შენ მიიღო ღმერთის სიყვარული და პატიება, რომელიც მხოლოდ ქრისტეშია, ჩვენს მხსნელსა და უფალში, მოიხადო სასჯელი საპყრობილეში და აღარ მიაყენო ტკივილი სხვებს.

იესოს სიყვარულით, მადლით და მოწყალებით

ევანგელინა ლინ ბონსალ სმიტი

1 ოქტომბერი 2018

სან დიეგო კალიფორნია“, - ნათქვამია ხადას ხეობაში მოკლული, რაიან სმიტის დედის, ლინ სმიტის მიერ მალხაზ კობაურისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში.

წაკითხვა 558 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.