ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევას

27 ივლისს გაეროს განვითარების პროგრამა იწვევს მედიას რეგიონალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად.

ტურის მიზანია, გააცნოს მედიას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივები, რაც მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. ინიციატივების მიზანია, საქართველოს 4 რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო -ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას, დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შეექმნას.

 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარია და ავსტრია მხარში უდგანან საქართველოს რეგიონების მოსახლეობას.

 

საქართველოს რამდენიმე რეგიონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის აღდგენას იწყებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებას. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განაგრძობს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესთან და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას საქართველოს ოთხ რეგიონში. ადგილობრივი ეკონომიკური პროექტების მიზანია ხელმისაწვდომი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დასაქმების გაზრდა და ადგილობრივი განვითარების წახალისება.

 

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს უფრო ფართო პროგრამის ნაწილს, რომელიც ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ განვითარებასა და კარგ მმართველობას ემსახურება და UNDP-ის მიერ შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

28-30 ივლისს, UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ავსტრიის ელჩი  საქართველოში არად ბენკო და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ბექა თაგაური და სოფიო სვანაძე ეწვევიან ონის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

 

2019 წელს, UNDP-ის ინიციატივითა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, საქართველოს ოთხ რეგიონში - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, დაიწყო დაფინანსების პროგრამები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ორივე პროგრამა, რომელთა მთლიანი ბიუჯეტი 640,000 აშშ დოლარს აღწევს, მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

 

ადგილობრივ საჭიროებებზე დაყრდნობით, UNDP-მ შემოიღო დაფინანსების ახალი მოდალობა, რომელიც მუნიციპალიტეტების პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. შედეგად, ცაგერის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა ჯამში მიიღეს 250,000 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებას, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებას მოხმარდება.

 

დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

 

კამპანიის მიზანია:

მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა;

ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური განვითარების და კარგი მმართველობის ხელშეწყობა.

 

კამპანია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ორი უმსხვილესი პროექტის ფარგლებში: „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა 2“ (FRLD2) და „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა“ (DGG). პირველი პროექტის ინიციატივით 2019 წელს გაიცა მცირე გრანტები სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და ამოქმედდა ფინანსური მხარდაჭერის  პროგრამა უშუალოდ მუნიციპალიტეტებისთვის.  დაფინანსების ორივე სქემის მიზანია, შექმნას რეგიონებისთვის დასაქმების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. პროექტი ფარავს 4 რეგიონს: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი.

 

მეორე პროექტი ქვემო ქართლის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში  სამოქალაქო ჩართულობას უწყობს ხელს. ორგანიზაციასთან „ორბელიანი“ თანამშრომლობით, პროექტი ახორციელებს სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთა მიზანია ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდების ჩართულობით.

წაკითხვა 393 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 25 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.