ამ გვერდის ამობედვა

"იცით, რატომ ამბობთ ასე მარტივად უარს აცრაზე?" - ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის შესახებ წერს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციისა და მისი სიკეთეების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

 

ექიმი წერს, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც გეგმიურ აცრებზე უარს ამბობენ. ნანა გეგეჭორის თქმით, ადამიანები აცრებზე ასე მარტივად იმიტომ ამბობენ უარს, რომ მათთვის და მათი შვილების უსაფრთხო გარემოს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც აცრას იტარებენ. 

 

ნანა გეგეჭკორის თქმით, გვერდით ეფექტი და გართულება შესაძლოა ნებისმიერმა პრეპარატმა, მათ შორის ტკივილგამაყუჩებელმაც კი გამოიწვიოს, თუმცა ვაქცინაციასთან დაკაშვირებით გადაწყვეტილებას რისკისა და სარგებლის შედარებითი ანალიზის საფუძველზე იღებს და არჩევანს ვაქცინის სასარგებლოდ აკეთებს, რადგან სარგებელი ზიანს აღემატება. 

 

"სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ ვიცნობ რეალურ ადამიანებს ვინც შვილებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე ამბობს უარს. ამჟამად ზოგადად ვაქცინაციას ვგულისხმობ და არა კონკრეტულად რომელიმე დაავადების პრევენციას.

 

იცით რატომ ამბობთ ასე მშვიდად უარს აცრებზე? იმიტომ რომ ჩემი და ბევრი ჩემნაირის აცრილი შვილები ქმნიან უსაფრთხო გარემოს თქვენი შვილებისთვის.

 

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ყველა თქვენსავით უპასუხისმგებლოდ და ეგოიზმით რომ მივუდგეთ ამ საკითხს რა მოხდება. თქვენს ირგვლიც ვირუსული ენცეფალიტებით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, ტეტანუსით რომ იღუპებოდნენ ადამიანები იქნებოდა თქვენი "არ ავიცრები" ასეთი კატეგორიული?..

 

P.S. ბევრს სამწუხაროდ არ უნდა, არ შეუძლია, ან შეგნებულად არ გამოაქვს სწორი აზრი წაკითხულიდან, რათა შემდგომ მანიპულაციას ეცადოს. ამიტომ დავამატებ...

 

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი იძულების, იქნება ეს ვაქცინაცია, მოწევის აკრძალვა, თუ სხვა რამ. ადამიანს აქვს უფლება თვითონ იყოს თავის-უფალი და გადაწყვიტოს იყოს ჯანმრთელი თუ დაიზიანოს თავი მავნე ქმედებებით. ჩვენი, ექიმების ვალია პატიოსანი, კვლევებით გამყარებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. ავუხსნათ იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროა, რომ მათ კარგად გაითავისონ ამა თუ იმ მიდგომის რისკები და სარგებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ აიცრან თუ არა, იმკურნალონ თუ არა... უდიდესია მედიის და ინფლუენსერების როლიც. ყველას უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერ თემაზე ჩვენს წარმოდგენებს და ქმედებებს აქვს ძალიან მკაცრი საზღვარი და ის საზოგადოების უსაფრთხოებაზე გადის. თუ გვინდა ვისარგებლოთ საზოგადოების მიერ შექმნილი პროდუქტებით და ვიყოთ სოციალური არსება, პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ მის უსაფრთხოებაზე. ხშირად ეს პასუხისმგებლობა რისკიან გადაწყვეტილებებს მოიცავს, მაგრამ ესაა ფასი რაც ყველამ უნდა გადავიხადოთ.

 

ყოველ წელს ვცრი ჩემს შვილებს ინფლუენზაზე და მერე რამდენიმე დღე მშვიდად არ მძინავს. მე პირადად მიმკურნალია ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო აცრით გამოწვეული გილიან-ბარეთი გართულებული პაციენტებისთვის (ეს სიცოცხლისთის საშიში გართულებაა) და არა ერთხელ. ცხადია ყოველი აცრისას ეს არ მავიწყდება და ვიცი რომ ის უიშვიათესი შემთხვევა შეიძლება მე ან ჩემი საყვარელი ადამიანი აღმოჩნდებს, მაგრამ... მაგრამ, ამ დროს გადაწყვეტილებას რისკის და სარგებლის ანალიზით ვიღებ. მაღალი ალბათობით ჩემი შვილისნაირი ან ჩემინაირი ჯანმრთელი ადამიანი გრიპს მარტივად გადაიტანს, მაგრამ ასე ვერ იქნება ჩემი პატარას დიაბეტიანი კლასელისთვის, მისი მეგობრისთვის ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, ან მეტროში შემთხვევით მის გვერდით აღმოჩენილი პატარასთვის ვინც თანდაყოლილი იმუნოდეფიცით დაიბადა... მე მინდა ვიყო საზოგადოების ნაწილი, ვისარგებლო საზოგადოების ნიჭიერი წევრების მიერ შექმნილი iPone, MacBook, წამლებით, დიაგნოსტიკის და მკურნალობის უსაზღვრო ნაირფეროვნებით, ტელევიზორ-მანქანა-თვითმფრინავ--მაცივარ-შუქი-გაზით და ასე შემდეგ სიკეთეებით. და თუ მინდა ამ სიკეთეებით ვისარგებლო, პასუხისმგებლობაც მათთან ერთად უნდა გავინაწილო საზოგადოების ჯანმრთელობაზე. დიახ, ეს პასუხიმგბლობა ხშირად რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიბიძგებს, მაგრამ სხვა გზა ერთადერთია, საზოგადოებიდან იზოლაცია.

 

მე არ ვირჩევ იზოლაციას.

 

... და კიდევ, არ არსებობს უსაფრთხო მკურნალობის, დიაგნოსტიკის ან პრევენციის მეთოდი. ნებისმიერი უმარტივესი მედიკამენტიც კი (მაგალითად სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი) შეიცავს ანაფილაქტიური შოკის რისკს, სხვა გვერდით ეფექტებზე რომ არაფერი ვთქვა. მედიცინის საბაზისო პრინციპია რისკის და სარგებლის ანალიზი და აქედან გამომდინარე ვწყვეტთ რა მოუტანს სარგებელს კონკრეტულ პაციენტს.

 

განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ვთხოვ, ბევრი ესაუბრთ პაციენტებს რისკებზე. აუცილებლად მოუყევით ყველაზე საშიშ გართულებებზე, თუნდაც ასეთი ერთი იყოს არწერილი. მიეცით პაციენტს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, ოღონდ სწორად ინფორმირებულმა გადაწყვიტოს. მერწმუნეთ, ექიმს უმრაველს შემთხვევებში აქვს საკმარისი ძალა რომ პაციენტი სწორ გზაზე დააყენოს" - წერს ნანა გეგეჭკორი. 

წაკითხვა 538 ჯერ