„ხალხს ჰგონია რომ ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ რის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი მხოლოდ ემიგრანტებმა ვიცით“

ემიგრაცია, ეს ერთი დიდი ჭაობია, სადაც თუ ფეხი ერთხელ მაინც მოგიხვდა, მერე თავის დაღწევა ძალიან რთულია... დღესდღეობით, საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ქალები არიან, რომლებიც სამშობლოსა და ოჯახის მონატრებას განიცდიან. ისინი ვერ ან არ ბრუნდებიან საქართველოში სხვადსხვა მიზეზების გამო. 

 

Firstnews.ge გთავაზობთ, ემიგრანტი ქალების ისტორიას გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

 

43 წლის მარინა

ქუთაისიდან


თბილისში ვარ გათხოვილი, მყავს მეუღლე და ორი შვილი, 20 წლის სტუდენტი და 15 წლის სკოლის მოსწავლე.


ბაზარში ვმუშაობ და დღიური შემოსავალი 10 ლარი მაქვს, რაც ოჯახში არაფერში გყოფნის, არც გადასახადებში. მეუღლეც მუშაობს, მაგრამ სტაბილური სამსახური არ აქვს. მშენებლობაზეა და თვეში სამასი ლარს იღებს. ასე როგორ უნდა იცხოვრო, თან სტუდენტ შვილს რამდენი რამ სჭირდება, ქსეროქსი, მგზავრობა, ჩაცმა, კვება. ამ სიდუხჭირემ გადამაწყვეტინა გერმანიაში სამთვიან სამუშაოზე წავსულვიყავი. იქ ჩემი დაქალის ოჯახი მეგულებოდა. ეს ოჯახი უკვე სამი წელია იქ ცხოვრობს.


სახლში ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა მეუღლისგან და მამანთილისგან, არფრით არ უნდოდათ ჩემი გამგზავრება, მაგრამ აქ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი... ჩემი მამამთილის პირველი სიტყვა ეს იყო: - ქართველ ქალს რა უნდა გერმანიაში?!

 

მცირე ბანკის სესხიც მქონდა და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა გადავდგი ეს ნაბიჯი და წავედი გერმანიაში. მამთილს გული და წნევები აწუხებდა და ამ ნერვიულობაზე უფრო ცუდად გახდა და სამი თვის ვანმავლობაში სამჯერ მოხვდა საავადმყოფოში, სამკურნალოდ.

 

გერმანიაში დაქალმა სამსახური დამახვედრა და მოხუც ქალს ვუვლიდი. გამიმართლა იმაში, რომ რთული მოსავლელი არ იყო და კარგად შევეწყვე. უკვე მესამედ წავედი 90 დღიანზე, ორი ქართველი ვცვლით ერთმანეთს და გამიმართლა იმაში, რომ ოჯახის გამოცვლა არ მიწევს. ოჯახიც შეეგუა უკვე ამ მდგომარეობას. ჩვენს ქვეყანაში მუშაობით შვილებს ვერ გამოვკვებავ და ვერც განათლებას მივცემ.


ვწუხვარ, რომ ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა სამუშაო ადგილების შექმნა. ათასლარიანი ხელფასი რომ მქონდეს ასე არ ვიწვალებდი და ჩემს ქვეყანაში და ჩემს ოჯახში ვიქნებოდი, მშვიდად და წყნარად. გერმანიაში რომ ვარ სულ მაქვს ოჯახისა და შვილების დარდი... ასე სტრესულ მდგომარეობაში არ არის მარტივი უცხო ქვეყანაში მოხუცის მოვლა...

 

თამარი 42 წლის

აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ქუთაისში, სტუდენტობის დროს გათხოვდა თბილისში

 

გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ, როცა სხვა გზა არ გაქვს, იძულებული ხარ დატოვო შენი ქვეყანა, თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ეძებო. ტოვებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს და არ იცი უკან როდის დაბრუნდები. მიდიხარ და მიგყვება დარდი, ფიქრი: - ნახავ კი კიდე ოდესმე შენს მოხუც ბებიას?

 

ამ ყველაფრის მიუხედავად გიწევს ურთულესი გადაწყვეტილების მიღება და მიდიხარ უსასრულო ემიგრაციაში, იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება დაუბრუნდები შენ ოჯახს. საფრანგეთში იმიტომ გადავწყვიტე წამოსვლა, რომ ვფიქრობ, ყველაზე ჰუმანური ქვეყანაა, თბილი და ყურადღებიანი ხალხი. ძალიან გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი, კეთილი ხალხის გარემოცვაში და ძალიან მადლობელი ვარ მათი.

 

ემიგრანტი ქალის ცხოვრება ძალიან რთულია. ძალიან ბევრ ცრემლებსა და დარდს იტევს ეს განვლილი გზა, მონატრებასა და ურთულეს ტკივილს.

 

საფრანგეთში სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. უსაბუთოდ არავინ აგიყვანს სამსახურში და საბუთის აღებამდე ძალიან რთული და გრძელი გზაა გასავლელი. თუ გაგიმართლა და საბუთი აიღე, არსებობს ენის ბარიერი. რთულია უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ არ გყავს დაიმკვიდრო ადგილი, მაგრამ უძლებ ამ ყველაფერს, იტან იმ იმედით, რომ რაღაცას მიაღწევ. მუშაობ იმაზე ფიქრით, რომ შვილებს სჭირდები, მშობლები გყავს მისახედი. წვალობ და ნამუშევარს ვერ ხედავ, ბინისა და კომუნალურის გადასახადებში, მაგრამ აქ ხელფასი გყოფნის იმისთვის რომ იცხოვრო, გვაქვს 100% დაზღვევა. ბევრი პლუსებია აქაურ ცხოვრებაში, მაგრამ რის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი მარტო ემიგრანტებმა ვიცით.

 

შორიდან სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი, ხალხს ჰგონია რომ აქ ჩვენ ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ძალიან ცდებიან. არავის ვუსურვებ იმ გზის განვლას, რაც მე გამოვიარე. თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს ადამიანს საფრანგეთში ჩამოსვლას არავის ვურჩევ.

 

დიდი სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ ვერ წამოვალ. მთავრობა საერთოდ არ ზრუნავს ხალხზე, არ არის სამუშაო ადგილები, საკმარისი ხელფასები და თან საშინელი სიძვირეა. როგორ გააქვს ხალხს თვიდან თვემდე თავი ძალიან მიკვირს.

წაკითხვა 709 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.