April 26, 2024

"არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ჩემი შვილი რას შეეწირა"

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და "სრულ ვაკუუმშია".
 
ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
 

როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ის გამორიცხავს შვილის თვითმკვლელობის ვერსიას.


"მე არავინ არ მიკავშირდება და არ მამცნობს გამოძიება რა მიმდინარეობით მიდის. არ ვიცი, რა ვიფიქრო უკვე, სრულიად განადგურებული ვარ და სრულიად ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა, ჩემი პატარა გოგო, რომელიც უწყინარი იყო და არავის არაფერს უშავებდა, ასე უღვთოდ მოეკლათ? მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, თამუნას უყვარდა სიცოცხლე. ამბიციური ბავშვი იყო და დიდი მიზნები ჰქონდა. არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, ვერსიასაც კი არ მეუბნებიან, რა ვერსია შეიძლება იყოს. სრულ ვაკუუმში ვარ. 21-ე საუკუნეში, ამდენი ხანი გავიდა და როგორ შეიძლება რამდენიმე ვერსიაზე მაინც არ მუშაობდეს პოლიცია. რატომ არ მიკავშირდებიან და არ მაყენებენ საქმის კურსში, ვერ ვიგებ, არ ვიცი. ვის სჭირდება ეს?",- აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

 

თეონა თამაზაშვილის თქმით, ის შვილის გარდაცვალებას უშუალოდ ბაჩალიაშვილის სამსახურს არ უკავშირებს.


"მე არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში ხდებოდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი იყო, რომ ვფიქრობ, მან ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე და ამიტომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. არ ვუკავშირებ უშუალოდ მის სამსახურს. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ჩემი შვილი რას შეეწირა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.


ამასთან, გარდაცვლილის დედის განცხადებით, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, მას ბაჩალიაშვილის უფროსი დაუკავშირდა.


"სანამ თამუნას ვეძებდით, მე უშუალოდ მისი უფროსი დამიკავშირდა, მარტო სახელი ვიცი, ეგეც თამუნასგან, რომ თამუკა ჰქვია და თვითონ მთხოვა ამ ამბავში ტელევიზია ჩამერთო და ტელეფონის ნომერიც კი გამომიგზავნა", - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.


მისივე თქმით, მას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მისი შვილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 
წაკითხვა 269 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 30 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.