April 25, 2024

“პანდემიური ომები” დაიწყო - საიდან ელის საფრთხე საქართველოს

“კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა” - ასე აფასებენ ექსპერტები “რეზონანსთან” კორონავირუსის პერიოდში მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობასა თუ გამწვავებას.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კონფლიქტი, რომელიც კორონავირუსის ფონზე გამწვავდა, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირებაა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მიმდინარეობს - მხარეები არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პანდემიამ ქვეყნებს შორის დაწყებული კონფლიქტები არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ მთელს მსოფლიოში რამდენიმე ახალი კონფლიქტიც კი წარმოშვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პანდემიური ომები” დაიწყო - საიდან ელის საფრთხე საქართველოს / ”კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა”.

 

“პანდემიის ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, კორონავირუსმა არათუ ესკალაციის მოყინა, არამედ მთელს მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტიც წარმოშვა. მაგალითად, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის სავარაუდო ომის რეალური საფრთხეა, ასევე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა სირიაშიც, რუსულ-თურქულ კონვოიზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა და იქ უკვე სერიოზული სამხედრო შეტაკებები ხდება. სიტუაციის ესკალაციაა დონბასის კონფლიქტის ზონაშიც, ადგილობრივ სეპარატისტებსა და უკრაინის შეიარარებულ ძალებს შორისაც ხორციელდება. საქართველოში ოკუპაციამაც ახალი სახე მიიღო, იმ კუთხით, რომ ჩვენი მოქალაქეების გატაცება ძალიან მაღალი ინტენსივობით ხორციელდება, რაც არანაკლებ ცუდი პროცესია, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციის განხორციელება. ბოლოს კი ისეთ დონეზე მივიდნენ, რომ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებმა ამერიკელების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომი გამართეს. როდესაც ჩვენი მოქალაქე დაიჭირეს და დააბრალეს, რომ ღამურების დაჭერა ამერიკის სპეცსამსახურებმა დაავალეს. ეს უკვე კომიკურიც აღარაა, ეს პიროვნება ღამურებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ ნახავდა თუ რა? ამ დონეზე მივიდნენ, რომ რუსები და მათი ცხინვალის მარიონეტები უკვე ამერიკელების წინააღმდეგ წავიდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამას დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სპეციფიკა აქვს მინიჭებული. საერთო ჯამში, ამ ორ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ორივე სახელმწიფო ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო, კიბერ-ომის აბსოლუტურად ყველა საშუალებას და ელემენტს იყენებს, შეზღუდული სამხედრო შეტაკებებიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იმედია ჰიბრიდული ომი ფართომასშტაბიან კონვენციურ ომში არ გადავა ლოკაციურ ომის სახით და შემდგომში რეგიონალური ომის სახეს არ მიიღებს. ანალოგიური ტიპის ჰიბრიდული ომი პანდემიის ეპიცენტრის ინდოეთისა და ჩინეთს შორისაც მიმდინარეობს, სიტუაცია ავღანეთშიც დაიძაბა, მე ადრე აღვნიშნე, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ფსიქოლოგიური ტალღის ამოხეთქვა საკმაოდ ცუდ როლს ითამაშებს მეთქი და სამწუხაროდ, კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა”, - დაასკვნის მაისაია.

 

“კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან”აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე საქართველოში კონფლიქტი არ გამწვავდება, რადგან ქართული მხარის მიერ ამ მხრივ არანაირი მობილიზაცია არ შეინიშნება. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს (კონფლიქტის გამწვავება) გამორიცხულია იმიტომ, რომ საქართველოში სიტუაციას კარგად ვფლობთ და ჩანს, რომ ქართული მხარე მობილიზაციურ მოქმედებებს არანაირად არ ახდენს, როგორიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს 2005,2006, 2007 წლებში ჩანდა. ახლა არც ბიუჯეტი, არც შეიარაღების შესყიდვები, არც არმიის გაზრდა-შემცირების არანაირი ფორმები, არანაირ ნიშანს იძლევა იმისას, რომ შესაძლოა საქათველოს ტერიტორიაზე რაღაც ფორმით, მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიანი შეარაღებული დაპირისპირება განხორციელდეს”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “თუმცა გარკვეული ინციდენტები სახეზეა, როცა სოფელ წნელისთან ინიცირებული იყო საგუშაგოების დადგმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მაშინ მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ, სამწუხაროდ ეს ინიციატივები ერგნეთის შეხვედრებზე განხილული არ იყო, მას შემდეგ ეს დაძაბულობა არსებობს, ამან შემდეგ ახალგორის ჩაკეტვა გამოიწვია, შემდეგ პანდემია დაემატა, ადამიანები გამოიკეტნენ ვერ გადმოდიან და ამას რამდენიმე ადამიანის სიკვდილიც კი მოჰყვა, რომ მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა დროზე ვერ მოხდა. მე არ მგონია, რომ ეს ტემპერატურა, რომელიც აწეულია და რომელიც კარგი არაა, უფრო მეტად აიწიოს. რაც შეეხება ყარაბაღს, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს დაგეგმილი და წინასწარ განზრახული ინციდენტი არ იყო, ეს აშკარად სპონტანური იყო, მხარეები ცდილობენ, რომ ამ ინციდენტიდან ისე გამოვიდნენ, რომ თავიანთი სახე არ დაკარგონ, ანუ არც ერთმა მხარემ არ მოინდომა ესკალაცია გაეგრძელებინა და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაეყვანათ”, - განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ეს სიტუაცია სპონტანურად დარჩა და ამ ეპიზოდმა ყველას საშუალება მისცა დაენახა, თუ რომელი გეოპოლიტიკური მოთამაშე როგორ მოქმედებს და სამწუხაროდ ვნახეთ, რომ აშშ და ევროკავშირი მხოლოდ სწორი და სამშვიდობო განცხადებებით შემოიფარგლნენ, მაშინ როცა თურქეთმა და რუსეთმა პოზიციები კიდევ უფრო მკაფიოდ გაიმყარეს. რუსეთი შეეცადა, რომ დამბალანსებელი ნეიტრალური ყოფილიყო, თურქეთი კი აზერბაიჯანს მკაფიოდ და ცალსახად ზურგში ამოუდგა იმ გათვლით, რომ რუსეთს ვალდებულებები აქვს, რომ სომხეთს დაეხმაროს და შესაბამისად სიტუაცია გაათანაბრა. მგონია, რომ თურქეთმა ამით სიტუაცია დააბალანსა და ამით სიტუაცია სიწყნარისკენ მიდის და მაქსიმუმ შესაძლოა ერთ კვირაშიც კი ჩვენ ვიხილავთ, რომ რუსეთი ამ ესკალაციის და ეპიზოდის ჩაქრობას მოახერხებს, ჩანს რომ სიტუაცია სიღრმისკენ არ მიდის, თუმცა ამან შესაძლოა გარკვეულწილად დაპირისპირება უკვე ყარაბაღის მიმართულებით გამოიწვიოს”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

 

“ჩემი აზრით პანდემიამ კონფლიქტების მოგვარებას ზოგადად ხელი ვერ შეუწყო, აფხაზეთში გარკვეული ცვლილებები მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება შეიცვალა, მოსულმა ე.წ. ხელისუფლებამ საქართველოსთან ურთიერთობაზე გარკვეული მოლოდინები გააჩინა, ბჟანიამ არაერთხელ გააჟღერა, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგი არაა. სამწუხაროდ ქართული მხარე ამაზე არანაირად არ რეაგირებს, ამას დაემთხვა ისიც, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით მინისტრი არ გვყავს, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ თეთრ ლაქას და ვაკუუმს ქმნის იმიტომ, რომ მაშინ ჩვენგან რადგან მინისტრი არ გვყავს აფხაზურ მხარესთან უნდა გავიდეს, ან პრემიერ-მინისტრი, ან ამ დონის წამყვანი ფიგურა, მაგრამ ახლა მათ ამისთვის არ სცხელათ, მათი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამ ფონზე კი ბუნებრივია აფხაზეთთან ურთიერთობებმა შიდა კონტექსტში შესაძლოა მდგომარეობა კიდევ დაძაბოს და ოპოზიციას კრიტიკის შანსი მისცენ, ამიტომ მგონია, რომ სამწუხაროდ არჩევნებამდე სამშვიდობო პროცესის მიმართულებით რაღაც ძვრებს არ ველოდები”, - დასძენს შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

წაკითხვა 313 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.