March 28, 2024

რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე

“უცნობი კორონავირუსის გამო, რომელმაც მსოფლიო პანიკაში ჩააგდო და რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, 22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საგანგებო სხდომას გამართავს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე კი “რეზონანსთან” საუბრისას იმას განმარტავს, თუ რატომ არ ხდება თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების სამედიცინო შემოწმება. ცნობა ოთხშაბათს დაგეგმილი საგანგებო შეხვედრის შესახებ “ტვიტერში” ჯანმო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მასზე დაგეგმილია იმაზე მსჯელობა, წარმოადგენს თუ არა ახალი უცნობი კორნავირუსი საერთაშორისო საფრთხეს და რა არის საჭირო ვირუსთან საბრძოლველად. აღსანიშნავია, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რამდენიმე შემთხვევა, რაც მედიკოსთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე.

 

“ვირუსის გამოვლენილ შემთხვევათა დიდი უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა თითო-თითო შემთხვევა უკვე დადასტურებულია სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში. აშშ-ის, ბრიტანეთის, ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ უცნობი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი საქართველოს არ აქვს, რადგან, მისი თქმით, ჩინეთში მცხოვრებ მილიარდნახევარი ადამიანიდან დაახლოებით 200 ადამიანია ინფიცირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩინეთში გავრცელებული” - ასეთი შეფასება ალბათ ცოტა გადაჭარბებულია იმიტომ, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 16 მილიონია, ჯერჯერობით დაახლოებით 200 შემთხვევაა. ჩინეთში მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ანუ შეფასება “გავრცელებული” ცოტა გადაჭარბებულია. საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი რეკომენდაციაა, რომ არავითარი შეზღუდვა ჩინეთთან მგზავრობაზე, ან ჩინეთთან ვაჭრობაზე რეკომენდირებული არაა, ჩვენთან რეისი მოფრინავს პეკინიდან. პეკინიდან იმ ქალაქამდე, სადაც შემთხვევებია დაფიქსირებული, დაახლოებით ისეთივე მანძილია, რაც აქედან სტამბულამდე. ანუ, პეკინში ვირუსი არაა ჯერ და რეისი პეკინიდანაა. სხვა ქვეყნებში იმიტომაა დაწესებული შეზღუდვები, რომ პირდაპირი რეისებია იმ ქალაქიდან, სადაც ვირუსია და პირდაპირი რეისები რომაა იმ ქალაქიდან, საიდანაც 300-ზე მეტი მგზავრი ჩადის ერთი რეისით, ამიტომ ამოწმებენ. თანაც შეზღუდვა როგორც ასეთი არაა, ადამიანებს ნახულობენ ავად ხომ არ არიან, განგაშის საფუძველი საქართველოსთვის კი არა, მსოფლიოსათვის არის ხოლმე ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა იმნაძე.

 

“წინა კორონავირუსი საუდის არაბეთში რომ გავრცელდა, მე ვიყავი საგანგებო კომიტეტის წევრი. ხდება ხოლმე ასე - როცა რაღაც ასეთი გაჩნდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწვევს ხოლმე საგანგებო კომიტეტს და თვითონ შეარჩევს ხოლმე მსოფლიოში ექსპერტებს. ვარ საგანგებო კომიტეტის წევრი და ვიცი როგორც ხდება. ჯერ არაფერი ისეთი სანერვიულო არაა დ ვნახოთ რა იქნება”, - განმარტავს იმნაძე. ბოლო მონაცემებით, უცნობი კორონავირუსის მქონე პაციენტთა რაოდენობამ 200 ადამიანს გადააჭარბა, რომელთაგან სამი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა ჩინეთშია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად უცნობი ვირუსის გავრცელება ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრიდან მოხდა. ვირუსი ხველებას, სიცხესა და ფილტვების ანთებას იწვევს”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 677 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.