ამ გვერდის ამობედვა

ზაზა სარალიძე: არ მაინტერესებს ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია სიმართლე ითქვას

„მე წლებს არ ვითვლი“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

 

„არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. მთავარია, სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, - უთხრა ზაზა სარალიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

 

 

საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ დღეს, 22 იანვარს მედიას აცნობა, რომ მიღწეულია საპროცესო შეთანხმება დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარესთან: „ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“.

 

 

ნადირაძემ საპროცესო შეთანხმების დეტალები არ დაასახელა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა დახურულია.

 

 

პროკურორმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს საქმის განხილვა.

 

 

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

 

 

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 431 ჯერ

სიახლეები