March 29, 2024

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებას წერილობით უპასუხა, რომელმაც, სომხური სააგენტოების ცნობით, ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკის სიზუსტის თაობაზე.

თენგიზ ცერცვაძის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ა.წ. 22 მაისს, საღამოს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა არსენ ტოროსიანმა გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, რიგი არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. კერძოდ, მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში COVID - 19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორე და გააკეთა დასკვნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია?! კერძოდ მან სიტყვა-სიტყვით სთქვა - „საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“?! - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

 

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID-19-ის 723 დადასტურებული შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 5928 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 74 გარდაიცვალა.

 

ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

 

რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

 

რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, განვმარტავთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

 

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით (სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

 

საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

 

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადეკვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

 

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

 

ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში“ - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

 

ტიროსიანის განცხადებას ასევე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

 

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და სტატისტიკაში ასახვა არ ხდება.

 

„როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ - განაცხადა მინისტრმა.

 

საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინ-შეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა: მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში ფაქტობრივად არ იყენებენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება საქართველოში იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული არ ჰქონდათ.

 

Arminfo-ს ცნობით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის მეთოდოლოგიის განსხვავებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია:

 

„საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

Arminfo-ს თანახმად, არსენ ტოროსიანი დაინტერესდა იმითაც, შეძლებენ თუ არა საქართველო და სხვა ქვეყნები Covod-19-ის გავრცელების არსებული მონაცემების შენარჩუნებას ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ.

 

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6302 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2936, გარდაცვლილია - 77.

 

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 728 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 509, გარდაცვლილია - 12.

წაკითხვა 385 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.