“არ აქვს მნიშვნელობა ვირუსი “გაიპარა” თუ მიზანმიმართულად “გამოშვებულია” - ეს ბიოლოგიური ტერორიზმია!"

“ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების გზები დასავლური საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა.

ერთი ვერსიით, ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია, რომლის პათოგენიც ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ საკითხის შესწავლისას აშშ-ის სპეცსამსახურები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ `კოვიდ-19~ ხელოვნურად არ შეუქმნიათ, სპეცსამსახურები განაგრძობენ ვირუსის გავრცელების გზების შესწავლას. აშშ-ის ადმინისტრაცია მოითხოვს გამოძიება დაინტერესდეს ეპიდემიის გავრცელების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობითაც”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „ეს ბიოლოგიური ტერორიზმია“ / “ჩინეთი ყველას დევნის, ვინც მოსახლეობის გაფრთხილება სცადა, მათ შორის იყო ექიმი ლი ვენლიანი, რომელსაც ხელი მოაწერინეს აღიარებაზე, თითქოს დეზინფორმაციასა და ჭორებს ავრცელებდა. მალე ის ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 14 მარტს დაიკარგა ჟენ ჭიციენი, პოპულარული ჩინელი ბლოგერი, რომელიც ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებდა. ეს მიანიშნებს, რომ საიდუმლო არსებობს, თანაც არაერთი”.

 

“ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის თანამშრომელი, ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ ჰონკონგური გაზეთის South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი ქალი, 2019 წლის 17 ნოემბერს გამოვლინდა. შესაბამისად, როგორც ჩინეთის ხელისუფლება ირწმუნება, “კოვიდ-19” უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში არ გავრცელებულა. ეს და სხვადასხვა საეჭვო გარემოება ბადებს კითხვებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერი არიან კაცობრიობის წინაშე როგორც ჩინეთი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია... სხვადასხვა მოსაზრებას შორის გავრცელებულია ახალი ვირუსის სამხედრო მიზნით გამოყენების თეორიაც. უსაფრთხოების ებრაელი სპეციალისტის დენი შოხამის თქმით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ზოგიერთი ლაბორატორია შესაძლოა ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობს. ამის შესახებ მან Washington Times-თან ისაუბრა..”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“არსებული ვერსიით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი დაინფიცირდა და შემდეგ ვირუსი მოსახლეობაშიც გავრცელდა. ერთი მოსაზრებით, ჩინეთს სურდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა,­ რომ ვირუსებთან ბრძოლაში ამერიკას არ ჩამორჩება და ვაქცინის მონოპოლისტი გამხდარიყო, “სველი ბაზრიდან” ვირუსის გავრცელების თემა კი ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა “შემოაგდეს”, ამისთვის შეცვალეს მონაცემები, გაანადგურეს ანგარიშები და დაინფიცირებულ ტერიტორიებს დეზინფექცია ჩაუტარეს. აშკარაა, რომ საქმე სუფთად არ არის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. სი-ენ-ენისა და კიდევ რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის პუბლიკაციის თანახმად, ჩინეთის მთავრობამ მეცნიერებს ამ ვირუსის წარმოშობაზე სამეცნიერო კვლევების განახლებაც კი აუკრძალა, ჩინეთში მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება იზღუდება და სხვა ქვეყნების მეცნიერებს კვლევისთვის გზა მოჭრილი აქვთ. ასეთი დამოკიდებულება არაერთ ეჭვს აჩენს, მათ შორის, ამყარებს ზემოხსენებულ ვერსიასაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი მამუკა კოტეტიშვილი.

 

“ვადევნებდი თვალს მოვლენებს ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ, რაც შემდგომ პანდემიაში გადაიზარდა, და ძალიან მიკვირდა, რას ელოდებოდა ჯანმო, რომელსაც ადეკვატური ღონისძიებები არ გაუტარებია. მან ძალიან დააგვიანა პანდემიის გამოცხადება. სულ ცოტა, ორი კვირით მაინც დააგვიანა ჯანმომ ვითარების ადეკვატურად შეფასება, ამასობაში კი ვირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე... შესაბამისად, უამრავ ქვეყანაში დაგვიანდა ადეკვატური პრევენციული ზომების მიღება - მაგალითად, საზღვრების ჩაკეტვა, ინფიცირებულთა საზღვარზე აღრიცხვა და ა.შ. არ ვიცი მიზეზები, მაგრამ ტედროს გებრეისუსის დაგვიანებულმა მოქმედებამ მსოფლიო ძალიან დააზარალა. ვეთანხმები ამერიკას, რომ ის ადანაშაულებს­ ჯანმოს მსოფლიოში არსებულ კრიზისში. ჯერ არ არის დადგენილი, ეს შეცდომით მოხდა თუ შეგნებულად, მაგრამ აშკარაა, ჩინეთმა და ჯანმომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს. ყველა ქვეყანამ თავისებურად შეაფასა კრიზისი და შესაბამისად მოქმედებს. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ამ დავიდარაბაში ქართული ჯანდაცვის სისტემა ბრწყინვალედ ართმევს თავს საქმეს”, - დასძენს მამუკა კოტეტიშვილი.

