March 29, 2024

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. გიორგი გახარიას თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო ვირუსის გავრცელების რისკები შემცირებულია.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ მოუწევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება.

 

გარდა ამისა, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ.

 

ამასთან, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" გააკეთა, ასევე განმარტებები გაკეთდა, დედაქალაქის მერიაში. როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 100%-ით დატვირთვა არ იგეგმება, თუმცა, ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმების თვალსაზრისით, იქნება იგივე. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ავტოპარკი სრულად გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადამიანების რაოდენობასა და პირბადეების მოხმარებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

 

ავტობუსებში, ამ ეტაპზე, მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. როგორც სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტობუსებში მონიტორინგს კონდუქტორები, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ. შარკოვმა ასევე განმარტა, რომ სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა ნაკადს დააკვირდება და მოთხოვნის შესაბამისად, ტრანსპორტის მაქსიმალურ რაოდენობას გამოიყვანს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მოქალაქეებს მოუწოდა, არ ავიდნენ გადატვირთულ ტრანსპორტში და მოკლე მანძილზე ფეხით იარონ, რათა ტრანსპორტით სარგებლობა იმ ადამიანებმა შეძლონ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრნასპორტის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

 

გასულ ღამეს, მომსახურების აღდგენამდე მუნიციპალურ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა.

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას 8 ივნისიდან დაიწყებს.

წაკითხვა 294 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 29 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.