ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები - რა ხდებოდა დაკითხვის დროს და რატომ სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა თვითმკვლელობა

“ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართოს და დაკავებული პირების წრეც გაიზარდოს. სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა კლასელმა გოგონამ, რომელსაც სირაძის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს თვითმკვლელობა სცადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები - რა ხდებოდა დაკითხვის დროს და რატომ სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა თვითმკვლელობა.

 

“გავრცელებული ინფორმციით, გოგონასთან უშალოდ “მწვანე სკოლის” ადმინისტრაცია კონტაქტობდა და მასზე ზეწოლაც მათი მხრიდან განხორციელდა. სავარაუდოდ, ბავშვს დაჰპირდნენ, რომ თუ ის კამერებზე დაფიქსირებულ პირს ამოიცნობდა, რომელმაც მათი სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე უხამსი წარწერები გააკეთა, საქმეში პოლიციას არ ჩარევდნენ. გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებს, როგორც ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რევაზ აჭარაძე, ასევე სახელმწიფო დაცვის ინსპექტორი ლონდა თოლორაია. თუმცა გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე ამ საქმეზე დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ადვოკატის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეში, გარდა უკვე დაკავებული გამომძიებელისა ასევე, 3-4 პოლიციელი ფიგურირებს, რომლებიც მოზარდს ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ. რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის გარდა მინიმუმ კიდევ 3 პოლიციელის დაკავება უნდა მოხდეს. მისი თქმით, დაკითხვის დროს ლუკა სირაძე სხვა არასრუწლოვანებს დააპირისპირეს, რამაც სირაძის ემოციურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ფაქტობრივად გამოძიებით უკვე დადასტურებულია, რომ როდესაც 10 დეკემბერს ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, მის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარა განხორციელდა. მას აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა სკოლის გარე და შიდა პერიმეტრის მოხატვა. ასევე, განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ იქნა ცალკე გაყვანილი, ხოლო უკან დაბრუნების შემდეგ, ატირებული და განერვიულებული იყო. განყოფილებაში არასრუწლოვნები ჰყავდათ დაბარებული და ერთმანეთს დააპირისპირეს. იქ იყო მისი ყოფილი თანაკლასელი გოგონაც, რომელიც მას დააპირისპირეს და ეს არის ის ბავშვი, რომელმაც შემდგომ თვითმკვლელობა სცადა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს იყო დაკითხვა ძველი სტილით, სადაც მოწმეების დაპირისპირება ხდება. რამაც ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო მძიმე გავლენა მოახდინა. ჩვენ საქმეში სახელმწიფო ინსპექტორი ჩავრთეთ და მან 13 დეკემბერს უკვ გამოძიება დაიწყო”, - აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, ლუკას დედის განმარტებით, მთელი დაკითხვის პროცესში ის დანაშაულს არ აღიარებდა. ხოლო როდესაც ის უფროსის მოადგილემ გვერდით გაიყვანა, მან დედას უთხრა, რომ ძმით დაემუქრნენ და იძულებული გახდა აღიარებითი ჩვენება მიეცა”, - დასძენს გამოცემა.

 

 

“ადვოკატის განცხადებით, ტყუილია, რომ მეორე დღეს დაკითხვა დედის ინიციატივით მოხდა. იმ დღეს აღიარებითი ჩვენების დაბეჭვდა არ მოხდა და თავად პოლიციის მოთხოვნით ისევ მერე დღეს 11 საათზე ამ ჩვენების გასაფორმებლად დაიბარეს. “როგორც უკვე აღვნიშნე, თვითმკვლელობა კიდევ ერთმა არსრუწლოვანმა სცადა, მაგრამ ოჯახმა პოლიციას არ მიმართა, რადგანაც ბავშვისთვის დამატებით სტრესის მიღება აღარ სურდათ. თუმცა, ინსპექტორის მხრიდან ამაზეც გამოძიება დაიწყო. როგორც მასალებიდან ირკვევა, მინუმუმ 3-4 პოლიციელი ლუკაზე ზეწოლას ახორციელებდა. ახლა მხოლოდ მარიანა ჩოლუიანი არის დაკავებული. სხვა დანარჩენი პირების ინდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს. ამ გამოძიებით ასევე სრულიად გამოკვლეული უნდა იყოს “მწვანეს სკოლის” ადმინისტრაციის როლი რა იყო. წესით დადგინდება როგორი რეგირება ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციასაც. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბავშვებმა სტრესი განყოფილებამდე სკოლაშიც მიიღეს”,-აცხადებს რამაზ აჭარაძე. სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს ფაქტს, რომ ლუკა სირაძის დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ თვითდაზიანება კიდევ ერთმა მოზარდმა მიიყენა”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

“ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. თბილისის “მწვანე სკოლის” დამფუძნებელი და დირექტორი, კახა დავითური კი გავრცელებულ ინფორმაციას, კიდევ ერთი მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ, არ ადასტურებს. სკოლის დირექტორი დამატებით დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. კახა დავითური ამბობს, რომ მან გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა და პირველ რიგში, სკოლის ინტერესში შედის, გამოძიება რაც შეიძლება ეფექტურად და დროულად ჩატარდეს. “მწვანე სკოლაში” მომხდარი ფაქტის გამო, სწავლა დროებით მომავალ ორშაბათამდე შეწყვეტილია. ფსიქოლოგი ნანა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ როდესაც საქმე მოზარდებს ეხება, სასწავლო დაწესებულება საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეს და მომხდარ ტრაგედიასთან პასუხიმგებლობა საგამოძიებო უწყებასთან ერთად სკოლასაც ეკისრება. ფსიქოლოგის შეფასებით, არსებული გარემო საკმაოდ მძიმეა და შესაბამისად, მოზარდებს ადაპტირება უჭირთ. ხაზარაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევის დროს პოლიციის ჩარევა მხოლოდ უკიდურესი შემთხვევაში უნდა მოხდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

 

“საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა და როგორც აღმოჩნდა, ბავშვი ემოციურად ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო და ამ ყველაფრით სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ლუკა სირაძეს აწუხებდა რაღაც და მან ეს ამ ფორმით გააპროტესტა. დახმარების მაგივრად კი მან უფრო მწვავე პასუხი მიიღო, რამაც ბავშვი კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ აუცილებელია, რომ ოჯახმაც, სკოლამაც და სამართალდამცავებმაც, რომელთაც მოზარდებთან შეხება უწევთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ამ ასაკში ბავშვები ძალიან მოწყვლადნი არიან და მათი ემოციური მდგომარეობა მყიფეა. მით უმეტეს ლუკას შემთხვევა, როდესაც მას მამა გარდაეცვალა, შეიცვალა მისი ცხოვრება, ის გადაიყვანეს სხვა სკოლაში და ცხოვრების მიმართ პროტესტი გაუჩნდა. მისი წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” უკვე სუიციდური და საგანგაშო იყო, მაგრამ ბავშვის მდგომარეობას ვერავინ მიხვდა, არავინ დაინტერესდა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. როგორც წესი, არასრულწლოვანის დაკითხვაზე ყოველთვის ფსიქოლოგი ესწრებოდა და ეს დაკითხვები ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. პოლიციის ჩარევა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში, ასეთ დროს მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციასაც კი შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა ხაზარაძე.

 

 

წაკითხვა 531 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.