 

“ბიოლოგიური, იგივე ბაქტერიოლოგიური იარაღი, სპეციალურად “გაწვრთნილი” ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და მათი გავრცელების ტექნოლოგიათა ერთობლიობაა და გაცილებით საშიშია, ვიდრე დღემდე არსებული სხვა მასობრივი განადგურების საშუალება, ბირთვული თუ ქიმიური იარაღი. ის შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი გზით: სასუნთქი ორგანოებიდან, კანიდან, მწერების, მღრღნელების ნაკბენიდან და ა.შ. ამ უხილავ, უსუნო და ფარულ იარაღს შეუძლია მილიონობით ადამიანის დაავადება. დაავადების პირველი შემთხვევები ჩინეთში ოფიციალურად თვენახევრის დაგვიანებთ დაფიქსირდა, არადა ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა... ვირუსის სწრაფად გავრცელებამ და ლეტალური შემთხვევების მაღალმა პროცენტმა გააჩინა ეჭვი ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, სინამდვილეში კი რასთან გვაქვს საქმე? - ეს ბიოლოგიური ტერორიზმია და არ აქვს მნიშვნელობა ვირუსი საიდუმლო ლაბორატორიებიდან შემთხვევით “გაიპარა” თუ მიზანმიმართულად “გამოშვებულია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის თავმჯდომარე, გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი

 

“კოვიდ-19”-ის წინასწარგანზრახვით გავრცელება ორ შემთხვევაში იყო შესაძლებელი: თუ ამ საერთაშორისო დანაშაულის ორგანიზატორი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციაა ან ამის უკან რომელიმე მარგინალური ქვეყნის ხელისუფლება დგას. ვფიქრობ, ამის უკან ტერორისტული ორგანიზაციები არ დგანან, რადგან ბიოლოგიური იარაღი ისეთი “ჯინია”, თუ ბოთლიდან ამოუშვებ, არ არსებობს გარანტია, ამომშვებთანაც არ მივიდეს. ამასთან, ტერორისტული ორგანიზაციის მიზანია შიშის დათესვა, შანტაჟი და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამისთვის კი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას უნდა აეღო, რაც ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება ბიოლოგიურ იარაღს, მის შექმნაზე ყველა ის ქვეყანა მუშაობს, ვისაც ამის ფინანსური რესურსები აქვს. პარალელურად, მუშაობენ ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის საშუალებებზეც. ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც. რამდენად სრულყოფილი და საიმედოა ამ პროცესების მართვა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საზოგადოების უსაფრთხოება. რომელიმე სახელმწიფოს მიერ წინასწარგანზრახვით ვირუსის გავრცელება არარეალური მგონია. ვფიქრობ, საქმე უფრო შემთხვევითობასთან გვაქვს”, - მიიჩნევს ბესიკ ალადაშვილი და შეკითხვაზე - “ეს ნიშნავს, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან “გამოიქცა”? - პასუხობს:

 

“დიდი ალბათობით მათ შეცდომა მოუვიდათ. მისი დამალვა კი ემსახურებოდა მსოფლიოს საზოგადოებრიობის უარყოფით რეაქციას, რაც მაინც გარდაუვალი შეიქნა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თავად ჩინეთის ხელისუფლებამაც ვერ გათვალა შედეგი. ის დაძაბულობა, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკასა და ჩინეთს შორის დაიწყო, ამ ბოლოს დროს უფრო გამწვავდა. ახლახან აშშ-ის სპეცსამსასურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვირუსი ხელოვნურად არ არის წარმოქმნილი, მაგრამ მის წარმოშობასა და გავრცელების გზების გამოკვლევას განაგრძობენ, რაც ჩინეთის ხელისუფლების გამო არ არის ადვილი”.

წაკითხვა 470 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.