“მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს"

“დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ბევრ რამეს გადააფასებს პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით. ამერიკაც და ევროპაც დაფიქრდება, როგორ შემოიღოს ახალი რეგულაციები, რომლებიც აიძულებს ბიზნესმენებს, სტრატეგიული წარმოების ობიექტები ქვეყნიდან არ გაიტანონ. საეჭვო გახდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სანდოობა. ევროკავშირის ეფექტიანობაც დასაფიქრებელი იქნება, რადგან კრიზისმა აჩვენა, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია ბრძოლისა და მოქმედების ერთიანი სტრატეგია და გადამწყვეტ მომენტში ყველა ქვეყანას მარტოს უწევს პრობლემასთან გამკლავება...” - აცხადებს მისისიპის შტატის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ გურული გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს”.

 

“დასავლური მედიცინა არის უაღრესად განვითარებული დარგი. სწორედ დასავლური მედიცინის წყალობით იქმნება და ინერგება უახლესი ვაქცინები, მედიკამენტები, მკურნალობის ახალი მეთოდები, სწორედ მის იმედზეა კაცობრიობა, ამჟამინდელი კრიზისი კი მხოლოდ სტრუქტურული, ლოგისტიკური ხასიათის პრობლემაა და ეს სანახევროდ პოლიტიკური პროცესია. ამ სიტუაციის ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ დღესაც კი, პანდემიის დაწყების მესამე თვეს, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ამ ვირუსის ქცევის შესახებ. არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა, სხვადასხვა ქვეყანაში დაავადების გავრცელების განსხვავებული ტემპისა და კლინიკური სიმწვავის დამაჯერებელი ახსნა, მაგრამ მსოფლიომ ამ კრიზისის საპასუხო რეაქცია აშკარად დააგვიანა. დროული და მკაცრი პრევენციული ღონისძიებები მკვეთრად შეასუსტებდა როგორც ჯანდაცვის სტრუქტურების, ასევე ეკონომიკური კრიზისის სიმწვავეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ გურული.

 

“აშშ-ში ამჟამად ყველაზე ცხელი ადგილი ნიუ-იორკია. ამერიკელ დაინფიცირებულთა დაახლოებით 40% ნიუ-იორკზე მოდის. ნიუ-იორკის პრობლემა ის არის, რომ დიდი ქალაქია, ძალიან მჭიდროდ დასახლებული და სწორედ სოციალური დისტანციის დაუცველობამ გამოიწვია ეპიდემიის ასეთი აფეთქება. ახლა ნიუ-ორლეანი შედის პიკის ფაზაში. მისისიპი, სადაც მე ვარ, დაახლოებით 250 კმ-ით არის დაშორებული ნიუ-ორლეანიდან და ჯერჯერობით აქ სტაბილური მდგომარეობაა. ამჟამად აშშ-ში სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობა-ეკიპირების დეფიციტია დასაძლევი, რაც, ჩემი აზრით, ორ-სამ თვეში მოგვარდება...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“დაავადება ძალიან ნელა იწყება დაღლილობის შეგრძნებით, სახსრების, კუნთების ტკივილით; ბევრს ეწყება ყელის ტკივილით, ზოგს კი - მაღალი, 39-40 გრადუსი ტემპერატურით და ამ ტემპერატურის კონტროლი რთულია, ასე ვთქვათ, ჯიუტი ტემპერატურაა. არ მინდა ვინმეს შეეშინდეს, მაგრამ უნდა ვთქვათ - იშვიათად, დაახლოებით მეოთხე-მეხუთე დღეს იწყება სუნთქვის უკმარისობა, თითქოს გულ-მკერდზე ლოდი გადევსო. უჭირთ ღრმად ჩასუნთქვა, ამის მიზეზი კი ჟანგბადის ნაკლებობაა. თუ პაციენტი ეცდება, შეამციროს ფიზიკური აქტიურობა, ხშირად იწვეს, დროდადრო გავიდეს სუფთა ჰაერზე, დაახლოებით 48 საათის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუ ეს მდგომარეობა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სიმძიმის შეგრძნებამ იმატა და სუნთქვაც გაძნელდა, საჭიროა პაციენტის სტაციონარში გადაყვანა და ჟანგბადით მკურნალობა - ვგულისხმობ მართვითი სუნთქვის აპარატებს. ახლა იღებენ მკურნალობის ახალ პროტოკოლებს. რამდენიმე დღეა, ამბობენ, რომ ცდილობენ პაციენტებს თავზე ჩამოაცვან სპეციალური სკაფანდრები, სადაც იქნება ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერი, რაც პაციენტებს სუნთქვას გაუადვილებს. ერთი სიტყვით, ბევრი ხერხი არსებობს, რომ ამ დაავადებამ მეტ-ნაკლებად კონტროლით ჩაიაროს. კარგი ექიმებისა და დროული ჩარევის შემთხვევაში მას სერიოზული გართულება არ მოჰყვება”, - განმარტავს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

“საქართველო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად წარმატებით უმკლავდება გამოწვევას, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება - საქართველოს ჯერჯერობით არ ჰქონია დაპირისპირება მასობრივ სერიოზულ კლინიკურ შემთხვევებთან. ერთი-ორი პაციენტის წარმატებული მენეჯმენტი არ იძლევა სერიოზული დასკვნის საშუალებას... ჯერჯერობით მასობრივი ტესტირების საშუალება არ არის, ტესტების სანდოობაც საეჭვოა, განსაკუთრებით - რეგიონებში. ამასთან, მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს, რადგან მოსალოდნელია, ტესტების დადებითი პასუხებით შეშინებული პაციენტები დაავადების თუნდაც ფანტომური გამწვავების ფონზე მასობრივად მიაწყდნენ კლინიკებს და უკონტროლო ქაოსი შექმნან, ამიტომ აქაც ზომიერების დაცვა და გონივრული მოქმედებაა საჭირო. როდესაც არ არსებობს მკურნალობის ჩამოყალიბებული სქემა, გამოცდილმა კლინიცისტებმა უნდა იმოქმედონ თავიანთი ალღოთი და ინსტინქტებით. არ არის საჭირო ამა თუ იმ მეთოდიკის უსაფუძვლო გაფეტიშება და მისი ბრმად მიყოლა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, სულ ახალ-ახალი სამეცნიერო ინფორმაცია ჩნდება, ამიტომ საჭიროა მკურნალობის ტაქტიკის დინამიკურობის შენარჩუნება და დოგმატიკისაგან თავის შორს დაჭერა”, - დაასკვნის ზურაბ გურული და შეკითხვაზე - “შორს არის ის დღე, როცა ეს ვირუსიკონტროლს დაექვემდებარება?” - პასუხობს:

 

“სრული კონტროლის დამყარებას ერთი წელი დასჭირდება. ამასობაში გვექნება ვაქცინაც, წამალიც და მსოფლიოს მასობრივი იმუნიტეტიც, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვირუსი რამდენჯერმე შემოუვლის პლანეტას”.

წაკითხვა 571 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.