საქართველოში ახალი ფაზა დაიწყო - ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი

“ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველოში კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც, მედიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეპიდემიის პიკის გადავლის მანიშნებელია.

თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დამარცხებულად გამოცხადდება. უკვე მე-9 დღეა, ყოველდღიურ სტატისტიკაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობას უსწრებს. კლების ტენდენცია 2 მაისს დაიწყო და მე-9 დღეა გრძელდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა პრაქტიკულად გაუთანაბრდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ინფიცირებულთა რაოდენობას. 10 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, მკურნალობას კი აგრძელებს 312. ინფექციონისტთა ნაწილი ეპიდემიის დასრულების ფაზაზე საუბრობს და თვლის, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, სადაც კლების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. დაახლოებით ერთ თვეში სიტუაცია შეიძლება იმდენად გამოსწორდეს, რომ საბოლოოდ, საქართველო კოვიდ-19-ზე გამარჯვებულად გამოცხადდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოში ახალი ფაზა დაიწყო - ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი.

 

“თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გამოსწორება სწორი მართვის შედეგია, რაშიც ასევე დიდი წვლილი საზოგადოებასაც მიუძღვის და გაცემული რეკომენდაციების დაცვის ფონზე, მდგომარეობა უფრო მეტად გამოსწორდება. “ეს მაჩვენებელი სწორი მართვის შედეგია, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე სამედიცინო კუთხითაც. რაოდენობრივი შემცირება - ეს გახლავთ სწორი მართვის მაჩვენებელი, რაც მოსახლეობის დამსახურებაცაა, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შესრულდა. ახლა მთავარია, როდესაც შემცირდება გატარებული ღონისძიებები, ამ პერიოდში არ მოხდეს გავრცელება. მნიშნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რაც იქნება გაცემული. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ აღარ იქნება დრამატული ზრდა... ჯერჯერობით დასრულებულად ვერ გამოცხადდება, რადგან ერთეული მატება ჯერ კიდევ არის”, - თქვა ენდელაძემ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ივნისის დასაწყისისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეპიდვითარება გვექნება, ხოლო ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ შიდა გადაცემის ერთგვარი ჯაჭვი გაწყდა და სწორედ ამიტომ შეინიშნება დადებითი დინამიკაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თუ ასე გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი გადავლილია და ნელ-ნელა ახალი შემთხვევების კლება დაიწყება, ისევე, როგორც ეს დაწყებულია სხვა ქვეყნებში - დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რომ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამიტომ შინაგანი შეზღუდვები ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ - ჰიგიენური ნორმები და ფიზიკური დისტანცირება უნდა დაიცვან. სრულფასოვნად დასრულებულის გამოცხადება რთულია, მაგრამ თუ ასეთი ტენდენცია და დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის ბევრად უკეთესი მდგომაროება გვექნება. შეიძლება იყოს ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ საფრთხე იქნება ძალიან მცირე. შეიძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის ეს ტალღა დასრულებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“ეს იმის მაჩვენებელია, რომ შიდა ჯაჭვები გაწყდა უკვე. ამაზე მოქმედებს ასევე ის, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბება არ ხდება, აღარ შემოდის გარედან ვირუსი. სწორედ აქედან მომდინარეობს ის განცხადებები, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსი პრაქტიკულად დავამარცხეთ. საბოლოო დამარცხება მაშინ გამოცხადდება, როდესაც აღარ იქნება ინფიცირებული, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვირუსის გეომეტრიული პროგრესით გავრცელების საშიშროება”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

წაკითხვა 327 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.