ეს როლი ჩემი აზრის, ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო - ინტერვიუ ლევან გელბახიანთან

ლევან გელბახიანი ერთ-ერთია იმ 10 მსახიობს შორის, რომელსაც თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ. ახალგაზრდა მსახიობების სიის ათეული ევროპული კინოს პრომოუშენმა გამოაქვეყნა. დაჯილდოება 24 თებერვალს, ბერლინში გაიმართება, მანამდე კი ქართველი მსახიობის შესახებ წერენ, რომ „21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“.

 

- ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადმოგეცემა. რას ნიშნავს ეს - ფულად საჩუქარს, ახალ პერსპექტივებს, კონტაქტებს?

 

- რა თქმა უნდა, პერსპექტივას. ეს პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევს შეხვდე წამყვან კასტინგმენეჯერებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს. გაიცნო უამრავი კინოპროფესიონალი, რაც აუცილებლად გამომადგება მომავალში, შეიძლება ძალიან ახლო მომავალშიც კი.

 

 

- დათვლილი გაქვს, რამდენი ჯილდო მოგიტანა ლევან აკინის ფილმმა? რომელი იყო შენთვის განსაკუთრებით მოულოდნელი და ამაღლვებელი?

 

- მგონი 8. ყველაზე ემოციური პირველი და მეორე იყო, სარაევოს და ოდესის კინოფესტივალების ჯილდოები. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ევროპის საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის ნომინაციაზე წარდგენას.

 

 

- როგორ მოახერხე პირველი კინოროლის ასე თამაში, რა შრომა და მონდომება დგას ასე ფაქიზად და ზუსტად ნათამაშევი როლის უკან?

 

- მოხერხება არ ვიცი, ვცდილობდი მაქსიმალურად გამეაზრებინა როლი. რაც შეეხება შრომას, როლის უკან ნამდვილად არის დიდი შრომა, ჩემიც და ბაჩი ვალიშვილისაც. 4 თვე ინტენსიურად დავდიოდით ცეკვაზე, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით. ხანგრძლივი წინამოსამზადებელი პერიოდი გვქონდა.

 

 

 

 

- ფილმი უკვე ძალიან ბევრ ქვეყანასა და კინოთეატრში აჩვენეს. რაღაც დრო გავიდა. რა მოგიტანა ამ ფილმმა ჯილდოების და „ცნობილობის“ გარდა, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?

 

- შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის აღმოჩენა. აი, მანამდე შეიძლება ასე გადაჭრილად არ მეფიქრა მსახიობობაზე. თავს უფრო ცეკვაში ვხედავდი. ფილმს რომ ვუყურე, მეც აღმოვაჩინე ჩემი თავი როგორც მსახიობი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

რაც ყველაზე ძალიან მახარებს, ეს ადამიანების მხრიდან გამოხატული სითბოა. თან ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ეს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

 

 

- თბილისში ფილმის ხმაურიანი პრემიერის და შენი პოპულარობის შემდეგ, რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში გადაადგილება, როგორია ძველ ნაცნობებთან კომუნიკაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში, დეტალებში როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? თუ შეიცვალა საერთოდ?

 

- უსაფრთხოების პრობლემა არ მაქვს და იმედია, არც მექნება. რაღაცეები შეიცვალა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ არ მგონია, რომ ეგ მნიშვნელოვანი იყოს. ძირითადი ცვლილება მაინც ის არის, რომ ქუჩაში სიარულისას ვიღაცები მცნობენ.

 

 

- ბოლოს რომ გელაპარაკეთ, ამბობდი, რომ მთლიანად კონცენტრირებული ხარ ამ ფილმზე და შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერ არ განიხილავ. ახლა რა ხდება? ხომ არ იცი უკვე, რა იქნება შენი შემდეგი პროექტი?

 

- ჯერჯერობით მომავალ შემოთავაზებებზე არ შემიძლია საუბარი. როგორც კი გასაჯაროების საშუალება მექნება, აუცილებლად გაგაგებინებთ.

 

 

- ფილმის ოსკარის მოკლე სიაში ვერმოხვედრის შემდეგ, როგორ გრძელდება მისი ცხოვრება?

 

- ახლა შვედური ოსკარის ჯერია. 7 ნომინაციაზეა წარდგენილი ფილმი და იმედი მაქვს, წარმატებით ჩაივლის. ასევე, სანდენსის კინოფესტივალისთვის ვემზადებით და კიდევ ბევრი სხვა ფესტივალია დარჩენილი.

 

 

- შენ როგორ წარმოგიდგენია მომავალი რამდენიმე წელი, კინოსთან იქნები ისევ დაკავშირებული, ცეკვას მიუბრუნდები თუ არსებობს რამე სხვა, რაც გინდა რომ აკეთო?

 

- კი, კინოსთანაც ვიქნები დაკავშირებული და ვიცეკვებ კიდეც. არ ვაპირებ ცეკვას დავანებო თავი. პირიქით, ძალიან კარგად გამოვიყენებ სამსახიობო კარიერაში. ასევე, ძალიან მინდა პროფესიული ცოდნა მივიღო. მინდა, რომ ვისწავლო.

 

 

- ბოლო პერიოდში თვალში მომხვდა შენი აქტიურობა ლუკა სირაძესთან, ვაჟა გაფრინდაშვილთან, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ფეისბუკზე. ფიქრობ, რომ პოპულარობა და ის სიყვარული, რაც ამ ფილმმა მოგიტანა, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თემებზე სალაპარაკოდ შეგიძლია სასიკეთოდ გამოიყენო?

 

- თუ ჩემი მდგომარეობა ამაში დამეხმარება, ძალიან გამიხარდება. აზრის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. წესით, ეს დაფიქსირებული აზრები უნდა წყვეტდნენ, რომ რაც მოხდა ცუდი გუშინ, აღარ მოხდეს ხვალ. ხალხის აზრები და ქმედებები უნდა იწვევდეს ცვლილებებს. ეს როლიც, ჩემი აზრის, ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო.

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 532 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.